November 22, 2024

მეცნიერების წარმოუდგენელი წარმატება - არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენი ხსნა? 


სიახლე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჰორიზონტზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოჩნდა, აჩენს იმედს, რომ შესაძლოა მალე “კოვიდ-19” პანდემიის დასასრულიც გამოჩნდეს.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა 95%-ს აღწევს. ეს სიახლე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ...  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.  ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას უკვე შეკვეთილი აქვს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა, რისთვისაც წინასწარ  “კოვაქს” პლატფორმას 4,5 მილიონი დოლარი უკვე გადაუხადა.


როგორ გამოიცადა ვაქცინა? რა ეტაპები გაიარა? რა როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში? - ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge-ს  Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.


- როგორ გამოიცადა ვაქცინა, რომელსაც მსოფლიო მალე ელოდება?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეცნიერების წარმოუდგენელი წარმატებაა, მათ 10 თვეში შექმნეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 95 %-ია. ჩვეულებრივად ვაქცინის შექმნას მინიმუმ 5 წელი სჭირდება. ალბათ მკითხველს აინტერესებს, როგორ მოხდა ასე სწრაფად ვაქცინის შექმნა და რამდენად უსაფრთხოა ის. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ასე სწრაფად შეიქმნა ვაქცინა, ის არის ძალიან უსაფრთხო, მინიმალური/ან მთლიანად ნულოვანი უკუჩვენებებით.მოკლედ, ვაქცინის შექმნა ჩვეულებრივად რამდენიმე ეტაპს მოიცავს :

 

1. ვირუსის ბიოლოგიური და ფიზიკური თვისებების შესწავლა და დახასიათება. ეს მოიცავს ვირუსის გენური სტრუქტურის განსაზღვრას, რაც 15-20 წლის წინ მოითხოვდა რამდენიმე წელიწადს. უკანასკნელ წლებში, გენური კოდის გამშიფვრელი თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნის შედეგად ამის გაკეთება უკვე შესაძლებელია, დაახლოებით ერთი-ორ კვირაში.  სწორედ ამის საფუძველზე კოვიდის ვირუსის მიღებიდან 2 კვირაში მეცნიერებმა უკვე იცოდნენ მისი სტრუქტურა და გენური შემადგენლობა. 

 

2. ვირუსთან მებრძოლი ნივთიერებების შექმნა. დღემდე, ინფლუენზის საწინააღმდეგო ვაქცინაში გამოიყენება იგივე ინფლუენზის მკვდარი ვირუსები. ეს მკვდარი ვირუსები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწვევენ იმუნური სისტემის გააქტიურებას და გაწვრთნას. როგორც კი იმუნური სისტემა გაიწვრთნება, მაშინვე მას შეუძლია შეებრძოლოს ორგანიზმში მოხვედრილ ცოცხალ ვირუს. სწორედ ამიტომაა, რომ ინფლუენზას ვაქცინის გაახლება ყოველ წელს მაში უკვე ცნობილი ვირუსების შეყვანით ხდება. ინფლუენზა არის ნაკლებად ეფექტური ახალი - უცნობი ვირუსების წინააღმდეგ. კოვიდი-19 არის ახალი ვირუსი, ამიტომაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ ახალი მიმართულებით და გამოიყენეს რიბონუკლეინის მჟავის მესენჯერი. 

3. ვაქცინის გამოცდა. მიღებული ვაქცინის გამოცდა ხდება ჯერ ცხოველებში და შემდეგ ადამიანებში. ცხოველებზე დაკვირვება დაახლოებით 1-2 წელიწადი ხდება და შემდეგ ადამიანებში მინიმუმ 1-2 წელიწადი. ადამიანებში გამოცდის ხანგრძლივობა დაკავშირებულია ეფექტური დოზის მოძებნაში და ყველა ჯგფუბის/ფენის წარმომადგენლების ჩართულობაში. რამდენადაც რიბონუკლეინის მჟავის მესენჯერის თვისებები და სტრუქტურა კარგადაა ცნობილი, ამიტომაც ცხოველებზე გამოცდის ჩატარება არ გახდა საჭირო და ვაქცინის ტესტირება დაიწყო პირდაპირ ადამიანებზე. პირველი ვაქცინის გაკეთება ჯანმრთელ მოხალისეებზე მარტში დაიწყო.

