May 14, 2024

ბირთვული შანტაჟი და ნებისყოფაზე თამაში - “მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, საფრთხე არსებობს და ვერავინ იტყვის რას იზამს”

“ფრონტის ხაზზე უკრაინელები წინ ძალიან სწრაფად მიიწევენ - მათ მიერ გათავისუფლებული სოფლების თუ ქალაქების შესახებ ინფორმაცია საათობრივად იცვლება. რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის კიდევ 12 დასახლება გათავისუფლებულია.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს. საერთო ჯამში კი დეოკუპირებულია ოლქის 50-ზე მეტი ქალაქი და სოფელი. გათავისუფლებულია ასევე ხარკოვის ოლქის ბოროვას დასახლება. კიევის კონტროლს დაუბრუნდა ასევე სოფელი ბოგუსლავკა, სადაც მეომრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ღირსეული დახვედრა მოუწყო. უკრაინული დროშა სამხედროებმა ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდის დასახლებაშიც აღმართეს. მანამდე კი ამ ოლქებში რუსი აგრესორების პოზიციებზე მასირებული შეტევა განხორციელდა. მხოლოდ ავიაციის 9 დარტყმის შედეგად, ოკუპანტების 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 31 ტანკი და 27 ჯავშანმანქანა განადგურდა. ლიკვიდირებულია 90-მდე რუსი სამხედრო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბირთვული შანტაჟი და ნებისყოფაზე თამაში - “მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, საფრთხე არსებობს და ვერავინ იტყვის რას იზამს”.

 

“რუსულმა ჯარებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ქალაქ ბილაცერკვას. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. რუსულმა ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია, ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლის მიმართულებით 25-ჯერ გაისროლეს. რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმები მიიტანეს მიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქების მიმართულებითაც. პარალელურად, ცნობილი ხდება დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 625 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ფსევდო-რეფერენდუმებისგან ამ კვირას უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით. ამის შესახებ მან საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დღეს ფრონტის წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. კერძოდ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან”, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერი სახის დიალოგს გამორიცხავს. უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ოფიციალურად ეწინააღმდეგება კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა. “თაიმსის” ინფორმაციით, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი ბირთვული მატარებელი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს. გამოცემის ცნობით, მატარებელი, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე. “თაიმსი” წყაროზე დაყრდნობით წერს რომ პუტინი მზადაა, ვითარების ესკალაციისთვის მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს. ბირთვული მატარებელი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაზეც საერთაშორისო პრესა წერს. დასავლეთისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ბაზირების ადგილიდან გაუჩინარებული ატომური წყალქვეშა ნავი “ბელგოროდია”, რომელიც ამერიკული დაზვერვის ვარაუდით რუსეთის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღის - “პოსეიდონის” ტორპედოს გამოსაცდელად გავიდა. წყაროს ცნობით, საფრთხეზე ნატომ მოკავშირეები უკვე გააფრთხილა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ნატო კი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდისთვის შესაძლო მზადების ნიშნებს, ჯერჯერობით, ვერ ხედავს, მაგრამ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. “რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვხედავთ, მაგრამ ნატო და ალიანსის წევრები ფხიზლად რჩებიან”, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან ბირთვული მატარებლის მიტანა ერთადერთი კოზირის თამაშს ჰგავს, რადგანაც ომის წაგების პირას დგანან. ბარბაქაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამით რუსეთს უნდა დასავლეთი “დუხიდან დააგდოს”, ან სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. გამოუვა, არის თუ არა შემსრულებული ეს უკვე სხვა საკითხია. ფაქტია, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს და მსოფლიო დიდი რისკის წინაშე დგას. უკრაინის ანექსიაც არ გამოუვიდა, მაგრამ ომი დაიწყო, ამიტომ პუტინის სიტყვების წაყრუება არ შეიძლება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“პუტინის ბოლო დღეებში დაწყებული ბირთვული იარაღით შანტაჟი დასავლეთზე და უკრაინის ნებისყოფაზე თამაშია. ამით ფსიქოლოგიურად დასავლეთის გატეხვას ცდილობს. ხან ბირთვული მატარებელი გაადადგილა, ხან გემი გაუჩინარდა და ვითომ ვერ პოულობენ. ეს არის პუტინის სასოწარკვეთილი ადამიანის თამაში, რომელიც ბირთვული იარაღის სახით ბოლო კოზირის გათამაშებას ცდილობს. დასავლეთმა როგორც ღიად, ასევე კულუარულად გააფრთხილა პუტინი ამ ყველაფერს რა შედეგიც მოყვება, მაგრამ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინის ანექსიაც არ გამოუვიდა, მაგრამ ხომ დაიწყო? ამიტომ საფრთხე არსებობს და ასე ხელაღებით ვერავინ იტყვის რას იზამს. რუსეთის ფორნტის ხაზი სრულიად იშლება და ეს ყველაზე კარგად ხარკოვის ოლქში გამოჩნდა. ამიტომ სიტუაცია კიდევ უფრო დარამატულად განვითარდება, რადგან რუსეთმა მობილიზაციასაც თავი ვერ მოაბეს და 3-შრიან თავდაცვის ზღუდესაც ვერ აგებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკია ბარბაქაძე.

 

“მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინელები სწრაფად იჭრებიან და ანადგურებენ რუსებს. ფლანგებიდან უტევენ და რუსები გადაწყობას ვეღარ ახერხებენ. ისინი უფროსის გადაწყვეტილებაზე არიან ჩამოკიდებული, სანამ მისგან ბრძანება მოუვათ, ჯარისკაცები არაორგანიზებულ გაქცევას იწყებენ. შემდეგ ფრონტის გასწორებას ვეღარ ახერხებენ და უკრაინელები მათ მიერ მიტოვებულ ადგილებს სწრაფად იკავებენ. უკრაინელებმა გარდა ლენდ-ლიზისა, რომელიც უკვე 1 ოქტომბერს ამოქმედდა, რუსების ძალიან ბევრი მიტოვებული ტექნიკა ხელთ ჩაიგდეს. ხერსონში წარმატება რამდენიმე საათების თუ არა, დღის ამბავია. უკრაინელები ბევრ ინფორმაციას მიზანმიმართულად კეტავენ და ეს ძალიან სწორი ტაქტიკაა. უკრაინამ ხერსონი თუ აიღო, ეს მისცემს შესაძლებლობას, რომ ოპერატიული გასასვლელი მოიპოვოს. საშულება ექნება, რომ შავ ზღვაზე გავიდეს. ასევე რუსებისთვის ძალიან დიდი ფსქოლოგიური დარტყმა იქნება”, - დასძენს პოლკოვნიკი.

წაკითხვა 194 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.