April 30, 2024

მოსკოვის ულტიმატუმი თბილისს - რატომ ალაპარაკდა კრემლი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე

“რატომ დაიწყო კრემლმა კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თემის აქტუალიზება და საქართველოსთვის ფაქტობრივად ულტიმატუმის წაყენება.

შესაძლოა თუ არა მოსკოვი თბილისი წინააღმდეგ დაძაბულობის ახალ კამპანიას იწყებდეს - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციას გაამწვავებს. მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა უზრუნველყო 2008 წელს ომის შეჩერება, თუმცა, თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან, აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთთან მიერთების პერსპექტივა არსებობს. “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები... დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრა”, - განაცხადა მედვედევმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვის ულტიმატუმი თბილისს - რატომ ალაპარაკდა კრემლი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე.

 

“დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვართან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, - განაცხადა მედვედევმა, რომლის თქმით, დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება “მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა - ჩვენ რუსეთს საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე. მისივე თქმით, მედვედევის გზავნილი პროვოკაციაა და მას საქართველო მშვიდად უნდა შეხვდეს. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ კრემლი სიტუაციის დაძაბვას ცდილობს საქართველოში და ეს არის შანტაჟი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი განმარტავს, რომ მედვედევის განცხადებები არასერიოზულად აღსაქმელია”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ უკრაინაში ვერ მიაღწიეს წარმატებას. უკრაინაში გრძელვადიანი ომი წარმოებს და ახალი მიმართულებაა საქართველო, რომელიც შედარებით სუსტია და ალბათ მოსკოვის გეგმებში არის, რომ დასავლეთის ძალები გაიყოს. ეს არის მუქარა საქართველოს მიმართ, რომ არ გაბედოს უკრაინის მხარდაჭერა. საიდან მოიგონეს, რომ სიტუაცია დაძაბულია საქართველოში, რუსოფობია არის და ა.შ. ეს ყველაფერი არის მაგათი უშიშროების სამსახურის შემუშავებული რაღაცა სცენარი. საბოლოო ჯამში გრძელდება საქართველოს დაშანტაჟება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იდეებით. სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, აფხაზეთს არასდროს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ რუსეთთან მიერთება უნდა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იქ მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის, რომ შეუერთდეს რუსეთს. მაგრამ, აფხაზები ამის წინააღმდეგი იქნებიან კატეგორიულად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

 

“ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის საქართველოს დაშანტაჟება. მაგრამ, ნუ ვიტყვით, რომ მუქარას რეალურად განხორციელება არ უწერია. იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა საქმე უკრაინაში, რანაირად გაგრძელდება ეს ყველაფერი. რუსეთს ურჩევნია, რომ მეორე ფრონტი არ გახსნას საქართველოში, არ მოახდინოს ძალების გაყოფა, მაგრამ, ასეთი დაშანტაჟებით დასავლეთს მაინც მოუწევს თავისი ძალების გარკვეული ფოკუსირება საქართველოზეც. რუსეთისთვის მომგებიანი არის დასავლეთმა თავისი ყურადღება მაქსიმალურად მიმართოს საქართველოსკენ, ეს უკვე შეასუსტებს მის ძალისხმევას უკრაინასთან მიმართებაში. ამიტომ დასავლეთსაც ძაბავენ, აჩვენებენ რომ უკრაინაში თუ ძალიან მაგრად მოგვაწვებით, აი, აგერ არის კიდევ ერთი სუსტი ადგილი საქართველო, რომელსაც ჩვენ მივხედავთ. ნებისმიერ სიტუაციაში ავაფეთქებთ საქართველოსთან სიტუაციას, შევიყვანთ ჯარს - აი, ასეთი სახის შანტაჟი მიდის დასავლეთისა და ჩვენიც”, - განმარტავს პოლიტოლოგი.

 

“რუსეთს იმდენი ხალხი ჰყავს საქართველოში უკვე ჩამოყვანილი, მათ შორის ალბათ უამრავი პროვოკატორი, დაზვერვის და უსაფრთხოების თანამშრომლები და ა.შ. მათ შორის სამხედროებიც არიან ალბათ, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათ ყოველთვის შეუძლიათ სიტუაციის არევა. რომ მოუნდეთ, არევენ სიტუაციას საქართველოში, მოაწყობენ ტერაქტებს, რუს ტურისტებზე თავდასხმებს და დააბრალებენ ქართველებს - რუსეთს ეს შეუძლია გამოიყენოს როგორც საბაბი და შემოიყვანოს ჯარები საქართველოში” - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

 

“უპირველესად გასათვალისწინებელია, ვისგან მოდის ეს სიტყვები, ბატონი მედვედევი ჯერ ერთი გახლდათ უაშუალო ინიციატორი და ხელმძღვანელი რუსეთის სახელმწიფოსი, როდესაც რუსეთმა აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ასე რომ ეს მის მიერ შექმნილი პრობლემაა. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მედვედევს ახასიათებს ექსტრემალური გამოხტომები, რასაც დიდი ხანია ყურადღებას არავინ არ აქცევს, ეს ყველაფერი აღიქმება როგორც არასერიოზული. ის იყო ავტორი ინიციატივის დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გამოყენების რუსეთის მიერ, ის ემუქრებოდა ასევე ჰააგას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ბირთვულ დარტყმას მიაყენებდა, თუკი ვინმე გაბედავდა ბატონი პუტინის დაპატიმრებას... რაც შეეხებასაქართველოს რატომ მაინცდამაინც ახლა - რუსეთის ეს ელიტის ფენა, რომელსაც წარმოადგენს ბატონი მედვედევი ახლა ცდილობს ყველანაირად როგორმე გაამწვავოს მდგომარეობა. სიტუაცია უკრაინაში პრაქტიკულად კრახით მთავრდება, და ეს მათთვის მიუღებელია. ამიტომ შეიძლება საქართველოს მიმართ ასეთი ტონით დაამთავრონ, შეიძლება სცადონ სხვა მიმართულებით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

წაკითხვა 508 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.