მაისი 11 2022 წაკითხვა 342 ჯერ

გუშინ, “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის დავალებით,  ისეთ აბსურდულ მოსაზრებებს ავრცელებდა, რომ წესიერად  ვერავინ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდათ და  რა მიზანი ამოძრავებდათ.  შევეცდები, როგორ იტყვიან, “დაღეჭილად” ავხსნა, თუ  რას ემსახურებოდა მათ მიერ აგებული მეტად სულელური იდეური კონსტრუქცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წერს.

 

მისივე თქმით,  მიზანი ორი კურდღლის დაჭერა იყო: ერთი ფინანსური- შვეიცარიის ბანკში  გაყინული ივანიშვილის ფულის “გამოხსნა”  და მეორე პოლიტიკური-“ომის მოსურნეების”(ოპოზიცია, უკრაინა, ევროპა-ამერიკა) მხილება და რუსეთისათვის პირობის მიცემა-ივანიშვილი ის კაცი არაა, ფულის( 500 მილიონი დოლარის) უკან დასაბრუნებლად ომი დაიწყოსო. 

 

"ვერ ეღირსება “ომის პარტია”( ფართო გაგებით), ამასო, განაცხადა ივანიშვილის გამხმოვანებელმა კობახიძემ გუშინ პარლამენტში. 

 

სად ომი და სად შვეიცარიაში გაყინული ფულიო, გაიფიქრებთ ალბათ.  ასეთი აბსურდული რამ რომ მოიფიქრო, ხალხი იმდენად ბრიყვი უნდა გეგონოს, რომ ამას დაიჯერებს, ან თავად უნდა იყო ბრიყვი. 

 

დავიწყოთ თავიდან. 

 

ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ  გაავრცელა განცხადება, რომ ივანიშვილს ჩაგრავენ, რომ  ჩაგვრის მიზანი არის პოლიტიკური. სწორედ  ეს მოსაზრება განავრცო მეორე დღეს “ქართულმა ოცნებამ”. 

 

რაში გამოიხატება ივანიშვილისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულება? იმაში, რომ შვეიცარიული ბანკი არ აძლევს კუთვნილ ფულს. რატომ უნდა მისცეს? იმიტომ, რომ ეკუთვნის-სასამართლომ დაავალდებულა ბანკი, რომ დაუბრუნოს. წლების განმავლობაში ედავებოდა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს, რომ მისმა თაღლითმა თანამშრომელმა ასეულ მილიონობით დოლარი გაუნიავა( მოიპარა), სამართლიანად მოიგო მრავალწლიანი დავა, ამიტომ თავისი ჯარიმებიანად 500 მილიონი დოლარი უნდა დაებრუნებინა ბანკს. 

 

ივანიშვილს უნდა ამ ავადსახსენებელ ბანკს დაეხსნას და აძლევს დავალებას, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულის ნაწილი სხვა ბანკში გადარიცხოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს დავალება მომენტალურად იქნას შესრულებული, ბანკი აჯანჯლებს პროცესს. ბოლოს, ერთი თვის დაგვიანებით, ამას მაინც აკეთებს. ივანიშვილი აძლევს მეორე დავალებას დარჩენილი ფულის გადასარიცხად. გადის ერთი თვე და ბანკი ისევ ითრევს ფეხს. ეს ის დროა, როცა დასავლეთმა რუს ოლიგარქებს  სანქციები დაუწესა. ბანკი ეუბნება კლიენტს, რომ რაღაც ეჭვები არსებობს. რადგან ოლიგარქების ფულის გადარიცხვა აკრძალულია, ხომ არ ეხება ეს სანქცია მასაც? ეს პასუხობს, რუსეთის მოქალაქე არა ვარ, საქართველოს და საფრანგეთის პასპორტები მაქვსო. ბანკი ალბათ ეუბნება, რომ რუსი ოლიგარქობა შესაძლოა მხოლოდ პასპორტის წარმომავლობით კი არ განისაზღვრებოდეს, არამედ ფულის წარმომავლობითაცო. მოკლედ, ბანკი ყველა ხერხს ხმარობს, რომ ფულის დაბრუნება შეაფერხოს-ვინ იცის და მართლაც მოჰყვეს ეს ჩემი კლიენტი სანქციების ქვეშო. 

 

კლიენტი ღელავს, ეჭვებში ვარდება, ხომ არ ურევია ამ ამბავში მტრების ხელიო. არც მეტი და არც ნაკლები, ამ მტრებში მოიაზრებს ამერიკას, უკრაინას და ყოვლისშემძლე ოპოზიციას.

