May 16, 2024

რა მოხდა კულუარებში - რატომ გაუშვეს სინამდვილეში ქობულია მინისტრობიდან

"რატომ გაუშვეს გიორგი ქობულია მინისტრობიდან და რა მოხდა კულუარებში - მას შემდეგ, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ, ივანიშვილთან ჰქონდა დაპირისპირება, რადგან რაღაც ობიექტი არ გაასხვისა და რომ ამის გამო აიძულებდნენ საკუთარი ნებით გადამდგარიყო მინისტრობიდან, ოპოზიცია ითხოვს, რომ ექსმინისტრი პარლამენტში მიიწვიონ და მოუსმინონ.

ოპოზიციის ამ მოთხოვნას მხარდაჭერა „ოცნების" მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, რომან კაკულიამ გამოუცხადა. უმრავლესობის სხვა დეპუტატები კი ქობულიას კრიტიკული განცხადებების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ და აცხადებენ, რომ წესით, ყოფილ მინისტრს ჯერ უმრავლესობასთან და უკვე ყოფილ გუნდთან ერთად უნდა განეხილა, თუკი რამე პრეტენზია ჰქონდა და ასე საჯაროდ კრიტიკა მიუღებელია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მოხდა კულუარებში - რატომ გაუშვეს სინამდვილეში ქობულია მინისტრობიდან

 

"ოცნების" დეპუტატების მხრიდან ექსმინისტრის საჯაროდ გაკიცხვის შემდეგ ქობულიამ „რუსთავი 2"-თან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, კიდევ ერთხელ ახსენა სიტყვა - კონფლიქტი, თუმცა ასევე განაცხდა, რომ რაც თქვა კონფლიქტზე, ეს იყო მაქსიმუმი, რის თქმასაც აპირებდა და დატალებს საჯაროდ არ განიხილავს. „მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ქობულიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მისი ამ მეორე განცხადების შემდეგ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდა, რას შეეხებოდა კონფლიქტი მასა და „ოცნების" ხელმძღვანელობას შორის, რა გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ და რა მიზეზით, ასევე ბიძინა ივანიშვილი რომელი ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა მისგან და რა შიდა ინტრიგები არსებობს „ოცნების" სამთავრობო კაბინეტში. ქობულიას საპარლამენტო ფორმატში დაბარების და მოსმენის ინიციატივა ორშაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დააყენა „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ. გოცირიძის თქმით, ქობულიამ ძალიან ბევრი საგანგაშო რამ თქვა, ამიტომ კომიტეტმა უნდა განიხილოს ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგები, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზები. დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ქობულიას მოწვევა კომიტეტის წევრებთან განეხილა. თუმცა ქობულას დაბარების საკითხის დასმას კომიტეტზე დიდი განხილვა-ხმაური მოჰყვა და საბოლოოდ, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ქობულიას დაბარებას მხარი არ დაუჭირა“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის,"- ქობულიას დაბარებას მხარი დაუჭირა რომან კაკულიამ. მისი თქმით, თუკი გიორგი ქობულია დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას დააპირებს, ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერია. „მე ვფიქრობ, რომ ეს სიჩუმე თუ მათი ორმხრივი შეთანხმების საგანი არ არის და ქობულია დაარღვევს ამ სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ახლა, ურეაქციოდაც ვერ დავტოვებთ,"- განაცხადა კაკულიამ. ქობულიას შესაძლო მოსმენა კატეგორიულად უარყო რევაზ არველაძემ“, - დასძენს გამოცემა.

 

"პირადად ჩემი აზრი უარყოფითია ბატონო რომან, (გოცირიძე). მე თუ არ ვცდები, არ ვესწრებოდი იმ სხდომას, მაგრამ მან გააკეთა ანგარიში თავისი გაწეული საქმიანობის თაობაზე. თუ რაიმე ასეთი იყო, მაშინ უნდა ეთქვა... ახლა, ნაწყენი კაცის პოზიციიდან ინტერვიუების გაკეთება, ჩვენ ერთი და ორი არ გვინახავს ასეთი," - განაცხადა არველაძემ. მან ქობულიას თავმოყვარეობაც დაუწუნა. „თუ ხარ, გინდა შენი საქმის სპეციალისტი და ცოტა გაგაჩნია თავმოყვარეობაც, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე უარყოფით მხარეებზე. ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის განაწყენებული. მე არ მიმაჩნია, რომ მისი აქ მოსვლა რაიმე დადებითს მისცემს ქვეყანას, უარყოფითს შეიძლება," - დასძინა არველაძემ. ქობულია გააკრიტიკა და მისი პარლამენტში დაბარების წინააღმდეგი წავიდა „ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ ყოფილი მინისტრი ჯერ თანაგუნდელებთან გაივლიდა კონსულტაციას. „ამ ეტაპზე ჩემთვის გაუგებარია ის შემოთავაზება, რომელიც მან გააკეთა კომიტეტზე მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო კორექტული იქნებოდა თავიდანვე ერთმანეთში საუბარი. ჩემთვის გაუგებარია, ტელევიზიით აღნიშნულ საკითხებზე საუბარი, მაშინ როდესაც ჩვენ, როგორც გუნდის წევრებთან მას არ ჰქონია ამ თემაზე კომუნიკაცია. არ ვიცი ეს ყოველივე რამდენად კორექტულია," - განაცხადა წილოსანმა“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 631 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.