May 14, 2024

“ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს”

“ჩემი აზრით, ეს ვიზიტი რუსეთის სპეკულაციაა, ვაჭრობა აფხაზურ მხარესთან, რომ თუ აფხაზეთი უმტკივნეულოდ დათმობს ბიჭვინთის აგარაკს, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, დაჰპირდებიან ბელორუსის მიერ აღიარებას.

ამიტომ ჩავიდა ლუკაშენკო ბიჭვინთაში და მივიდა იმ დანგრეულ შენობაში, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, და არა სოხუმში. პუტინმა გაგზავნა ლუკაშენკო შეტყობინებით, ბელარუსს შეუძლია აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ოღონდ თქვენ რუსეთს უნდა გადასცეთ ბიჭვინთის აგარაკის ტერიტორია, 200 კვადრატულ კილომეტრამდეო. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა კულუარულად საუბარი. ასე რომ, ორმხრივი კომბინაციაა - თქვენ აძლევთ ბიჭვინთას, ჩვენ გაძლევთ აღიარებას”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლუკაშენკო ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს”.

 

“აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან, რომ ბიჭვინთის აგარაკების დიდი მონაკვეთი რუსეთის მთავრობას გადასცენ. არადა, მაქსიმუმ ოქტომბერში აფხაზეთში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს და ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადაეცეს. ამიტომ პუტინმა, როცა სოჭში ლუკაშენკოს შეხვდა, შესაძლოა ის აიძულა, რომ ჩასულიყო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე და იქიდან დალაპარაკებოდა აფხაზ ხალხს. ვფიქრობ, ლუკაშენკო იძულებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ჩავიდოდა. ბიჭვინთის აგარაკზე მისი ჩასვლა დაახლოებით ასეთი მესიჯია: “აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე ბიჭვინთა უნდა გადასცეთ რუსეთს”. მე ასე ვკითხულობ - ჯერ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და შემდგომ აღიარება - დაახლოებით ასეთი ლოგიკაა. ეს დამატებითი რესურსია ამ საკითხის რატიფიკაციის მომხრეებისთვის, აი, ბელარუსი გვაღიარებს და საჭიროა ამის გაკეთებაო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“კრემლი მაქსიმალურად ცდილობს არ დააზიანოს “ქართული ოცნების” მდგრადობა საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ბიჭვინთის გადაცემის შემდეგ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შესაძლოა რუსეთს პრობლემები შეექმნას საქართველოში. ამიტომ ლუკაშენკო ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობს შესაძლო აღიარებაზე - არ ჰპირდება, არ ამბობს, შეიძლება გაღიაროთო. მთავარი ის არის, რომ ჩაერთო პროცესებში როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს. მერე რა იქნება, ეს აღარაა მთავარი, “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია - თან ბიჭვინთის მითვისება უნდა, თან არ უნდა ქართველი საზოგადოების გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება ჩამოაგდოს “ქართული ოცნება”. ამიტომ შეპირება აღიარებაზე ძალიან ბუნდოვანი და არადამაჯერებელია - მომეცით ბიჭვინთა და მერე ვილაპარაკოთო, დაახლოებით ეს მომენტია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ბელარუსის ოფიციალურ განცხადებაში ამ ე.წ. ვიზიტის შესახებ აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც, მისი აზრით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას”, - პასუხობს:

 

“ეს არის ძალიან უსუსური ცდა, გაამართლონ და ნამუსი მოსწმინდონ ლუკაშენკოს და შეამცირონ ამ ფაქტის სიმძიმე. იმის ნაცვლად, თქვან, რომ ეს ყოვლად მიუღებელია, ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით ბელარუსს, რომ გაათეთროს ლუკაშენკოს უმსგავსი საქციელი. ყოვლად მიუღებელი და მძიმეა, ვიდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, როდესაც ქართული მხარე ცდილობს შექმნას ილუზია, რა მოხდა მერეო. პირიქით უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს მკაცრი რეაქცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ბელარუსთან ერთად ვართ ეუთოში, გაეროში და უნდა მოვითხოვოთ, რომ განიხილონ ეს საკითხი და მკაცრი შეფასება მისცენ. ამის ნაცვლად კი ჩვენ სიტუაციას ვარბილებთ. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქცევაა”.