4. ვაქცინის წარმოება და დისტრიბუცია. საბოლოო ეტაპი არის ვაქცინის წარმოების შექმნა და ვაქცინის მიტანა მომხმარებელთან. ეს დამატებით მოითხოვს 2-3 წელს. ამერიკის მთავრობამ, თავის თავზე აიღო რისკები და ვაქცინის გამოგონებამდე/დამტკიცებამდე შექმნა წარმოება და ვაქცინის გამანაწილებელი ლოჯისტიკა. ამის შედეგად ვაქცინის დამტკიცებიდან, (ველოდებით 10 დეკემბერს) 24 საათში მოხდება მისი მიტანა პაციენტამდე.


რაც შეეხება ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე. გამოცდა იყოფა 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე რამდენიმე ათეულ ჯანმრთელ ადამიაზე ხდება გამოცდა, ძირითადად დაკვირვება ხდება დოზაზე და აკვირდებიან უკუჩვენებას; მეორე ეტაპზე ტესტირება ხდება 1000-მდე სხვადასხვა ჯანმრთელობისა  და დემოგრაფიული ჯგუფის მქონე ადამიანებზე. ამ ეტაპზე ხდება ვაქცინის დოზებსა და იმუნური სისტემის გაძლიერებას შორის კავშირის დადგენა, ანუ ვაქცინის ეფექტურობის დადგენა. მესამე ეტაპი მოიცავს რამოდენიმე ათეულ ათას ყველა ჯგუფის (ავადმყოფს და ჯანმრთელს) ადამიანს. ამ დროს ვაქცინა გადის ორმაგ შემოწმებას, ანუ არც ექიმმა და არც ვაქცინის მიმღებმა ადამიანმა არ იცის ვაქცინის თუ უბრალოდ მარილიანი წყლის შეყვანა ხდება ორგანიზმში.  უბრალოდ ექიმები აკვირდებიან, დაკვირვების შედეგებს გადასცემენ მეცნიერებს, რომლებიც საბოლოოდ ახდენენ მიღებული მონაცემებიდან ვაქცინის ეფექტურობის დადგენას. მესამე ეტაპი მოიცავს იმუნური სისტემების აქტიურობის შეფასებას. ვაქცინის ეფექტურობა განისაზღვრება - რამდენად დაცულია რეალურვაქცინა მიღებული ადამიანი,  მარილიან წყალ მიღებულ ადამიანთან შედარებით.

 

დღეისათვის მეცნიერები მუშაობენ 237 ვაქცინის შექმნაზე.  აქედან 40-ი გადის კლინიკურ კვლევას, საიდანაც 10 არის მესამე ფაზაში. ათიდან სამი ვაქცინის მესამე ეტაპის შედეგების ნაწილი უკვე ცნობილია. სამი ვაქცინიდან ორმა, რომელიც შეიქმნა Pfizer-BioNtech და Moderna-ს მიერ დამყარებულია ახალ რიბონუკლეინის მჟავა მესენჯერზე, აჩვენეს 95 %-მდე ეფექტურობას. მესამე ვაქცინამ, რომელიც შექმნა Oxford/AstraZeneca და დაფუძნებულია ძველ ტექნოლოგიებზე, აჩვენა 70 % ეფექტურობა. უნდა აღინიშნოს რომ 95% ეფექტურობა არის ძალიან მაღალი, შედარებისათვის, წითელას ვაქცინის ეფექტურობა არის 98 % და სეზონური  გრიპის (ინფლუენზა) არის 60-70 %.ველოდებით, რომ პირველი ვაქცინის დამტკიცება გადაუდებელი გამოყენებისათვის მოხდება 10 დეკემბერს.

 

- კიდევ რა ვაქცინა გადის გამოცდას?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე დღეისათვის კოვიდის საწინააღმდეგოდ 237 ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეისათვის, ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ახალი რიბონუკლეინის მჟავის მესენჯერზე დაფუძნებული ტექნოლოგიები. ახალი ტექნოლოგიები უნიკალური არიან არა მარტო კოვიდის წინააღმდეგ, არამედ მათი შესაძლებლობის გავრცელება მოხდება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ როგორიცაა კიბო, შიდსი და სხვა ვირუსული და უჯრედული დაავადებები. მეცნიერები ვსწავლობთ იმუნური სისტემების მართვისა და ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობებს. იმუნური სისტემა კი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდი იარაღია. 

 

- რა მედიკამენტები არსებობს კოვიდის სამკურნალოდ და რამდენად ეფექტურია?  

- კოვიდი არის ვირუსული დაავადება, სამწუხაროდ ვირუსის წინააღმდეგ არ არის ბევრი არჩევანი. დღეისათვის კოვიდის წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენება: 1) ანტივირუსული პრეპარატი, რემდისივი, 2) კორტიცო-სტეროიდული პრეპარატები, ძირითადი ორგანოების ფუნქციების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით; 3) იმუნური თერაპია, როგორიცაა კონვალესცენთ პლაზმა, და 4). ანტისხეულები. რა თქმა უნდა, ყოველ პრეპარატს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ საერთო ჯამში თერაპიის გამოყენების შედეგად კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.


