ომი თუ მშვიდობა? - გიორგი გოგუას ბლოგი

FirstNews.ge გთავაზობთ გიორგი გოგუას (ფილოსოფიის დოქტორანტი) ბლოგს:

"არის სიცრუე და ვერაგობა და ეს წარმოშობს ომებს" - კონფუცი

 

სამართლიანი ნათქვამი და შეფასებაა, რომ კაცობრიობის ისტორია, ეს ომების ისტორიაა. არც ის აზრია ჩვენთვის უცხო, ადამიანი რომ იარაღის მკეთებელი პოლიტიკური ცხოველია (zoon politikon). ეთიკური თვალსაზრისით, რაც არ უნდა წინააღმდეგნი ვიყოთ ომისა, ზოგიერთ მათგანს თავისი მიზეზი და გამართლება შეიძლება მაინც მოეძებნოს. თავდაცვა ერთადერთი გამართლებაა კაცის კვლისა. ეს ინდივიდებზეც ვრცელდება და სახელმწიფოებზეც. როცა შენს სახელმწიფოს თავს ესხმიან, გაქვს უფლება და მორალური ვალდებულება იარაღით ხელში იცავდე მას. მიუხედავად ამისა, ვერც ეთიკური და ვერც სამართლებრივი გამართლება ვერ ექნება ომის პროვოცირებას, საბრძოლო მოქმედებების წახალისებას და უშუალოდ ამ პროცესის ხელშეწყობას არალეგიტიმური გზებითა და საშუალებებით. თანამედროვე ეპოქაში, სახელმწიფოები თანხმდებიან და იზიარებენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით განსაზღვრული ვალდებულებებს მთელ რიგ სფეროებში და მათ შორისაა ომის წარმოების კანონიერი ჩარჩოების განსაზღვრა და მისი პატივისცემა. ამ მიმართულებით არსებობს გაეროს მიერ მიღებული კონვენციები; მათ შორის, სამხედრო ტყვეთა სიცოცხლის უფლებისა და მათდამი ჰუმანური მოპყრობის აუცილებლობაზე, ასევე, გარკვეული მძიმე შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების სახით.  ასეთ მოცემულობაში, ყველა კანონისა და წესის დაცვით  ომის გამართლებად მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვა რჩება ერთადერთ საპატიო მიზეზად, რაც უფლებას გვანიჭებს ფართო სამხედრო შეიარაღების გამოყენებით ვიბრძოლოთ და დავიცვათ სუვერენიტეტი.

 

ისტორია, მართლაც მრავალი სახის ომის მომსწრე და აღმნუსხველი გამხდარა. ამ ომებს ხშირად მიზეზებიც განსხვავებული ჰქონდათ და ისინი სხვადასხვა დროში რელიგიური, ეთნიკური თუ გეოსტრატეგიული მოტივებით იყო განპირობებული. ტროას ბრძოლიდან დღემდე, რომელსაც ლეგენდარული ჰომეროსის ავტორობით უძველესი ლიტერატურული ძეგლი - „ილიადა“ მიეძღვნა, სამხედრო კონფლიქტების ბუნებამ და მისმა პრაქტიკამ მრავალი გარდამტეხი ტრანსფორმაცია განიცადა.

 

დღეს, სამხედრო კამპანიის წარმოება, ყველაფერთან ერთად, კოლოსალურ ადამიანურ ძალებთან და ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. წარსული დროისგან განსხვავებით, როცა ადამიანები ჯერ კიდევ საკუთარ ფიზიკურ ძალასა და სიმამაცეზე დაყრდნობით იბრძოდნენ, ომის წარმოების ტექნოლოგიური და ლოგისტიკური საშუალებები წარმოუდგენლად განვითარდა. თანამედროვე დროში, სახელმწიფოებს ცალ-ცალკე და ერთად, იმდენი ლეტალური და არალეტალური შეიარაღება გააჩნიათ, რომ მათი მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი რამდენიმე „საყოველთაო განადგურების“ გამოწვევა. 

