რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და რატომ გამოცხადდა ძებნა მხოლოდ ცხინვალელ ე.წ. ჩინოვნიკებზე

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არც ერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს ნიშნავს 2008 წელს საომარი მოქმედების დროს, რუსეთის მხრიდან ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მაღალ დონეზე აღიარებას.

“ქართული ოცნება” ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგაც, ენმ-ს მაშინდელ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ევროპის საბჭოში იმ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც საკუთარ ჯარისკაცებს აბრალებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას ანტისახელმწიფოებრივი იყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება და რატომ გამოცხადდა ძებნა მხოლოდ ცხინვალელ ე.წ. ჩინოვნიკებზე.

 

“პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები ჯერ კიდევ ზაფხულში გაიცა. მინძაევი დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი შს მინისტრია, გუჩმაზოვი - ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორის ყოფილი ხელმძღვანელი, სანაკოევი კი - ყოფილი ე.წ. ომბუდსმენი. კარიმ ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. “ქართული ოცნების” ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგაც, სამშობლოს ღალატში და “ომის დანაშაულებში”, რეზოლუციაზე ხელმოწერით, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მდინარაძე ამ შედეგს იუსტიციის ყოფილ მინისტრის თეა წულუკიანისა და “ოცნების” ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს და მათ მადლობას უხდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც შეეხება ენმ-ს პოზიციას, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ “თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ”. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ჰააგის საერთაშორისო სასანმაღთლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2008 წელს საომარი მოქმედების დროს, რუსეთის მხრიდან ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაღალ დონეზე აღიარებას ნიშნავს”, - დასძენს გამოცემა.

 

“გადაწყვეტილების მნიშვნელობა დიდია. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ძალიან მაღალი ინსტანციის სასამართლოა გაეროს სისტემაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს საომარი მოქმედების დროს ქართული მხარის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მაღალ დონეზე აღიარებას. ამ გადაწყვეტილებას კი ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როცა საკითხი დადგება ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ. რაც შეხება “ოცნების” ბრალდებას, ეს შინაური პოლიტიკური გარჩევები და ორ პოლიტიკურ ძალას შორის ურთიერთობის თემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

წაკითხვა 201 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.