April 29, 2024

"ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საბოტაჟისთვის" - ზაზა ბიბილაშვილი

საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. "ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ გაიმართება დისკუსიები წევრ ქვეყნებს შორის შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ.

 

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“ - აღნიშნა ელჩმა.

 

კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთან ერთად, უკრაინა და მოლდოვაც ელის. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უკრაინასა და მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს წინ. შესაბამისად, დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს უპრობლემოდ მიიღებს.

 

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. ქართულ პოლიტიკურ წრეში თანხმდებიან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა სტატუსის არ მინიჭების შემთხვევაში, პოლიტიკური მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

 

ამ თემასთან დაკავშირებით FirstNews.ge-ს "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა:

 

- ვინ იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის ევროკავშირის წევრის კანდიდატის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში?

 

- კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის აქ სადავო არაფერია. ქვეყნის ბედზე - მის წარმატებებზე და წარუმატებლობებზე - პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მიუხედავად გარე თუ შიდა ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება ხელს უშლიდეს. „ოცნება“ ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა. აბა რისთვის არიან ხელისუფლებაში, ნუთუ მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის? კითხვა, ცხადია, რიტორიკულია. დიახ - ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ არიან. მაგრამ პასუხისმგებლობაც მათია.

 

მოდი, გავიხსენოთ და შევადაროთ:

 

წინა ხელისუფლებას მუშაობა უწევდა ისეთ პირობებში, როგორიცაა რუსული სავაჭრო ემბარგო, ტოტალური ენერგეტიკული ბლოკადა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რუსული სამხედრო აგრესია. ასევე, ყოველ წელს, რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი მეხუთე კოლონა, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, აწყობდა ხელოვნურ შიდა რყევებს - ხან მკვდარ ქალაქად აცხადებდნენ თბილისსა და დედაქალაქის მთელ ცენტრს კეტავდნენ, ხან სატანკო ნაწილში აჯანყებას აწყობდნენ, ხან - რუსული გრუ-ს რაზმს ელოდნენ დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ჩაშლას ლამობდნენ.


მიუხედავად ამისა, იმ 9 წლის მანძილზე, საშუალოდ, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ(!), ლარი ყოველ წელს მყარდებოდა, პენსია 14 ლარიდან 150 ლარი გახდა (10-ჯერ გაიზარდა). მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორად აღიარეს მსოფლიოში 2006-2011 წლებში (5-წლიან პერიოდში!).

 

ქოცები ამბობენ, ეს ვალებით მოხდაო, რაც, რა თქმა უნდა უსინდისო სიცრუე და ბოროტი პროპაგანდაა. სინამდვილეში, „ოცნების“ პირობებში ქვეყნის ვალი გასამმაგდა და ეს მილიარდები ისე შეიჭამა, კვალი არ დაუტოვებია, პარალელურად, ლარი გაუფასურებულია, პური, ბენზინი და წამლების ფასი - გასამმაგებული, ხოლო ეკონომიკური ზრდა ლამის ნულზე დავიდა.

 

აქვე გავიხსენებდი - „ოცნების“ რეჟიმი ბოლო მომენტამდე ამბობდა, ჩვენ 2024-ში გვაქვს განაცხადის შეტანა დაგეგმილი, ამას ვერაფერი შეცვლის, აჩქარებას არ ვაპირებთო. შემდგომ, მათი საძულველი უკრაინელების გმირობის წყალობით, არათუ შესაძლებელი გახდა განაცხადის ახლა შეტანა, არამედ „ოცნებას“ სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა. ისინი იძულებული გახდნენ ეს ექნათ, თორემ „იწვებოდნენ“, როგორც ქართველი იანუკოვიჩები. ამ პირობებშიც კი მათ ბოლომდე ითრიეს ფეხი და სულ ბოლოს შეავსეს კითხვარი - იმაზე ბევრად ნელა, ვიდრე ომში მყოფმა უკრაინამ და ომის პირას მყოფმა მოლდოვამ.

