ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს

“2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა - ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები.

მეორე ტური, 30 ოქტომბერს გაიმართება და ცესკოში აცხადებენ, რომ ის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ანალიტიკოსები მეორე ტურში ამომრჩევლის მაღალ აქტივობას პროგნოზირებენ, თუმცა, პროგნოზის გაკეთება უჭირთ, ვინ გაიმარჯვებს “ოცნება” თუ “ნაციონალური მოძრაობა”, რომლებიც პირველი ტურის შედეგების მიხედვით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ორივე პოლიტიკური ძალა საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას შეეცდება. გახარიას ხმებთან დაკავშირებით კი არ გამორიცხავს, რომ გახარიას მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს - “გახარიას პარტიის უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს”.

 

“ამომრჩევლის აქტივობა იქნება მაღალი, რადგან დაძაბულობა მიყვანილია მაქსიმუმამდე. დღის წესრიგში ისევ დადგა “ნაცმოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”, დანარჩენმა საკითხებმა კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. ორივე მხარე შეეცდება მოახდინოს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზება. ვის მხარეს წავა პირველ ტურში მოპოვებული სხვა პარტიების ხმები, ვფიქრობ, გახარიას პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს, რადგან ის არის “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი. თანაც, გახარიას პარტიას ურჩევნია “ოცნება” დარჩეს, რადგან მისი რეიტინგი ეცემა და ამ ფონზე შეუძლია შემდგომში წარმატებას მიაღწიოს. ანა დოლიძის ამომრჩევლის ხმების ნახევარიც სავარაუდოდ “ოცნებისკენ” წავა. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, უპირტესობა აქვს კახი კალაძეს, საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო პირველი ტური, 10%-იანი სხვაობა იყო და მეორე ტურში არ დასჭირდება ძალისხმევის დიდი დაძაბვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ოპოზიცია, როგორც ჩანს, ხმებს ძალიან მარტივად ითვლის და ფიქრობს, რომ ყველა ხმა მელიასთან წავა. “ჩდილოვან კაბინეტში” ბევრ პოზიციაზე “ლელოს” წარმომადგენელები არიან, არა იმიტომ რომ “ნაცმოძრაობას” ემეტებოდა, “ლელოს” ამომრჩევლის გამო წავიდა ამ ნაბიჯზე მელია. “ლელომ”, მართალია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ დარჩენილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ან საერთოდ არ მივა არჩევნებზე, ან ხმას მისცეს კალაძეს. ნიკა მელია თბილისს წააგებს, მისი შანსები მიზერულია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მოიგებს და დარჩენილი ხმები მხოლოდ მელიას სასარგებლოდ წავა”, აღნიშნავს გამოცემა.

 

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ტურში ვისკენ გადაიხრება გახარიას ხმები. მისი რეიტინგი 7-9%-მდე მერყეობს, ეს დიდი ციფრია. “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს. ანა დოლიძის მხარდამჭერებიც ოპოზიციას დაუჭერს მხარს. საით გადაიხრება მერყევი ამომრჩეველი ძნელი სათქმელია, შეიძლება მეორე ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს, ამიტომ, “ოცნებაც” და “ნაციონალებიც” არჩევნებამდე დარჩნილ პერიოდში მხოლოდ მერყევი ამომრჩეველის გადაბირებაზე იმუშავებს” - მიიჩნევს გამნოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 367 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.