April 27, 2024

მზადდება თუ არა საკადრო გადაადგილება ხელისუფლებაში - ცვლილებების შესაძლო დრო, მოტივი და სავარაუდო სცენარები

“არის თუ არა მოსალოდნელი “ქართულ ოცნებაში” და ზოგადად ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციაში და შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეულ ნაწილშიც გაჩნდა მოლოდინი, რომ ის ასეთ ცვლილებებს გეგმავს.

ამის საბუთად კი ოპოზიციას კორუფციაზე მისი მინიშნება მოჰყავს. პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ განადგურებლი ოპოზიცია ხელისუფლების კონტროლს ვეღარ ახდენს და ამიტომ მმართველ გუნდში კორუფციის ცდუნების რისკები არსებობს, რომელსაც კონტორლი ესაჭიროება. მათი თქმით, ივანიშვილს ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. სახელისუფლებო პარტიის ყოფილ წევრები დარწმუნებული არიან, რომ პარტიაში გადაჯგუფებები იქნება. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვლენების განვითარებას დაელოდება. მათი აზრით, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, რომ კორუფციის თემით ამომრჩევლის ყურადღება უნდა მიიპყროს, მაშინ ამ მოტივით ცვლილებებს დაიწყებს. თუმცა ის ჯერ ოპოზიციურ ფლანგზე კონტურების საბოლოო გამოკვეთას დაელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მზადდება თუ არა საკადრო გადაადგილება ხელისუფლებაში - ცვლილებების შესაძლო დრო, მოტივი და სავარაუდო სცენარები.

 

“ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე”, - განაცხადა ივანიშვილმა 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილის სიტყვა ყრილობაზე შემთხვევითი არ ყოფილა. მისი თქმით, საზოგადოება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებიან იმ კონკრეტული პირების გამომჟღავნებას, რომლებიც სახელისუფლებო გავლენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ მოვლენების განვითარების ორი სცენარია მოსალოდნელი. იგი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები მოხდეს, ან არა და ივანიშვილმა არჩევნებისთვის შესაძლოა სრულიად ახალი გუნდი წარმოადგინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ფაქტი, რომ ივანიშვილმა უკვე ჩააწერინა პარტიის წესდებაში, რომ მას აქვს პრემიერის კანდიდატურის წარდგენის უპირობო უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, შეიძლება საკადრო ცვლილება განახორციელოს. მე მოვლენების განვითარების ორ ვერსიას ველი. პირველის მიხედვით, ის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს და ყველაფერს “ოცნების” ლიდერშიპს დააბრალებს. იტყვის, რომ აი, ქვეყანაში რომ არაფერი გაკეთდა და პრობლემებია, ამათი დამსახურებაა. ანუ მათ განტევების ვაცად გამოიყვანს. შეცვლის სრულიად პოლიტიკურ მოცემულობას და არჩევნებს ახალ მთავრობასთან ერთად შეხვდება. თუმცა ამ შემთხვევაში ისიც უნდა აღიაროს, რომ “ოცნებამ” შეცდომები დაუშვა და ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც იქნება. მე მაინც მიმაჩნია, რომ უფრო მეორე ვერსიას აირჩევს და არჩევნებისთვის სრულიად ახალ გუნდს წარადგენს. ამ ეტაპზე მათ ისევ ათამაშებს იმ როლს, რაც დაკისრებული აქვთ და თან მათ კონტროლს დაიწყებს. როგორც ჩანს, ის ტელეფონით “ოცნების” ლიდერებს ვეღარ აკონტროლებდა და ამიტომ დაბრუნება გადაწყვიტა. მან ეს ღიადაც აღიარა”, - აცხადებს გამოცემის კორესპსონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ადრე თუ გვიან საკადრო ცვლილებები მაინც მოსალოდნელი მგონია. შიდა დპირისპირება იმდენად არის გამწვავებული, რომ ცვლილებები აუცილებლად არის მოსალოდნელი... რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ “ხალხის ძალა” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს და 5%-იანი ბარიერიც კი გადაალახინონ. ის ალბათ “პატრიოტთა ალიანსის” ნიშას დაიკავებს, რადგან, გვინდა თუ არა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი. ეს 2016 წელს ნათლად გამოჩნდა, როცა “პატრიოტთა ალიანსს” 5%-იანი ბარიერი გადაალახინეს. ახლა ივანიშვილი ცდილობს შექმნას მოჩვენებითი ოპოზიცია, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ რამეში გამოიყენებს, თუკი დასჭირდება. ასეთი იქნება სწორედ “ხალხის ძალაც”, თუკი ის პარტიად ჩამოყალიბდა”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ საკადრო ცვლილებები „ოცნებაში“ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ის თუ აღმოაჩენს, რომ საარჩევნოდ სჭირდება ამომრჩევლის ყურადღების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლისკენ, მაშინ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს “ძალიან ცუდი დღე” დაუდგება. “ვფიქრობ, თუკი ივანიშვილი ჩათვლის, რომ ამომრჩევლის ინტერესს კორუფციისკენ ბრძოლით მიიპყრობს და დასჭირდება ადამიანები, ვისაც ყველა უბედურებას გადააბრალებს, მაშინ ეს იქნება პირდაპირი დარტყმები მთავრობის არაერთ წევრზე და მათ ძალიან ცუდი დღე დაადგებათ. მან ამასთან დაკავშირებით მინიშნებები უკვე გაკეთა და ერთგვარად თავიც კი დაიზღვია. “ხოლო თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილმა გუნდი მთლიანად ჩაანაცვლოს. ასე რომ, ის ცვლილებებს დაიწყებს იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება კონკრეტული მომენტისთვის. ჯერ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ის ელოდება გარკვეული მოვლენების განვითარებას ასევე ოპოზიციურ ფლანგზე და ამის მიხედვით დაიწყებს თავადაც მოქმედებას”, - ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, ეს უფრო გაზაფხულზეა მოსალოდნელი. სწორედ ამ დროს გამოჩნდება, დასჭირდება თუ არა ივანიშვილს ვინმეს გაწირვა”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 164 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.