4 თვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე - რაზე მიანიშნებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში

“ევროკომისიის შუალედური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესზე არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, მიანიჭებენ თუ არა წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

“რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ 4 თვეა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას წესით არ უნდა გაუჭრდეს სასურველი შედეგის მიღწევა. ევროკომისიამ 21 ივნისს ბრიუსელში გამართულ ზეპირ მოსმენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უკვე გააცნო თავისი შალედური ანგარიში. ხუთშაბათს კი მას სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4 თვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე - რაზე მიანიშნებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში.

 

“ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში ცალკეული რეკომენდაციების პროგრესის შეფასება დაყოფილია კატეგორიებად “სრული”, “ნაწილობრივი”, “შეზღუდული” და “არანაირი პროგრესი”. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან 3 შეფასებულია, როგორც “სრულად” შესრულებული - ეს ეხება გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სახალხო დამცველის დანიშვნას. ნაწილობრივად “შესრულებულად” ჩაითვალა 7 რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ევროკომისიის შეფასებით, “შეზღუდული” პროგრესი იქნა მიღწეული დეოლიგარქიზაციის კუთხით. ხოლო მედია პლურალიზმთან დაკავშირებით “არანაირი პროგრესი” არ არის მიღწეული. შედარებისათვის, ამავე ანგარიშის თანახმად, მოლდოვამ სრულად შეასრულა ცხრა პრიორიტეტიდან სამი; ხოლო უკრაინამ სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, მას კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხის მოლოდინი, საწუხაროდ, არ აქვს. “ევროპარლამენტში ვნახეთ დებატები და მოვისმინეთ პირდაპირ როგორ აცხადებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა სახის პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ამის კიდევ მეტი საბაბი მისცა: ჯერ როცა ე.წ. აგენტების რუსული კანონი მიიღო და რაც მოხდა ვნახეთ და ახლა დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელსაც ასევე ცინიკურად მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კი, ბატონო, ახლა ამბობენ, რომ დეკემბრამდე მიღებას გადავდებთო, რადგან შარლ მიშელმა პრემიერს სთხოვა არ მიიღოთო. მიუხედავად იმისა, რომ ელჩმაც განაცხადა - ამ კანონის ამოღებას არ ვაპირებთ რეკომენადციებიდანო, ხოლო ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით კანონში ბევრ ხარვეზებზე მიგვითითა, მაინც იგივეს გაიძახიან”, - ამბობს გოგოლაშვილი, რომლის თქმით, “ყველაზე სკეპტიკურად მაინც გერმანიაა განწყობილი და არავინ იცის შოლცმა ღარიბაშვილს კარს მიღმა რა ესაუბრა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ტვიტერზე” გამოქვეყნებული განცხადება რადიკალურად სხვა შინაარსის არის, რასაც პრემიერს შოლცი კარს მიღმა ეტყოდა. შარლ მიშელმაც კარს მიღმა სრულიად სხვა რამ უთხრა პრემიერს. გახმაურდა, რომ გერმანიამ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით გარკვეული კონცეფცია შეიმუშავა და იქ წერია, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ, ხოლო საქართველოს საკითხმა ცოტა იქით გადაიწია. უკვე აქედანაც გასაგებია შოლცმა ღარიბაშვილთან რაზეც ილაპარაკა. უბრალოდ ამას არ ახმაურებენ. შუალედური დასკვნიდანაც ჩანს, რომ საქართველოში სისტემური ცვლილებებია საჭირო და ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემენ. ამის გარდა, ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობები თბილი არ არის. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის საგარეო და უსაფთხოების საკითხებში ერთობლივ განცხადებებს არ უერთდება, დამატებით კითხვებს აჩენს ეროპელებისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

 

“არცთუ კარგ ურთიერთობას რუსეთიდან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლაც დაემატა. საქართველოს ხელისუფლებამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილებები, რომ ევროპელებთან კონსულტაციებიც კი არ გაუვლიათ. ასევე, ბოლო დროს, რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერიოდი, ჩვენი ხელისუფლებიდან ძალიან უცნაური რიტორიკა ისმის - ბრალდებები იმაზე, რომ დასავლეთს საქართველოში ომის დაწყება უნდა და ა.შ. ევროპარლამენტარებმაც თქვეს, ამის მოსმენა უკვე მოგვწყინდაო. ყველაფერი ეს ხომ ჯამში ურთიერთობას აფუჭებს. ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუ გინდათ მიგიღოთ ჩვენთან, მოიქეცით ასე და ასე. ესენი პირიქით იქცევიან და თან დაჟინებით მოითხოვენ - მიგვიღეთო. სამწუხაროდ, სტატუსს ქვეყანას აძლევენ, ხალხს კი არა. გასაგებია, რომ ხალხს უნდა, მაგრამ თუ სახელმწიფომ ის მოთხოვნები არ შეასრულა, რაც გვითხრეს, ამის გარეშე არავინ არსად მიგვიღებს”, - დაასკვნის გოგოლაშვილი.

 

“ფონდის “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ შუალედური დასკვნით წინასწარ ვერ ვიტყვით მოგვანიჭებს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუს. ჩხიკვაძის აზრით, ოქტომბრამდე დრო ჯერ კიდევ დარჩენილია, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. ჩხიკვაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ნამდვილად აქვს სურვილი, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ოქტომბრამდე დიდი დროა დარჩენილი და ამ ოთხ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამიტომ წინასწარ რაიმეზე მოლოდინის შექმნა, რომ ან დადებით პასუხს მივიღებთ და ან უარყოფითს, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. მაგ დროისთვის შესაძლოა, თუკი ხელისუფლების პოლტიკიური ნება იქნება, ბევრი რამ გაკეთდეს. ასევე არაა გამორიცხული კიდევ უფრო გაფუჭდეს ურთიერთობა ევროპასთან, ან ქვეყნის შიგნით სიტუაცია. ამის გამოცდილებაც გვქონია, ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე მოლოდი არაპროფესიულია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყანაა საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან შესაძლოა აზრი ბევრმა მათგანმა შეიცვალოს, თუკი 12 პუნქტი სრულად შესრულდება; თუნდაც გერმანიამ, რომელზეც არის საუბარი, რომ ჩვენს მიმართ მათ სკეპტიციზმი აქვთ. ბევრი სცენარით შესაძლოა მოვლენები განვითარდეს და მე ვუშვებ იმას, რომ შესაძლოა გარკვეული დათქმებით კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ამის შანსი 50/50-ზეა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

წაკითხვა 199 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.