- შესაძლებელია თუ არა, საქართველომ  2021 წლის  დასაწყისში  მიიღოს ვაქცინა? 

- საქართველოში ვაქცინის შემოტანა დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან და მთავრობის აქტიურობასთან.  Pfizer-BioNtech ვაქცინის ტრანსპორტირებისათვის და შენახვისთვის საჭიროა - 80 ცელსიუს ტემპარატურა. ასეთი ტემპერატურის მიღებისათვის შეიძლება გამოიყენონ მშრალი ყინული, მაგრამ საავადმყოფოებში ამისათვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. Moderna-ს ვაქცინა მოითხოვს -7-9 გრადუს ტემპერატურას, ანუ ამ ვაქცინის ტრანსპორტირება და საავადმყოფოებში რეზერვირება უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს. იცით, რომ ვაქცინაცია ხდება ორჯერ, დაახლოებით ერთი თვის შუალედით. პირველად ორგანიზმის მოსამზადებლად და მეორე უკვე ეფექტიანობის გასაზრდელად. იმედია საქართველოს მთავრობას უკვე აქტიური მოლაპარაკებები აქვს, როგორც კომპანიებთან, ასევე მთავრობებთან ვაქცინის შესაძენად. სავსებით შესაძლებელია, ამერიკის მთავრობამ რამდენიმე ათასი საჩუქრადაც გადასცეს ქართველ ხალხს.


- ვაქცინა ჩვენი ხსნაა? თქვენი პროგნოზით, კიდევ როდემდე იქნება მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია?

- ვაქცინა შეძლებს ვირუსის გავრცელების მკვეთრად შეჩერებას და ჩვენი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას. მაგრამ აუცილებელია ვაქცინამდე მივიდეს ყველა. ამისათვის საჭიროა თითოეულმა ადამიანმა ატაროს პირბადე, დაიცვას ჰიგიენა და სოციალური დისტანცია. 99% კოვიდ დაავადება მთავრდება ლეტალობის გარეშე, პაციენტის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ კოვიდის სრული კონტროლი შესაძლებელი, მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში გახდება. 


- როგორც ვიცით თქვენ უშუალოდ ხართ ჩართული ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაში? როდის იქნება მზად, რომ გვესაუბროთ ამ საკითხებზე.

- მე თვითონ უშუალოდ ვაქცინის შექმნაზე არ ვმუშაობ. ჩემი კოლეგები არიან ჩართულები ანტივირუსული პრეპარატის და ვაქცინის შექმნაზე. ჩემი ერთ-ერთი სამეცნიერო მიმართულება არის ადამიანის რიბონულკლეინის და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავების გამშიფრავი აპარატის შექმნა. ასეთი ხელსაწყოები კი ფართოდ გამოიყენება ვირუსის თვისებების დასადგენად.  

 

- რას გვეტყვით “ლოკდაუნის“ შემთხვევაზე? რამდენად გამართლებულია აღნიშნული მეთოდი ვირუსთან საბრძოლველად? 

- „ლოკდაუნი“ არის ერთადერთი გამართლებული მიდგომა, როდესაც ვირუსი არის უცნობი და/ან უმართავი. მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ, ინფექციონისტებმა და ქართველმა ხალხმა წარმატებით მოახდინა „ლოკდაუნის“ იმპლემენტაცია გაზაფხულზე და შესანიშნავი შედეგიც ჰქონდათ. სამწუხაროდ, მსოფლიოში მიმდინარე კოვიდის პროცესების სწორი ანალიზი, რისკები და მეორე ტალღისთვის მომზადება ვერ მოხდა. ამის შედეგად საქართველო დღეს 1 მილიონ მოსახლეზე, კოვიდის დაავადებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ეტაპზე ალბათ აუცილებელია მოკლე დროით „ლოკდაუნი“ რათა საავადმყოფოებმა იგრძნონ შვება.დაკვირვებებმა გვიჩვენეს, რომ დიდი ხნით „ლოკდაუნი“ ერთის მხრივ იწვევს კოვიდის შეჩერებას და მეორე მხრივ იწვევს ეკონომიკის დანგრევას და ადამიანების ჯანმრთელობაზე ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს. ამისათვის აუცილებელია კოვიდის ეფექტური მართვა და „ლოკდაუნის“ შემცირება.

წაკითხვა 3879 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.