პრემიერ-მინისტრების ცვლა საქართველოში: ამბიციები და რეალობა

აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ის («Region Plus» - გამოდის თვეში ორჯერ) 2021 წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ექვსჯერ რვა წლის განმავლობაში“, რომელშიც განხილულია საქართველოში თებერვლის თვეში მომხდარი მოვლენები, კერძოდ - მთავრობის ცვლილება, საპროტესტო აქციების მიზეზები, პერსპექტივა და ა.შ. (ავტორი - სამირ ველიევი).

 

პუბლიკაციის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ექვსი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს“.

 

„ბევრი ექსპერტი საქართველოში მთავრობის ცვლილებას „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე სხვადასხვა დაჯგუფებების ერთმანეთთან ბრძოლას უკავშირებს. როგორც ითვლება, ამ ბრძოლაში ძალოვანებმა გაიმარჯვეს „კახური კლანის“ წარმომადგენლის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. სწორედ მათ დაარწმუნეს დარჩენილი გავლენიანი კლანების - კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის („კომკავშირლების“) და ვახტანგ გომელაურის (ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდიის) კლანების წარმომადგენლები, რომ შექმნილ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა იქნებოდა. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს [საშინაო და საგარეო პოლიტიკაში] ხისტი კურსი გაატაროს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი ყურადღებას უთმობს საქართველოში შექმნილ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული საკარანტონო ზომებმა გამოიწვია: „საქართველოს ეკონომიკამ გასულ წელს ბოლო 26 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა... მართალია, კრიზისის გადასალახად ხელისუფლებამ საკმაოდ მსხვილი თანხის მობილიზება მოახერხა საერთაშორისო დახმარების სახით (2 მილიარდ დოლარზე მეტი), ეფექტი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. (...) და მაინც ახალ მთავრობას პერსპექტივაში საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად.

 

შეძლებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას? ამას დროს გვაჩვენებს. სხვათა შორის, წინა მთავრობებსაც გრანდიოზული მიზნები ჰქონდათ“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პრობლემების მოუგვარებლობა და მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება იმ ფაქტორებად რჩება, რომელსაც ყოველთვის ყველა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს.

 

წყარო: http://regionplus.az/ru/articles/view/7338

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 435 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.