რატომ ვირჩევთ ევროპას? - გიორგი გოგუას ბლოგი

FirstNews.ge გთავაზობთ გიორგი გოგუას (ფილოსოფიის დოქტორანტი) ბლოგს.

 

საქართველო მთელი მისი კულტურული ფასეულობებით, მრავალმხრივი და მდიდარი ისტორიული გამოცდილებით, მისთვის დამახასიათებელი სააზროვნო ტრადიციებითა თუ ეროვნული იდენტობის გაგებით, ნამდვილად ქმნის იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს მის ევროპულ ინტეგრაციას. წევრობა ევროპისა, რომელიც ასოცირდება კულტურის, ცივილიზირებულობისა და ზოგად ჰუმანური ფასეულობების მთავარ წყაროსთან - ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

 

ადრეული ქართულ-ევროპული ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას, მრავალი საარქივო არტეფაქტები და ნარატიული წყაროებიც გვაწვდიან. მათ შორის, შეგვიძლია დავასახელოთ ქართველთა და ჯვაროსანთა სამხედრო თანამშრომლობა, თუნდაც ის ფაქტი, რომ დიდგორის ბრძოლაში ასი ფრანგი ჯვაროსანი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად მათი რიცხობრივი სიმცირისა, ეს გარემოება ხაზს უსვამდა საერთო პოლიტიკურ და რელიგიურ მისწრაფებებს ქართველთა და ევროპელთა შორის.

 

შესაბამისად, საუკუნეების წინათ თუ საქართველოს ევროპული არჩევანი ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკით იყო ნაკარნახევი, წარსული გამოცდილების გაანალიზების კვალდაკვალ, დაახლოების აუცილებლობა დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. ამჯერად, საქმე ეხება რუსული იმპერიალიზმიდან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენ უკვე კარგად ვიცით რა ფასი აქვს მშვიდობისა და თავისუფლების რუსულ გარანტიას, ან ანტიდემოკრატიული, კლეპტოკრატიული და კრიმინალური გავლენების დაქვემდებარებას, რომელიც ისტორიულად რუსული მმართველობის ტრადიციულ სტილს წარმოადგენს.

 

იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ მთავარ შეკითხვას, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას, აუცილებელია განვიხილოთ თავად ევროპის არსი, მაშასადამე მისი სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული განზომილებები და მეორეს მხრივ მათი თავსებადობა ქართულ სინამდვილესთან.

 

ევროპა თავისუფლების სინონიმად დამკვიდრდა, იგი უღრმესი კულტურული სივრცეა. იგია  ფუნდამენტი, რომელზეც დღემდე დგას თანამედროვე კაცობრიობის აწმყო და მერმისი. ევროპული ცივილიზაციის ეტაპები ყოველთვის იყო მაგალითი სხვა არაევროპული სახელმწიფოებისთვის, თუ რა სახის ცვლილებები შეეტანათ თავიანთი სახელმწიფოებრივი განვითარების დღის წესრიგში.

 

რა არის ევროპა? 

 

თანამედროვე ევროპა უპირველეს ყოვლისა ესაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რწმენა, ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტები.

 

ისტორიულად, ევროპა ესაა: ანტიკური ფილოსოფია, რენესანსის დიდებული ეპოქა, ფრანგული განმანათლებლობა.

 

ევროპა ყველა დროში კი ესაა: ადამიანური ყოფის გაუმჯობესებაზე მიმართული დაუღალავი, მუდმივი ძალისხმევა.

 

ევროპაა პოლიტიკური კულტურა, კანონიერების პატივისცემაზე დაფუძნებული მართლმსაჯულება, გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიზმის ერთგულება, რწმენის თავისუფლება და მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებაა.

 

საქართველო კი, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მაშასადამე, განამტკიცოს ზემოაღნიშნული ფასეულობები, ბუნებრივია, უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე. სიმაღლეზე, საიდანაც ნათლად გააცნობიერებს, როგორც საკუთრივ თავის ასევე, ევროპულ ფასეულობებს და მათ საერთო კავშირს.

 

და ბოლოს, მიუხედავად ჩვენი საერთო სწრაფვისა ევროინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანია სწორად გვესმოდეს და ვთანხმდებოდეთ, რას ელიან ისინი (ევროპელები) ჩვენგან და რა შეგვიძლია ან რა არ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ ინტეგრაციის სანაცვლოდ. რასაკვირველია აქ იგულისხმება რიგი გარკვეული წინააღმდეგობებისა, მათ შორის გეოპოლიტიკურ თუ სოციო-კულტურულ კონტექსტშიც. ნებისმიერი საგარეო პარტნიორის არჩევამდე კი - შიდა სახელმწიფოებრივი გამოწვევების დაძლევა ნომერ პირველი ამოცანაა. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა თუ სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაში არსებული სირთულეები დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს და ამას თავად ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციითა და შეთანხმებული მოქმედებით უნდა მივაღწიოთ. ამდენად, საქართველო ჯერ საზრუნავი უნდა გახდეს მისი მოქალაქეებისთვის რომ შედგეს ძლიერ, ღირსეულ სახელმწიფოდ - რათა შემდეგ სხვა ღირსეულმა სახელმწიფოებმა გვაღიარონ, ხოლო ავისმოსურნეებმა მარტივად ვეღარ გაბედონ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა.

წაკითხვა 391 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.