April 27, 2024

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თურქმენიზაციის პროცესშია” - გია ხუხაშვილი

“შეიძლება საინტერესო გადაჯგუფება მართლაც მოხდეს, შეიქმნას ერთიანი ბირთვიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხთან, ფაქტობრივად, ხიდი აქვს ჩაკეტილი, როგორ გავა არჩევნებზე, ერთად თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა ერთიანობას ჰქონდეს რაღაც ეფექტი, მაგრამ არა სერიოზული შედეგის მომტანი.

ბოლოს ჩატარებულ ყველა კვლევაში ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერა სუსტდება, მაგრამ სუსტდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. ამომრჩევლის 40-დან 60%-მდე ამბობს, რომ არა აქვთ ღირსეული მომავლის არჩევანი. შესაბამისად, ამ ამომრჩევლისთვის პარტიები, რომლებიც მათ არ მოსწონთ, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე ისინი არ მივლენ ამ ამომრჩეველთან და არ დაარწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესად მართვა, ვიდრე არსებულ ხელისუფლებას”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება”.

“ასე რომ, მთავარი პრობლემა არის არა ალიანსები და ბლოკები, არამედ ამომრჩეველთან მუშაობა, ინტერაქციული კავშირი. ტელეეთერებიდან სიბრძნეების ფრქვევა არ კმარა. ოპოზიცია ჯერ ბევრს არაფერს აკეთებს. იმუქრებიან, რომ აი, ხვალ გავლენ ხალხთან, მაგრამ აგერ ჯერ საახალწლო ზეიმები ვერ მოითავეს, მერე წვიმები დაიწყება და ახლა ეს შეუშლით ხელს, მერე ზაფხული დადგება და დასვენება დასჭირდებათ, სიცხეში ხომ არ იმუშავებენ და ამასობაში დადგება შემოდგომაც და საარჩევნო დღეც... იმედია, ეს ყველაზე უარესი სცენარი არ გამართლდება და დაიწყებენ მუშაობას ამომრჩეველთან. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ პარტიების დაჯგუფებაზე რაღაც სინერგიის გასაჩენად, მაგრამ იმისთვის, რომ პარტიების გაერთიანება წარმატებული იყოს, მათ ჯერ დამოუკიდებლად უნდა ჰქონდეთ წონა. რამდენი ერთკაციანი პარტია ვიცით, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე სხვადასხვა პარტიას ეტმასნებიან და პარაზიტობის ხარჯზე ახერხებენ არსებობას. მათ არც პარტიული სტრუქტურა აქვთ, არც იდეოლოგია, ძირითადად, წარმოადგენენ თითო კაცს, რომლებიც ამა თუ იმ ძალას ეტმასნებიან და ახერხებენ საპარლამენტო მანდატის ჯიბეში ჩადებას. ამგვარ გაერთიანებებს შეიძლება პოლიტიკური ალიანსი ან ბლოკი ვუწოდოთ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მოკლედ, საჭიროა ამომრჩეველს გაუჩნდეს პოლიტიკური ძალების ნდობა. ამ ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” ასე წარმოადგენდა საკუთარ პოზიციას - კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ცუდი ბიჭები ვართ, მაგრამ სხვები ჩვენზე უარესები არიანო და სამწუხაროდ, მოახერხეს მთელი პოლიტიკური ელიტის კომპრომეტაცია. ოპოზიციამ ამას სერიოზული ვერაფერი დაუპირისპირა. დღეს ამომრჩეველში ღრმავდება ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც - თუ ადამიანს აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის და სხვა გზა არა აქვს, ის ერთჯერადად ადვილად იყიდება. ბუნებრივია, ასეთ ნეგატიური არჩევანისას იგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ბევრად მეტი რესურსი კი ხელისუფლებას აქვს და იღებს კიდეც შედეგს. რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას რესურსებით ვერ უპირისპირდება, მისთვის უმნიშვნელოვანესია პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, იმ პრობლემებზე ფოკუსირება, რაც აწუხებს ხალხს. ოპოზიციამ თუ მოახერხა მოქალაქეების დარწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათი პრობლემები უკეთესად გადაწყდება, მაშინ წარმატების იმედიც უნდა ჰქონდეს. ჯერ ამას ოპოზიციაში არავინ აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლებას ახლა ყველაზე მეტად მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის ეშინია, ამიტომაც არის, რომ ისტერიკულად ყველას “ნაცს” ეძახის. “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება ყველაზე მეტად სწორედ “ქართულ ოცნებაში” ეწყინათ. საქმე ისაა, რომ ივანიშვილს საარჩევნო პროცესში უყვარს სურათის გამარტივება - ე.