 

მტრების ამბავი გასაგებია. ახლა ომის ამბავიც ავხსნათ.

 

ივანიშვილ-კობახიძის აზრით, ვიღაცებს უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ამიტომ ზემოქმედებენ შვეიცარიულ ბანკზე. ის უყინავს ანგარიშებს.   მიხვდება რა ამას, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, რომ დაამტკიცოს, რომ არ არის რუსი ოლიგარქი. უმტკიცებს რა  დასავლეთს ერთგულებას, დასავლეთიც ავალებს შვეიცარიულ ბანკს, რომ დაუბრუნოს ფული. მაგრამ არა, ეს ზღაპარი ამ სცენარით არ განვითარდება. არ დაბრუნდება ივანიშვილი, არ დაიწყება ომს, არ ჩააგდებს რაღაც 500 მილიონი დოლარისათვის განსაცდელში ქვეყანას. ათი ამდენი ისედაც აქვს და 500 მილიონი რა მოსატანია?

 

აი, ასეთი იყო ეს “როკ-ოპერა”

 

ვინმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ამას?

 

გაგრძელება მალე იქნება. ივანიშვილი თავად აპირებს ახალი განცხადების გაკეთებას.       

 

მე კი ერთი კითხვა სერიოზულად დამებადა: შვეიცარიული ბანკი თავისთვის ჩალიჩობს, რომ ფული შეინარჩუნოს თუ მართლა აქვს მითითება “ზემოდან”,  რომ “საკითხის გარკვევამდე” ივანიშვილის ფულები გაყინოს?  ამაზე სწორი პასუხი მართლაც ძალიან, ძალიან განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება. 

 

როგორც იტყვიან, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- წერს რომან გოცირიძე. 

მაისი 10 2022 წაკითხვა 325 ჯერ

მოკლედ ასე, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომ საქართველომ კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ვადა ანუ წლები უნდა მოიცადოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს.

მაისი 09 2022 წაკითხვა 503 ჯერ

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

მაისი 09 2022 წაკითხვა 267 ჯერ

სამწუხაროდ, უკრაინის ომი კაი ხანს გაგრძელდება. მე მახსოვს რამდენიმე ომის მსვლელობა, მათ შორის სეპარატისტული ომები 1990-ების დასაწყისში, კერძოდ აფხაზეთის ომი. ეს იყო როგორც მესმის ტიპური "მართვადი კონფლიქტი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკოლოგი დავით თარხნიშვილი წერს.

 

ისივე თქმით, რუსეთი მთელი ძალით არ ჩართულა თავიდან ომში, "აცალა", მისცა საშუალება თავისი ტერიტორიიდან შემოსულიყო ბოევიკები და იმდენ იარაღს აწვდიდა საკუთარ პროქსის, რომ კონფლიქტი გაწელილიყო. 

 

"თანდათან, როდესაც საქართველო ჩათრეული იყო ომში და წინსვლას ვერ ახერხებდა, საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში ამ ომს აღიქვამდა როგორც შიდაქართულ პრობლემას, რომელსაც ქვეყანა თავისი ძალით ვერ წყვეტს, ჩაერია სულ უფრო, მათ შორის ავიაციით და მიიყვანა ისეთ დასასრულამდე, რომელიც მას სურდა. ამის შედეგად არც არავის დიდად უსაყვედურია რუსეთისთვის, რადგანაც მან დაარწმუნა გარე მოთამაშეები, რომ რაღაცნაირ წესრიგს მაინც ამყარებს რეგიონში. ანალოგიურად ბევრი სხვა კონფლიქტიც ვითარდებოდა. 

 

რატომღაც ვიფიქრე, რომ ახლა უკრაინის ომი გარკვეულად ანალოგიურად ვითარდება (იმ განსხვავებით, რომ იმ ომის დაწყებაში "ძლიერ მოთამაშეს", ანუ რუსეთს, გადამწყვეტი როლი მიუძღვის, ხოლო ახლანდელი ომი ერთმნიშვნელოვნად რუსეთის დაწყებულია და ამერიკა/ ევროპა უნებლიედ აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც რაღაც უნდა მოიმოქმედონ). დასავლეთს არ სურს, რომ მსოფლიომ დაინახოს ეს ომი, როგორც კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაშიც რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო.  ამიტომ უკრაინის დახმარება შეზღუდულია და კონფლიქტი სულ უფრო იწელება. 

