April 30, 2024

იდეალურია დედა, რომელსაც შვილი უანგაროდ, მოლოდინებისა და რაიმე შედეგების მიღების გარეშე უყვარს - ელეონორა არჩაია

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედა - ეს  ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც მზად არის ყველაფერზე.

 

ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.

 

ამიტომ, დედის დღე - ეს არის კიდევ ერთი შანსი მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.  

 

FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს საკრებულოს წევრთან - ელეონორა არჩაიასთან, რომელიც, ვფიქრობთ, რომ გამორჩეული დედაა. 

 

- გაგვაცანით თქვენი თავი ...

- ვარ ქუთაისის საკრებულოს წევრი და ,,კახიანოურის’’ მაჟორიტარი-დეპუტატი. ვსწავლობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავდაპირველად დავამთავრე პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი, იურიდიული ფაკულტეტი. ცხოვრების დიდი ნაწილი დავუთმე ბიზნეს საქმიანობას მეუღლესთან ერთად და ასევე ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში. მყავს დიდი ოჯახი - მეუღლე, ხუთი შვილი და 2 შვილიშვილი.

 

- როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?

- წარმატება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად აღიქმება. წარმატება ჩემთვის პირველ რიგში ოჯახია. როდესაც ოჯახში შენს მოვალეობებს თავს სრულად ართმევ, ეს უკვე წარმატებაა. ამ წარმატებას დიდი მოთმინება, შრომისმოყვარეობა და ბრძოლის უნარიანობა სჭირდება. კიდევ უფრო მეტ შრომასთანაა დაკავშირებული. დრო და ყურადღება თანაბრად უნდა გადანაწილდეს ოჯახზეც და საქმეზეც. დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელიც ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ნებდება და აღწევს ამ წარმატებას.

 

156150950 211170464067472 460584181487743012 n

 

- როგორ მოხვდით პოლიტიკაში და როგორია ქალის როლი ამ სფეროში?

- პოლიტიკაში შემიძლია ვთქვა, რომ მოვხვდი შემთხვევით. ქუთაისში ხანგრძლივი ბიზნეს საქმიანობის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება, რომ იმ უბანში, სადაც მე დღეს ვცხოვრობ, კენჭი მეყარა მაჟორიტარ-დეპუტატად. თავდაპირველად, ეს შეთავაზება სერიოზულად არც მიმიღია და არც განმიხილავს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ შანსის გამოყენება უბნის და ქალაქის სასარგებლოდ შემეძლო. ვფიქრობ, რომ ქალის როლი პოლიტიკაში დიდია. ქალი, თავისი ინსტიქტებით პოლიტიკას უყურებს, როგორც საკუთარ ცხოვრებას. მაგალითისთვის, პოლიტიკური კარიერის დასაწყისში განსაკუთრებით მაწუხებდა ჩემი მოქალაქეების შვილების განათლებისა და სპორტული აქტივობების საკითხი, რადგან პარალელს ჩემს შვილებთან ვავლებდი და მსურდა, მათაც კარგი განათლება მიეღოთ და სხვადასხვა სპორტის სახეობით დაკავებულიყვნენ.

 

- როგორი დედა ხართ?

- არ ვიცი როგორი დედა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ვარ 5 დამოუკიდებლად მოაზროვნე შვილის დედა. ვფიქრობ, შვილებს მივეცი მთავარი, ფიქრისა და აზროვნების უნარი, ასევე არჩევანის უფლება, რამაც საბოლოოდ ისინი მიიყვანა თავისუფლებასთან. ისინი თავად აკეთებენ არჩევანს, თუ როგორი ადამიანები იყვნენ. როგორ შეებრძოლონ სირთულეებს და რა გზა აირჩიონ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის გადასალახად.

 

- როგორ უთავსებთ სამსახურსა და დედობას ერთმანეთს?

- სამსახური და დედობა ჩემთვის შედარებით მარტივი იყო, როდესაც ჩემი შვილები არასრულწლოვნები იყვნენ. ვცდილობდი ისინი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული წრეებით დაკავებულიყვნენ, ესწავლათ უცხო ენები და მიეღოთ ზოგადი განათლება. მათი დროის სწორი განაწილებით, შევძელი საკუთარი საქმეც მქონოდა, დავხმარებოდი ჩემს მეუღლეს ბიზნეს საქმიანობაში და ამასთან ერთად მემუშავა საჯარო სექტორშიც. დედობა და პოლიტიკური საქმიანობა ერთად, ახლა უფრო რთულია ჩემთვის, რადგან ჩემი შვილების თაობა დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და მათი შეხედულებებიც ხშირად არ ემთხვევა ჩემსას. ისინი ძალიან მკაცრად აფასებენ ჩემს საქმიანობას, არიან მომთხოვნები და ხშირად შენიშვნებსაც ვიღებ, ქვეყანაში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენის გამო. ვცდილობ, ადამიანების დახმარებით ღირსეულად ვატარო ჩემი სტატუსი, არცერთი მოქალაქე ჩემგან უარით არ წასულა და არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ჩამიგდია, რომელთა მოთხოვნაც ჩემს მოქალაქეებს ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილებისთვის ეს საკმარისი არ არის. ისინი სხვა ღირებულებებით ცხოვრობენ და სამშობლოსგანაც მეტს მოითხოვენ, რადგან სურთ თავისუფალ, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ.

 

156254900 3667725223346122 8221334055599514138 n

 

- თქვენი აზრით რა არის იმისთვის საჭირო რომ კარგი დედა იყო? თქვენეული იდეალური დედა როგორია?

- იდეალური დედა არის დედა, რომელსაც შვილი უყვარს უანგაროდ, მოლოდინებისა და სამომავლოდ რაიმე შედეგების მიღების გარეშე. ჩემი რჩევა არის, შვილებს არ ვუყუროთ ისე, როგორც თქვენს საკუთრებებს. ისინი არიან ინდივიდები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ცხოვრება და ჩვენ მხოლოდ უნდა ვეცადოთ ზრდასრულ ასაკამდე მივცეთ ის მაქსიმუმი, რითიც შეძლებენ ჩვენგან დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას.

 

- რას ურჩევდით დედებს, რომლებსაც სურთ, რომ კარიერა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსონ?

- როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მშობლებს ვურჩევ შვილები ყოველდღიურად დაასაქმონ მათი ინტერესებით, სპორტული აქტივობებით, ხელოვნებით, ენების შესწავლით, რაც საშუალებას მისცემს დედებს საკუთარი თავის განვითარებისთვის გამონახონ დრო, იმუშაონ და შექმნან საკუთარი კარიერა.

 

FirstNews.ge გილოცავთ დედის დღეს!

წაკითხვა 1613 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 03 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.