“ნაცმოძრაობის” მეჩხერული აქციები გრძელდება - რატომ არ მიდის ხალხი ხაბეიშვილის დაანონსებულ საპროტესტო კვირეულზე

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული მორიგი აქცია ჩავარდა ხალხის შესამჩნევი სიმეჩხრის გამო, ისევე როგორც ანალოგიური შეკრება სამშაბათს მთავრობის სასახლესთან. ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ ეს არის იმის ნათელი მტკიცება, რომ ხალხს “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაანონსებული რევოლუციები არ აინტერესებს.

პარტიაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი პარლამენტისთვის ბოიკოტი და მანდატების შესაძლო დატოვება გახდა. ნიკა მელია და მისი ფლანგი ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ფიქრობენ, რომ ეს ზუსტად ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა ორთვიანი განხილვის მერე საბოლოოდ მაინც არ დააკმაყოფილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობის” მეჩხერული აქციები გრძელდება - რატომ არ მიდის ხალხი ხაბეიშვილის დაანონსებულ საპროტესტო კვირეულზე.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა: 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში; 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, “საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება”. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ბოიკოტი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ენმ-ს ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია”, - ამბობს თეა წულუკიანი. “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას, რომელიც პროტესტის ფორმის საკითხს უკავშირდება, მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ მანდატები დასატოვებლად ენანება, ვინაიდან ეს მათთვის და კეზერაშვილისთვის დამატებით ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რეალურად მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მეორე, მათი ფინანსები ბუნებრივია არის შეღავათი კეზერაშვილისთვის, ისინი თუ მანდატებს დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი იმ ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს “ნაცმოძრაობის” შესაბამის ფრთას. ჩვენთვის არც ასე, არც ისე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რეჟიმში იქნება “ნაცმოძრაობა”, მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში, ეს არის მთავარი რეჟიმი, რომელიც ახასიათებს დღეს ამ პარტიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი და ეს ძალიან კარგია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ისწავლა და ერთსა და იმავე წრეზე ტრიალს აგრძელებს. იმის ანალიზსაც ვერ აკეთებენ, ქუჩაში ხალხი კი არა, მათი ამომრჩეველი მაინც რატომ არ გამოდის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი რევოლუციების დაანონსება და მერე კომიკურ ვითარებაში თავის ჩაგდება, ყველაზე მეტად პარტიას აზიანებს, რაც ხელისუფლების პოზიცის კიდევ უფრო ამყარებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ის, რასაც უკვე მეორე დღეა ვუყურებთ, მოსალოდნელიც იყო და ამაზე არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი საუბრობდა. როცა თამასას ამხელაზე მაღლა წევ, ის მაინც უნდა იცოდე, რა სახის ზიანი შეიძლება მოგიტანოს. შეცდომა იყო თავიდანვე იმაზე საუბარი, რომ თუ მოსამართლე სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებდა, მაშინ ხელისუფლება ქუჩაში ომს და რევოლუციას მიიღებდა. სააკაშვილს ფიზიკურად დავიხსნიო, ხაბეიშვილი ამბობდა. რას ვუყურებთ დღეს? ვუყურებთ იმას, რომ ხალხს რადიკალიზმი, რევოლუცია და დაპირისპირება არ სურს. მითუმეტეს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება და მანდატების დატოვება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ნაციონალები პარლამენტში არც არაფერს აკეთებდნენ, არ ვიცი, დარბაზში რაღაცა სითხის დასხმა მათ თუ საპარლამენტო საქმიანობა ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. სხვაგვარად, რაც პარლამენტში შევიდნენ, არაფერიც არ გაუკეთებიათ. მსგავსი საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა. რა მიიღეს? წავიდა სადმე “ოცნება”? ხელისუფლება გადაიბარეს? ხალხს ეს პროცესი უკვე კომიკურად ეჩვენება და სანამ ენმ-ი როგორც პარტია სრულად არ დაშლილა, გონს მოეგონ და პარლამენტში პოლიტიკუირ ცხოვრება გააგრძელონ. სხვაგვარად მათი რეიტინგი 6%-იდან კიდევ უფრო დაბლა დაიწევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 255 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.