     

მსოფლიოში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას ჯერ კიდევ არ  მიეღწია ისეთი დამანგრეველი ძალისთვის, როგორიც ის XX საუკუნეში გახდა. პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის, დროის მეტად მცირე მონაკვეთში, ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ნახტომი გაკეთდა სამხედრო/ტექნოლოგიური მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით. საბოლოო გვირგვინი კი ამ განვითარებისა, იყო ბირთვული ფიზიკის მიღწევების სამხედრო პოტენციალში გენერირება და ატომური იარაღის შექმნა. 1945 წელს, ამერიკაში, ნიუ-მექსიკის უდაბნოში, ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ, ცდების მეცნიერ-ხელმძღვანელმა ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა, რობერტ ოპენჰაიმერმა შემდეგი სიტყვებით აღწერა ეს შთაბეჭდილება: „ბომბის აფეთქების დროს გამახსენდა სიტყვები ბჰაგავადგიტადან (სანსკრ. भगवद्गीता bhagavadgītā „ღვთის ნამღერი“, ასევე ცნობილია როგორც გიტა) - „მე სიკვდილი ვარ, ქვეყნიერების დამანგრეველი“.

 

მოგვიანებით, როცა ატომური იარაღი (ბირთვული ქობინების) არსენალში სხვა დიდ სახელმწიფოებს გაუჩნდათ (ამერიკა, სსრკ, ბრიტანეთი., საფრანგეთი და ა.შ) მან ერთგვარი შემაკავებლის როლი ითამაშა სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ამ თვალსაზრისით ნათელ მაგალითს წარმოადგენდნენ ორპოლუსიან, ცივი ომის დროინდელ სისტემაში ბირთვული შემაკავებლის ეფექტურობაზე. 

 

ბირთვული ეპოქის დადგომის შემდეგ, ომს ფაქტობრივად გამარჯვებული აღარ შეიძლება ჰყავდეს. დღეს ეს უკვე აქსიომურად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ბირთვული იარაღის გაჩენის შემდეგ უამრავი სამხედრო კონფლიქტი მომხდარა, არც ერთი სახელმწიფო მისი (ბირთვული იარაღის) სამიზნე არ გამხდარა, თუ არ ჩავთვლით იაპონიის ქალაქებში, - ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს. ამ უკანასკნელმა შემთხვევამ ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე წამში შეიწირა. ამით, კაცობრიობამ კიდევ ერთხელ დაინახა ომის სისასტიკე, მისი ულმობელობა, ტრაგიზმი და ნგრევა. 

 

დღეს, XXI საუკუნეა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა გლობალიზაციის პროცესი დააჩქარეს. მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკა ერთმანეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა. სამყარო დაპატარავდა, ან, უფრო  ჰომოგენური გახდა. საკაცობრიო იდეალებისთვის ბრძოლაში, რომელსაც მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება ჰქვია - მსოფლიო მოქალაქეებად ვიქეცით, რათა, ჩვენი წილი ძალისხმევა შევიტანოთ ამ ყოველივეს უზრუნველყოფაში. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ვერავითარ წარმატებას ვერ მივაღწევთ ამ მიმართულებით, თუკი რომელიმე გავლენიან სახელმწიფოში ავტორიტარული, ან კიდევ უფრო უარესი - დიქტატორული რეჟიმი იქნება ფესვგადგმული. ათიდან ცხრა შემთხვევაში ანარქიის, ომისა და ნგრევის მიზეზი ხომ ყოველთვის ის ხელისუფლებაა, რომლის ლეგიტიმაციის წყაროც, არა ხალხი, არამედ, ვიწრო ინტერესთა ჯგუფი წარმოადგენს. სივერაგეცა და სიცრუეც ყოველთვის ასეთი ხელისუფლებების საყრდენია. ალბათ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც წარმოქმნის ომს. ომს, რომელსაც არაფერი აკავშირებს საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვასთან.

წაკითხვა 481 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 11 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.