წ. შუის გაკრეფა. მან უნდა გაატაროს ფრონტის ხაზი და შავ-თეთრად წარმოაჩინოს გარემო, სადაც თვითონ კეთილი ძალაა, დანარჩენი ყველა კი ბოროტი, რომლებსაც ერთ გემზე შესხამს და ჩაძირავს. მან არ იცის გაშლილი ფრონტით მუშაობა. შესაბამისად, ყველას “ნაციონალებს” ეძახიან. განსაკუთრებით კომიკურია, როდესაც მათ ყოფილ პრემიერს გახარიასა და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეძახიან “ნაცს”. წარმოიდგინეთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები, რომლებიც გადასკუპდნენ “ქართულ ოცნებაში”, გახარიას ეძახიან “ნაცს”... ეს ტექნოლოგია მათ კარგად იციან. შეეცდებიან საარჩევნოდ ისევ მიშას ფაქტორის აქტუალიზებას, მეტად გამოყენებას და ამ ძველ სცენარში ყველაფრის ჩატოვებას”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების ინდივიდუალური კომპრომეტაციაც ხდება. სახელისუფლებო პროპაგანდა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასეთია თამაშის წესები. ამიტომ, როდესაც იცი, როგორ იქცევა ოპონენტი, შენც უნდა იპოვო ამის საპირწონე რაღაც, რითაც დაუპირისპირდები. მუდმივად მდევრისა და თავის მართლების პოზიციაში არ უნდა იყო. ოპოზიციამ თვითონ უნდა შექმნას დღის წესრიგი, რასაც ჯერ ვერ აკეთებენ. დღის წესრიგს ისევ “ქართული ოცნება” აყალიბებს. ერთ ამბავს გავიხსენებ - რამდენიმე დღის წინ “ლელოს” ოფისი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სახელისუფლებო ჟურნალისტებს, ამბობდნენ, ჩამოყვანილი ჰყავთ ვიღაც ამერიკელი კონსულტანტი, რომელიც 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” უწევდა კონსულტაციასო. კაცი მას მერე აღარც ყოფილა საქართველოში... ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაცებთან” დააკავშირონ “ლელო”. ამას ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს... ან შენ უნდა შექმნა შენი დღის წესრიგი და ხელისუფლება ჩააყენო თავდაცვაში. გასაგებია, ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს, მაგრამ ამ დროს გჭირდება სწორედ მეტი კრეატივი და მეტი მუშაობა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც იმედიანად ვარ. მესამე ძალის მოთხოვნა საარჩევნო ბაზარზე დეფიციტურია, ამომრჩეველი ეძებს ღირსეულ არჩევანს. მას აღარ სურს წარსულსა და აწმყოს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არჩევა. როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში ამგვარ პროცესს ახასიათებს კანონზომიერება - როდესაც ჩნდება მოთხოვნა, ადრე თუ გვიან, მიწოდებაც გაჩნდება. ჯობს, ეს დროულად მოხდეს. ჯერ არ ჩანს, მაგრამ შანსი იმისა, რომ არჩევნებამდე რაღაც სიურპრიზები იქნება, არის. საქართველოში, როგორც წესი, პროცესები სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი ჯერ კიდევ აქვთ “ლელოსა” და გახარიას პარტიას. ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რაც სერიოზულ ძალად შეიძლება იქცევს, თუ სწორად წავიდა პროცესი. ვფიქრობ, ნიკა მელიას პარტია არ იქნება ხელწამოსაკრავი ძალა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი პრობლემა ხალხთან კომუნიკაციაა. მელიას კი აქვს ამისთვის საჭირო უნარები. მას შეუძლია მართლაც სოფელ-სოფელ იაროს, ხალხს ელაპარაკოს, განსხვავებული აზრიც მოისმინოს, თანაუგრძნოს მათ... მოკლედ, შეუძლია დინამიკური კამპანიის წარმოება, რასაც სხვა პარტიები ვერ ახერხებენ”, - თვლის რესპონდენტი.