 

- ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისია დასკვნას, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში წარადგენს. რა სახის დასკვნას უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებით?

 

- ნამდვილად ვერ გეტყვით, სპეკულაციაც არ მინდა. რაც დანამდვილებით ვიცით, ეს არის ევროკავშირის წარმომადგენლის, კარლ ჰარცელის განცხადება, რომელშიც მან თქვა, საქართველო ამ დღეს ბევრად უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდაო. ასევე მოვისმინეთ ყველა იმ პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის განცხადებები, რომლებიც წლებია საქართველოს ინტერესებს ლობირებენ საერთაშორისო ასპარეზზე და გვიცავენ ჩვენ რუსეთისაგან (მათ შორის, ისეთებისა, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას). ყველა უკიდურესად მწვავე და კრიტიკულია. მოწონება და ქება მხოლოდ მოსკოვიდან მოდის - ხან სალავიოვისგან, ხან, მარგარიტა სიმონიანისგან, ხანაც - ლავროვისგან.

 

რეალურად, „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საბოტაჟისთვის. ამაზე მეტყველებს ხელისუფლების უზურპაცია, არაფორმალური მმართველობა, დიდი კორუფციის დაბრუნება ყველა სფეროში; სასამართლოს ბოლომდე ჩამოშლა; სამართალდამცავი სტრუქტურების ზე-პოლიტიზება და მათი ქცევა ერთი ოჯახის მშვიდი ძილის მცველებად და გიგანტური ხეების გამცილებლებად; პოლიტიკური ოპონენტების სისტემატური და ორგანიზებული დევნა; უმცირესობების ჩაგვრა და სახელმწიფოს მიერ წახალისებული (ხშირად, პირდაპირ ორგანიზებული) დარბევები; რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გამეორება და მათი იდენტურობა ხელისუფლების ნარატივებთან; დასავლეთისთვის ლამის ომის გამოცხადება ივანიშვილის ოჯახური ბიზნესინტერესების გამო და სხვა.


მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას და საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ისტორიული გადმოსახედიდან, „ოცნება“ ერთი ამოხველებაა, ავტორიტარული, კორუმპირებული სინდიკატი, რომლის უღელს ქართველი ხალხი აუცილებლად მოიშორებს. ქართველ ხალს კი უნდა ევროპის კავშირი, უნდა ნატო, უნდა ღირსეული, გამარჯვებული მშვიდობა (და არა ის, რასაც ივანიშვილი თავს გვახვევს). ხალხს უნდა ევროპაში, ანუ თავის ისტორიულ სახლში დაბრუნება. არ უნდა მივცეთ საშუალება პოლიტიკურ რუსებსა და ანთროპოლოგიურ ჰომო სოვიეტიკუსებს, ამ მიზნისგან დაგვაშორონ. და ამაში ევროპა უნდა დაგვეხმაროს კანდიდატის სტატუსის მონიჭებით.

 

- რას მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებით?

 

- ესეც ითქვა უკვე ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ - მთავარი არა სტატუსის მინიჭებაა, არამედ ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვიქცეთ. კანდიდატის სტატუსიდან წევრობამდე შეიძლება მრავალი წელი გავიდეს. მაგრამ შუალედში უნდა ჩანდეს მოძრაობა, განვითარება, თავისუფალი სასამართლო, სამართლის უზენაესობა, არაფორმალური მმართველობის დასრულება, დემოკრატიული რეფორმები - და, ზოგადად, ნება, რომ საქართველო ცივილიზებულ ქვეყნად იქცეს. ეს ნება ქართველ ხალხს აქვს. არ აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ რეჟიმს. ამიტომ, ეს ნაწილი ჩვენი, ხალხის გასაკეთებელია (მათ შორის, უკეთესი და რეალური ოპოზიციის შექმნით). ამ გზაზე ევროპა ჩვენს გასაკეთებელს ვერ და არ გააკეთებს.

წაკითხვა 750 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.