April 26, 2024

"საღად მოაზროვნე ქალი" - რას წერს აფრიკული გამოცემა საქართველოს პრეზიდენტზე

ნიგერიის (აფრიკა) ყოველკვირეულ გაზეთ "პრემიუმ თაიმსში" (Premium Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "საქართველოს პრეზიდენტი - "საღად მოაზროვნე ქალი", სადაც, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, ავტორი - სრულიად აფრიკის გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი, უფლებადამცველი და ჟურნალისტი ოვეი ლაკემფა წერს სალომე ზურაბიშვილზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის მიმოხილვას.

 

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო ათწლეულში ქალები სულ უფრო ხშირად იკავებენ ადგილს პოლიტიკურ ელიტაში, მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ მოხვდნენ ისინი ხელისუფლებაში და როგორ
 
უძღვებიან ხელისუფლებას. "ამ მხრივ ინტერესს იწვევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩობიდან მის მეთაურად იქცა", - ხაზგასმულია სტატიაში.

 

"იგი დიდი და მდიდარი ქვეყნიდან ჩავიდა საქართველოში - პატარა, პრობლემურ და არასტაბილურ სახელმწიფოში. მაშინ, როცა საფრანგეთი ძლიერ სახელმწიფოებს მიეკუთვნება ბირთვული იარაღით, მის ახალ ადგილსამყოფელს 
 
- ქვეყანას, ბევრად მცირე ფართობით და მოსახლეობით, სამხედრო თვალსაზრისით საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. თუმცა მას წილად ხვდა, რომ მისი პრეზიდენტი ყოფილიყო და ამომრჩევლებისთვის სიმართლე ეთქვა - ისეთი სიმართლე, რომელიც ბევრის პოზიციას ეწინააღმდეგება", - წერს ავტორი.

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია, განათლების დონე და დიპლომატიური გამოცდილება: სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, ბრწყინვალე განათლება მიიღო და როცა 2003 წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა, მას უკვე დიდი დიპლომატიური გამოცდილება ჰქონდა. "სალომე ზურაბიშვილი თბილისში იმ დროს ჩავიდა, როცა ქვეყანა "დუღდა".

 

ავტორი აფრიკელ მკითხველს აცნობს საქართველოს უახლესი ისტორიის ძირითად მომენტებს და ქვეყნის პირველი მეთაურების ხელისუფლებაში მოსვლის შუქ-ჩრდილებს: საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა, 1991 წელს. სახელმწიფოს ჯერ ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, რომელიც ძალადობრივი გადატრიალების შედეგად დაამხეს, შემდეგ მისი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ორი გერმანიის გაერთიანებაში.

 

"იმ წელიწადს, როცა სალომე ზურაბიშვილი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა, იგი "ვარდების რევოლუციის" თვითმხილველიც გახდა: საქართველოში ხელისუფლების მორიგი ცვლა მოხდა - ედუარდ შევარდნაძე იძულებით გადადგა, პრეზიდენტის ადგილი კი მიხეილ სააკაშვილმა დაიკავა. ამ ცვლილებამ სალომე ზურაბიშვილზეც მოახდინა გავლენა - იგი ფრანგიდან ქართველად იქცა, ელჩიდან - საგარეო საქმეთა მინისტრად, დიპლომატიდან - პოლიტიკოსად", - წერს ავტორი და სალომე ზურაბიშვილის ციტირებას ახდენს, თუ როგორ შეუთანხმდა მიხეილ სააკაშვილი ჟაკ შირაკს იმაზე, რომ საფრანგეთის ელჩი [თავის ისტორიულ სამშობლოში] მინისტრად დანიშნულიყო.

 

"სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. იგი შეეცადა სამინისტროში ძირეული რეფორმები განეხორციელებინა, მაგრამ ხისტ წინააღმდეგობას წააწყდა, მათ შორის - ქართველი დიპლომატების მხრიდანაც, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ "თავსმოხვეული უცხოელის ხელმძღვანელობას".

 

საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა არ შეუძლია: იგი მომდევნო წელს პრეზიდენტმა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, ექსმინისტრმა საქართველოში დარჩენა და ქვეყნის დემოკრატიზაცია-რეფორმირებისთვის ბრძოლა აირჩია. მან დააარსა პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" და ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.


ავტორი იხსენებს 2008 წლის ამბებს: 2008 წელს მოხდა ისეთი მოვლენა, რომელმაც პრეზიდენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც სახელი გაუტეხა. როგორც ხდება ხოლმე დიდი სახელმწიფოების დაშლის დროს, აქაც წარმოიქმნა ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" მიმართებით. საქართველოს ამ ორმა რეგიონმა არ ისურვა ერთიან სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა და, საბოლოო ჯამში, საქართველო კონფლიქტების კერა გახდა.

ოპოზიციის ლიდერის რანგში სალომე ზურაბიშვილი 2009 წელს თბილისში მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, დროებით, გაეროში სამუშაოდ, საზღვარგარეთ გაემგზავრა. 2016 წელს იგი ისევ საქართველოში დაბრუნდა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად იქნა არჩეული, ორი წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად და მეორე ტურში გაიმარჯვა. საარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილმა, სხვებისგან გამორჩეულად, არჩევნების წაგების რისკით, გაბედულად უთხრა თანამოქალაქეებს, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს ეკისრებოდა: მან სამხედრო ოპერაცია ისე დაიწყო, რომ საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, თანაც მას ყველა უცხოელი პარტნიორი აფრთხილებდა, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა.

 

იანვარში სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატოს გენმდივანს - იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ნატო-ევროკავშირის ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრეს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშკარაა, ნატო და ევროკავშირი საქართველოს მიღებას არ ჩქარობენ და საკითხის გადაწყვეტას აჭიანურებენ. სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ საღად მოაზროვნე ადამიანია, რომ ასეთი მოკავშირეების იმედზე არ იყოს და რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

თუმცა ავტორი სტატიის დასასრულს მაინც გარკვეულ ეჭვს გამოხატავს: "მართალია, მისი პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს იწურება, მაგრამ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის "დაბალანსებული მოქმედება დიდხანს არ გაგრძელდეს". (წყარო)

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წაკითხვა 578 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.