“ვიღაცები კი ჩადიან რეგიონებში, მაგრამ იქ ვიღაც პროვოკატორი გამოჩნდება, ესენიც დამფრთხალები უკან ბრუნდებიან და ამით მთავრდება ყველაფერი. ჩვენ 2012 წელს ქვებსაც გვესროდნენ და საშინელ დახვედრასაც გვიწყობდნენ რეგიონებში, მაგრამ ჩვენ მაინც მივდიოდით. პოლიტიკა მკაცრი საქმეა... რაც შეეხება გვარამიას, როგორც ვიცი, ის მელიასთან ერთად იქნება. ამ ყველაფერმა “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი რა პროპორციით გაყო, ჩემთვის რთული სათქმელია. საერთოდ, რატომ გაიყო “ნაციონალური მოძრაობა~”? ეს იყო რაციოსა და ემოციის დატაკება - ანუ პარტიაში არსებობს სააკაშვილის, როგორც ბელადის რწმენა და მხარდამჭერთა ემოციური ნაწილი მზად არის ყველაფერზე თვალი დახუჭოს და ხაბეიშვილი - ეს აბსოლუტური პაროდია აიტანოს თავმჯდომარედ, რადგან ასეთია უზენაესის ნება... და იყო ნაწილი, რომელიც გაცილებით რაციონალურად ფიქრობდა... როგორი იყო ამ დაპირისპირებისას პროპორცია, ეს შემდგომ კვლევებში გამოჩნდება. გარდა ამისა, მელიას შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვაც. ამომრჩეველი ელოდება ლიდერებს უბანში, რაიონში, სოფელში და მელია, ჩემი აზრით, ამას გააკეთებს და ბევრი ადამიანის გულსაც მოიგებს. შეიძლება ისეთი სურათიც კი მივიღოთ, რაც ძალიან გაგვაკვირვებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” თურქმენიზაციის პროცესშია. ეს არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელიც როგორც კი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინვე გაქრება, როგორც გაქრა “მოქალაქეთა კავშირი”. ეს არ არის ფასეულობათა სისტემის ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა კავშირი, დაჯგუფება, რომლის წევრებიც საკუთარი ინტერესების იქით არ იყურებიან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას განიხილავენ - ეს არის მათი სამიზნე. მათ არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთი პროცენტიც კი დათმონ. რომ დათმონ, ამან შეიძლება პარტიას ისეთი ბზარი გაუჩინოს, მთელი კონსტრუქცია დაეშალოთ. ასე რომ, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის შედეგი, მათ შორის იმაზეც, როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში და ა.შ. დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “სხვათა შორის, ამჟამად მიმდინარეობს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნა...” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება. ღმერთმა არ ქნას ნატოსა და რუსეთის დაპირისპირება, რადგან ეს მსოფლიო ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს უფრო პროქსიომები იქნება, რაც ასევე ძალიან სახიფათოა, რადგან საბოლოოდ პირდაპირ შეტაკებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე. ჩვენ უკრაინის ომს ვადევნებთ თვალს, თუმცა ისრაელშიც ვხედავთ, რა ხდება, ძალიან საშიში ვითარებაა და ირიბად იქაც იკვეთება ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების ნიშნები. მოკლედ, სახიფათო ვითარებაა... იმედია, ეყოფა ყველას გონიერება და სამყაროს კატასტროფის პირას არ მიიყვანენ”...

წაკითხვა 165 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 29 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.