 

“... გეთანხმებით, რომ თავიდან ხელისუფლების პოზიცია იმდენად ადეკვატური იყო, რომ არც ველოდი ამდენს, მაგრამ მეორე დღესვე შეიცვალა. როგორც ჩანს, რუსეთიდან მისცეს მითითება, რას ჰგავს თქვენი საქციელი, ნუ გეშინიათ, აღიარება არ იქნებაო. აღიარება, ალბათ, მართლაც არ იქნება, რადგან რუსეთისთვის მთავარია ბიჭვინთა, აფხაზეთის აღიარება კი ახლა არაფერში სჭირდება. მით უმეტეს, რომ რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს პრორუს ხელისუფლებასთან და რატომ უნდა გააფუჭოს? ეს ყველაფერი ბიჭვინთის გამო ხდება. ან შეიძლება ჩვენებსაც ატყუებენ. მაგრამ კობახიძემ ისე თამამად გააკეთა ეს განცხადება, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, აღიარება არ იქნება და ამიტომ სცადა ბელარუსისთვის პირის მოწმენდა”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

 

“აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ აღიარებენ, ამიტომ, ალბათ, მისცემენ ბიჭვინთას. ჩემსავით რომ ფიქრობდნენ აფხაზები, შესაძლოა ეთქვათ, ნუ ავყვებით ამ მანიპულაციასო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ. აფხაზეთში წინააღმდეგობა იყო მაშინ, როცა ხედავდნენ, რომ რუსეთს ბიჭვინთას აძლევდნენ, ასე ვთქვათ, უფასოდ და ახლა საპირწონედ დადგა ბელარუსის მხრიდან აღიარება. ზოგიერთი იტყვის, ჯანდაბას ბიჭვინთა, თუკი აღიარებას მივიღებთო, მაგრამ ბიჭვინთას გასცემენ და აღიარებას არ მიიღებენ. მიიღებენ მხოლოდ შეპირებას, კარგი დრო რომ დადგება, მაშინ გაღიარებთო. ბელარუსს არაფერში სჭირდება აფხაზეთის აღიარება. ლუკაშენკო იძულებული იყო, ჩასულიყო. არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ დსთ-თან არ გაიფუჭოს ურთიერთობა. ერთადერთი, ვინც მას ელაპარაკება, დსთ-ის სახელმწიფოებია და მათ ამ ჩასვლით ეუბნება, მიმიფურთხებია თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვისო. იმ პატარა კლუბშიც კი, სადაც მას ხელს ართმევენ, იქაც კი მიუღებელი გახდება და ამიტომ მას არაფერში სჭირდებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მით უმეტეს, აღიარება, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

 

“საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ვთქვი, გაეროსა და ეუთოში ძალიან მკაცრად უნდა დააყენოს საკითხი. კობახიძის განცხადებისნაირი პოზიცია კი არ უნდა იყოს, რა მოხდა, შავი ზღვის სანაპირო მოინახულაო, არამედ საჭიროა მკაცრი განცხადებები, რომ ეუთოსა და გაეროს წევრი სახელმწიფო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. გაუგონარი რამაა - ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც აკრძალული აქვს ყველას იქ შესვლა. ის ყირიმში არ ჩასულა, მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებდნენ და არათუ არ ჩავიდა, გამოსვლები ჰქონდა, რა აუცილებელია ჩემი იქ ჩასვლა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რუსეთთან რომ ვმეგობრობო. მაგრამ ჩავიდა აფხაზეთში, რაც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბელარუსის უშიშროების სამსახურთან დადებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აბსურდული ხელშეკრულება და უპირველესად ის უნდა გაუქმდეს, რადგან მასში აშკარად ჩანს უშიშროების სამსახურების რუსეთთან ბმა. ახლა ამ სიტუაციის გამოყენება ამ პრობლემის მოგვარებისთვისაც შეიძლება. პოლიტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - დასძენს ზაქარეიშვილი

წაკითხვა 327 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.