April 30, 2024

„ივანიშვილს სურდა გახარიასთვის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა“

გუშინ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება გააჟღერა. მიზეზად, ნიკა მელიას  დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

 

"სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის,“- აღნიშნა გახარიამ.

 

საღამოს კი მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. "ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

 

თავად ღარიბაშვილმა კი ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

 

რამდენად სწორი ნაბიჯი იყო გახარიას გადადგომა და როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები - ამის შესახებ FirstNews.ge-ს "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა.

 

- გახარიას წასვლა მხოლოდ თაიმინგის ნაწილში იყო მოულოდნელი. თითქმის ყველამ იცოდა, რომ ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი თანამდებობიდან გაშვება. იყო მოლოდინი, რომ ოლიგარქი პრემიერს მარტის თვეში გამოცვლიდა. გადადგომით, გახარიამ დაასწრო ოლიგარქს და საკუთარი თავისთვის ყველაზე მომგებიან მომენტში წავიდა. ამასთანავე, მან განაცხადა, რომ არ ემხრობა პოლიტიკურ ესკალაციას და გაახსენა საზოგადოებას, რომ სინამდვილეში 20 ივნისის ბრძანების გამცემი და ჯალათი სხვა, კერძოდ, უშუალოდ ივანიშვილი იყო. თავისი წასვლით, გახარიამ ძალაუნებურად გააშიშვლა ოცნების დარჩენილი, მე ვიტყოდი, ტრაგი-კომიკური „ლიდერების“ ჯგუფი, რომლებმაც საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ყველაზე ოდიოზური, ყველაზე მარგინალურ-რადიკალური, მაგრამ ამასთანავე, ივანიშვილების ოჯახთან ყველაზე დაახლოებული ადამიანი დაასახელა პრემიერობის კანდიდატად.

ალბათ საინტერესოა, თუ რატომ წავიდა გახარია მაინცდამაინც ახლა. როგორც 20 ივნისზე პასუხისმგებლობა შეახოცეს გახარიას, ისევე უნდოდა ივანიშვილს მისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებაზე და მხოლოდ ამის მერე გაეშვა თანამდებობიდან. კულუარულად ყველამ იცოდა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის დაჭერას არავინ აპირებდა (გნებავთ, „ვერ გაბედავდნენ“). ამას თავად ენმ-ს თავმჯდომარე აცხადებდა 2 დღით ადრე, როცა თქვა, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, თავად „ოცნება“ დაავალებდა სასამართლოს პატიმრობის არ-შეფარდებას. ეს ინფორმაცია ჰქონდათ ჟურნალისტებსაც და, ცხადია, გახარიასაც. ანუ უნდა დადგმულიყო ერთდროულად ორი შოუ - ერთის მხრივ, ხელისუფლების პრინციპულობა და, მეორე მხრივ - ქვეყანაში მოზეიმე დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამართლო. თუმცა, როგორც ივანიშვილს სჩვევია, მან ყველა გადააგდო. დაახლოებით ასევე იყო მაშინ, როცა ჯერ პროპორციული არჩევნები აპრავებინა მაშინდელ ახალ სახეებს და შემდეგ თავადვე ჩააგდო ეს ინიციატივა ოქრიაშვილების და ბერაიების ხელით, რასაც ჩუგოშვილების და სხვათა წასვლა მოყვა. ამ შემთხვევაში, მელიას საქმეზე გადაგდებას გახარია გადაყვა. მან აღარ „შეიტენა“ პოლიტიკური ოპონენტის დაჭერის ეს პასუხისმგელობა და გაეცალა, რამაც შესაძლოა ძალიან საინტერესო პროცესებს დაუდოს სათავე.

- როგორ განვითარდება მოვლენები  - მოსალოდნელია თუ არა ვადამდელი არჩევნები?

- ძნელი სათქმელია. მოცემულობა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ნებისმიერი პროგნოზი რამდენიმე დღეში კარგავს აქტუალობას. სულ რაღაც კვირის წინ „ოცნებას“ თავი ქუდში ჰქონდა და არაფერი მოასწავებდა იმ შიდა გაურკვევლობას, რომელშიც მმართველი პარტია დღეს აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ „ოცნებას“ სრულიად დალაგებული ჰქონდა ელჩებთან ურთიერთობა, ოპოზიციური პარტიები იშლებოდნენ, ხოლო პოლიტიკური პროცესები კვდომისკენ მიდიოდა. ამ ერთ კვირაში “ოცნებამ”  მოახერხა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეძაბა ვითარება და  როგორც დავით ზურაბიშვილმა განაცხადა გუშინდელ ეთერში, მაქსიმალურად გაეგმირებინა თავისი პოლიტიკური ოპონენტი. ამიტომ, ყველაფერი სიტუაციურად ვითარდება. ვადამდელი არჩევნების ბედიც დამოკიდებულია შემდგომ რამდენიმე თვეზე და ოპოზიციის მოქმედებებზე.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ერთობა მყიფე და სიტუაციურია. იქ არის ბევრი მომაკვდავი ან უკვე გარდაცვლილი პოლიტიკური ფიგურა (ყველა პარტიიდან), რომელიც ახლა და ამ პროცესში ხედავს პოლიტიკურად გაცოცხლების შანსს. ამ ფიგურებს ელექტორალური წონა პრაქტიკულად არ გააჩნიათ, მაგრამ ჭარბად აქვთ ისევ წინა პლანზე დაბრუნების სურვილი. მათი ბიოგრაფიები და ღირებულებები რადიკალურად განსხვავებულია. როდემდე შენარჩუნდება ეს ფორმატი და როგორ სახეს მიიღებს ვადამდელი არჩევნების შეთხვევაში, ამ ეტაპზე შეუძლებელი დასანახია.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ოპოზიცია? რა გეგმები აქვთ? 

- ამ კითხვას ორ ნაწილად გავყოფდი. არის ოპოზიცია - ელექტორატი და არის ოპოზიცია - პოლიტიკური კლასი. პირველი საღია და მყარი. აი, მეორე კი მუდმივად მერყევი და ცვალებადია. მაგრამ ამის ხელოვნურად შეცვლა არ გამოვა. პოლიტიკური კლასიც ბუნებრივად და ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური კლასის გეგმებს, ალბათ დამეთანხმებით, რომ მათ გამოკვეთილი გეგმა არ გააჩნიათ. ოპოზიციის ერთადერთი „გეგმაა“შეცდომები დააშვებინოს ხელისუფლებას და შემდეგ კაპიტალიზდეს ამ შეცდომებზე, რაც ხან კარგად გამოსდის, ხან - არა. არსებული პოლარიზაციის პირობებში, ამგვარი „გეგმა“ სავსებით საკმარისია პოლიტიკურ ფერხულში როლის შესანარჩუნებლად. თუმცა, თუ ივანიშვილის დამარცხებაზეა საუბარი, მაშინ გაცილებით მეტი იქნება საჭირო. თუმცა, დაველოდოთ - სიტუაცია სწრაფად იცვლება.

წაკითხვა 2009 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 19 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.