 

გარკვეული დრო უნდა გავიდეს, როგორც ჩანს, რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის განვითარებადმა ქვეყნებმაც და ამერიკის ან ევროპის მოსახლეობის ხისთავიანმა ნაწილმაც, დაინახონ, რომ რუსეთი ნამდვილად ვერაფერს ახერხებს და მეტი დახმარების დროა, ისეთის, რომელიც ამ ომში საბოლოო წერტილს დასვამს. თუმცა დიდი ანალიტიკოსი არ ვარ და შესაძლოა ვცდები.

 

P.S. ცხადია არსებობს პრინციპული განსხვავებები ამ კონფლიქტებს შორის. საქართველო იცავდა საკუთარ საზღვრებს, რუსეთი აგრესიას ახდენს და დამპყრობლურ ომს ეწევა. საქართველო მაშინ დასავლეთის გზისთვის და დემოკრატიისთვისაც იბრძოდა, რუსეთს კი ფაქტობრივად მსოფლიოში დომინირება სურს და არაადამიანური, საზიზღარი რეჟიმის ექსპორტი. ლაპარაკია მხოლოდ საომარი მოქმედებების ლოგიკაზე, - წერს დავით თარხნიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომი 24 თებერვალს დაიწყო. 24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 25 500 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 1 130 ტანკი (ბოლო 24 საათში 8), 2 741 ჯავშანტექნიკა (ბოლო ერთ დღეში 28), 509 საარტილერიო სისტემა და 179 სარაკეტო სისტემა, 86 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 199 თვითმფრინავი და 156 შვეულმფრენი, 1 961 მანქანა და ტანკერი.

 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, განადგურებულია ასევე 12 ხომალდი, 360 ოპერატიულ-ტექნიკური დრონი, 39 სპეციალური ტექნიკა და 92 საკრუიზო რაკეტა.

მაისი 05 2022 წაკითხვა 243 ჯერ

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე! გულწრფელად რომ გითხრათ, შიში არ მქონდა რომ ღამე რამე ცუდი მოხდებოდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მინდოდა ამ წინადადების დაწერა:

ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

 

მისივე თქმით, ეს დღეები დაბომბვები გაძლიერდება და გაგრძელდება.

 

"ვიცი, რომ დღეს ისევ მძიმე ბრძოლები იქნება! ვიცი, რომ სასწაულის იმედად შეიძლება ვიყოთ, მაგრამ მაინც ეს დილა ჩვენი გმირების დილაა! დანარჩენს დღე გვიჩვენებს! მითუმეტეს, გუშინ ქალების და ბავშვების კიდევ ერთი ნაკადი გამოიყვანეს მარიუპოლიდან და სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან (ჯამში 345 ადამიანი); მითუმეტეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად ყველა დიპლომატიურ რესურსს იყენებს აზოვსტალიდან დაჭრილების და სამხედროების სრულად და ღირსეულად გამოსაყვანად! 

 

ეს დღეები დაბომბვები გაძლიერდება და გაგრძელდება, ბევრი კადრები შეგვხვდება სკვერებში და საცხოვრებელ სახლებში რაკეტების მოხვედრის, მაგრამ!!!!!! პუტინის ურდოს მეტი არაფერი შეუძლია! უფრო მეტიც, ხარკოვიდან იმ სიშორეს გაყარეს ურდოსები, რომ არტილერია ქალაქს ვეღარ მიწვდება! დაბომბვა იქნება, მაგრამ არტილერიით ვეღარ! 

 

საბოლოო ჯამში, დონბასის "გათავისუფლებას" ვერც საცხრამაისოდ მიიღებს და ვერც მერე! ხერსონის "სახალხო რესპუბლიკის" მაგივრადაც მხოლოდ ხერს მიიღებს.

 

გუშინ რაც პროპაგანდონებს ვუსმინე, მაგრა აეწვათ ნავთობზე ემბარგოს გადაწყვეტილების პერსპექტივა! უფრო მაგრად, ვიდრე აგენტ კირილე გუნძიაევის სანქციების სიაში მოხვედრა!

 

ბრძოლა გაგრძელდება, იქნება დაუნდობელი და დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და პუტინის რუსეთის კრახით/დამარცხებით/ჩამოშლით! 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ. ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის განცხადებით, „აზოვსტალში“ სისხლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს. 

 

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში დღეს 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მაისი 04 2022 წაკითხვა 274 ჯერ

ებრაელებზე და ე. ი. ისრაელზე ლავროვის თავდასხმა შესაძლოა სტრატეგიის ნაწილი იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი წერს.

გვერდი 30 სულ 113
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.