სად გადის ზღვარი ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის

ტრადიცია - ნიღაბი თუ ცხოვრების განსაზღვრული სტილი, რომელიც ჩარჩოებშია მოქცეული?

ადამიანებს ხშირად გვაშინებს სტერეოტიპული აზროვნება, რადგან ვფიქრობთ, მათი დამსხვრევით მნიშვნელოვან ფასეულობებს დავკარგავთ. თანამედოვე სამყარომ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი შესაძლებლობები შექმნა. იმისათვის, ამ სამყაროში თავი დავიმკვიდროთ, საჭიროა ჩვენი რაღაც ნაწილი დავთმოთ.

 

დიახ, ამაში ქართველობის „ნიღაბი“ გვიშლის ხელს. ეს ჩვენი სახის ის ნაწილია, სადაც ერთიანდება ჩვენი წარსული, კულტურა და რელიგია, რომლის დაკარგვაც არ გვინდა და ბოლომდე ვეჭიდებით. (თუმცა არავინ გვთხოვს, რომ ის დავკარგოთ). რატომღაც საზოგადოებაში გამეფებულია ის აზრი, რომ თანამედროვეობა მოსპობს და შეიწირავს ჩვენს ტრადიციებს. მსოფლიო ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, ეს ასე არაა.

 

უნდა იცავდეს თუ არა  და იცავს თუ არა ძველ ტრადიციებს თანამედროვე საზოგადოება?

ქართველები ტრადიციების მხრივ მდიდრები ვართ. ქორწილის ტრადიცია, დატირების- გლოვის, ქელეხი, ქართული სუფრა, სტუმართმოყვარეობა, ორი ახალი წელი და სხვა... ჩამონათვალის სია გრძელია. დღემდე შემორჩენილ ტრადიციები მეტად აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. არსებობს ისეთებიც, რომლებიც დროსთან ერთად დავიწყებას მიეცა. ასეთებია: ყეენობა, ჭონა, ძუძუმტეობა, ფიცვერცხლი და სხვა მრავალი. გასაგებია ფაქტი, რომ ტრადიციები ქართულ საზოგადოებაში დიდ როლს თამაშობს. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ახალმა თაობამ შეძლო ჩარჩოებში მოქცეული ნორმების დამსხვრევა, შეიცვალა შეხედულებები.

 

ვინ აკანონებს ტრადიციებს?

ჩვენ, ადამიანები. ეს ხომ ხალხის მიერ შექმნილი, მოწონებული და დამკვიდრებული ხის ჩარჩოა, რომელიც დროსთან ერთად ძველდება. დიახ, გაცვდა მამა-პაპური ტრადიციებიც. ხომ მეთანხმებით? და ამით დავკარგეთ ეროვნება - ქართველობა?!

 

იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, რომ დღესდღეობით შექმნილ ნორმებსა თუ ტრადიციებს, 50-100 წლის მერეც ვიღაც დაარღვევს და ეს აუცილებელიცაა. სამყარო იცვლება. გლობალიზაციამ შეცვალა ადამიანთა ხედვები, XXI საუკუნის განათლებამ, ინტერნეტ სივრცემ გადაასხვაფერა მოთხოვნილებები. დღესდღეობით, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ 2019 წელს გამოჩენილმა ახალმა კორონავირუსმა (COVID 19) მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიოშიც კი შეცვალა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები. ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, დიდი ქორწილები და ქელეხები - ვირუსმა საკუთარი კვალი დატოვა დედამიწაზე.

 

FistBump

 

დიახ, სამწუხაროდ ისეთ დროებაში გვიწევს ცხოვრება, რომ ბევრ ტრადიციას ისე ეკარგება ფერი, ადამიანების აზროვნების ჩარევაც კი არ უნდა.

 

როგორ შევუსაბამოთ ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს?

გამარჯობა, მე ესპანელი ვარ და ეს შესაძლებელია!

გამარჯობა, მე იტალიელი ვარ და ეს შესაძლებელია!

დიახ, ვინც მოინდომა შეძლო! ევროპის ბევრმა ქვეყანამ მშვენივრად შეუთავსა საკუთარი ტრადიციები თანამედროვეობას. მათ საკუთარი ტრადიციებიდან აიღეს ის ფასეულობები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისთვის აუცილებელია.

 

დიახ, სახელმწიფომ უნდა გაითავისოს საკუთარი იდენტობა და სიახლეების მიღებით შექმნას თანამედროვე ტიპის ქვეყანა.

 

დიახ, ჩავიცვათ ჩოხა სადღესასწაულო დღეებში და "გამოვთვრეთ" ისე, როგორც ძველად თვრებოდნენ, ამას არავინ დაგვიშლის (დაგიშლით) თუკი ფიქრობთ, რომ ეს თქვენი იდენტობის გამომხატველია.

 

დიახ, შესაძლებელია ქართული სუფრის ტრადიციის გაგრძელებაც, რომელიც, რატომღაც რელიგიურად აკრძალულ ღრეობაში გადადის.

 

დიახ, შევინარჩუნოთ სუფრაზე სადღეგრძელოს წარმოთქმის ხელოვნება, ეს პირიქით, ჩვენი იდენტობის დადებით სახეს წარმოაჩენს.

 

ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, სტუმარ-მასპიძლობის ტრადიცია.

 

დიახ, არ უნდა დაივიწყონ ქართველმა მამაკაცებმა ქალის პატივისცემა. მაგრამ დღესდღეობით იმდენი გამოწვევა გვაქვს, არათუ პატივისცემაზე, არამედ ქალის სიცოცხლის ხელყოფაზე ხშირად გვიწევს საუბარი. ქალზე ძალადობა - საბედნიეროდ, ამაზე თანამედროვე სამყაროს თავისი პასუხი აქვს. დიახ, სამართლიანობაა, დღეს ტრადიცია, რომელიც ქალზე ძალადობას გმობს.

 

დიახ, ეს ქვეყანა ჩვენია და  უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს, რადგან რადიკალიზმით ფეხს ვერ მოვიკიდებთ თანამედროვე სამყაროში. შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენი ღირსებისა და დადებითი მხარეების წარმოჩენას ემსახურება. აუცილებელია დავნერგოთ ახალი, განვაახლოთ ძველი, შევმატოთ ახალი ელემენტები.

 

ადამიანები ყოველდღიურად ვვითარდებით, ვიძენთ ფასეულობებს, ვსწავლობთ. განვითარება კი ყველაფერს სჭირდება და არც ტრადიციებია გამონაკლისი. შევუსაბამოთ ტრადიციები თანამედროვეობას და ერთად შევქმნათ განვითარებული, XXI საუკუნის სახელმწიფო!

 

ავტორი: ნინო ოთარაშვილი

წაკითხვა 1582 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.