November 23, 2024

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სწრაფად აიცრას - ინტერვიუ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მეცნიერთან

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის მიხედვით დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ინდოეთზე მოდის, სადაც უმძიმესი ვითარებაა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, კი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ, ჩვენი მეზობელი რუსეთი, მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.


ვირუსის გავრცელების შეჩერება, მხოლოდ ვაქცინაციითა შესაძლებელი და მას უკვე შეზღუდვების გამკაცრება და ლოქდაუნებიც აღარ შველის, რადგან ყოველი „ტალღის“ შემდეგ ახალი იწყება და უამრავი ადამიანი იღუპება.


შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ისრაელში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. ამ ფონზე იტალია გეგმავს, მაისის შუა რიცხვებიდან საკარანტინე შეზღუდვები გააუქმოს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან ჩავლენ.


ევროპის ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. გერმანიაში უკვე, კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად გამოჯანმრთელდნენ შეზღუდვები სრულად გაუქმდა.


საქართველო კი ვირუსით ინფიცირების "მესამე ტალღას" ებრძვის, თუმცა ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 85 286 ადამიანია აცრილი. აღნიშნული ციფრებიდან გამომდინარე საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, ქვეყანაში ისევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. ასევე, სავალდებულოა ღია სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 
The Economist-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ შეძლებს.

 
იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას 2022 წლის ბოლოსთვის მოახერხებდა, თუმცა მარტში პროგნოზი გაუარესდა და მოლოდინმა 2023 წლამდე გადაიწია.

 
მსოფლიოს ქვეყნების ფონზე, საქართველოს პროგნოზი არ გაუმჯობესებულა და ამჟამად ის ბოლო, ყველაზე ცუდ კატეგორიაში იმყოფება.


რა ხდება მსოფლიოში? რამდენად ეხმარება ვაქცინაცია ქვეყნებს, რომ კორონავირუსი დაძლიონ? რა სიტუაციაა ამერიკაში?


ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge - ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.

 

- მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სიტუაცია სამწუხაროდ არა სახარბიელოა. დღეისათვის მსოფლიოში, ყოველდღიურად დაახლოებით 750 ათასი ახალი და 3.5 ათასი სიკვდილიანობის შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე განსაკუთრებული აქტიურობა ინდოეთშია, სადაც 24 მილიონამდე კოვიდის და 258 ათასამდე კოვიდ გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული.

 


მიუხედევად ასეთი არა სახარბიელო სტატისტიკისა, ვფიქრობ, რომ კოვიდის დამარცხება და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თითქმის ბოლო სტადიაშია. ამის იმედს მაძლევს მეცნიერების მიერ უმოკლეს დროში შექმნილი წარმოუდგენლად მაღალი ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინების შედეგები.

 


როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატები არა მარტო კოვიდის საერთო რაოდენობით (32.5 მილიონი დადასტურებული) და კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით (დაახლოებით 578 ათასი გარდაცვლილი) ლიდერობს მსოფლიოში, არამედ მოქნილი და ეფექტური ვაქცინიის შედეგად პირველი ქვეყანაა, რომელმაც დღეს, გამოაცხადა პირბადეების სავალდებულო ტარების კონტროლის მოხსნის შესახებ. ეს არის ბოლო 6 თვის განმავლობაში ამერიკაში ჩატარებული ვაქცინაციის პირდაპირი შედეგი. კერძოდ, დღეისათვის ამერიკაში მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. ამის შედეგად თუ პიკის დროს კოვიდის დადებითი დღიური შემთხვევა 300 ათასამდე იყო დღეში, 36% მოსახლეობის ვაქცინაციის შედეგად ეს რიცხვი 10- ჯერ დაეცა და დღეს 30 ათასს შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიკვდილიანობის შემცირება. კერძოდ, სიკვდილიანობს დღიური მაჩვენებელი თუ 5.5 ათასამდე იყო, დღეს ეს მაჩვენელი დღეში 250-ზე ნაკლებია. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში (1-2 თვეში), როცა მოსახლეობის 60-70 % სრული ვაქცინაცია მოხდება კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა საერთოდ გაქრება და დაავადების რაოდენობა რამოდენიმე ასეულამდე ჩამოვა და ამერიკის მოსახლეობა ზაფხულის ბოლოდან მთლიანად დაუბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს.



- რას გვეტყვით მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის შტამებზე?

 

დღეისათვის ცნობილია ინგლისური, სამხრეთ აფრიკული, ბრაზიული და ინდური შტამები. ამ ახალი შტამების ძირითადი მახასიათებელი სწრაფად გავრცელებაა. გავრცელების შედეგად ადამიანთა დიდი რაოდებობა მიმართავს საავდმყოფოებს, რაც იწვევს ჯანმრთელობის სისტემების გადატვირთვას და კოვიდ ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობის უმართაობას. ეს უკანასკნელი კი იწვევს სიკვდილიანობის გაზრდას.



- რით განსხვავდება ინდური შტამი სხვა შტამებისგან და რამდენად საშიშია ის?

 

- ინდური შტამი, რომელიც ცნობილია როგორც B.1.617 სახეობა, ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე ჩინური, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ისე, როგორც სხვა შტამები ინდურ B.1.617 შტამიც აერთიანებს 10-ზე მეტ მუტაციას და მათ შორის ორ (ერთ ბრაზილიურს და ერთ კალიფორნიულ) ცნობილ განსაკუთრებულად საშიშ მუტაციებს. ინდური შტამის მეცნიერული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე სახეობის მუტაცია მოთავსებულია კოვიდ ვირუსის იმ ნაწილთან, რომელიც უშუალოდ ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემასთან ზემოქმედებას. ამიტომაც, ინდურ შტამს ორმაგი მუტაციური შტამი ეწოდება. ინდური შტამის მიმართ მეცნიერთა შიში გამოწვეული იყო კითხვით:- თუ რა მოხდებოდა, როდესაც ეს ორივე (ბრაზიული და კალიფონიული) მუტაცია ერთდროულად მოხვდებოდა უჯრედში; ანუ მოხდებოდა თუ არა მუტაციების შედეგების გაერთიანება და კოვიდ ვირუსის გაძლიერება. საბედნიეროდ, მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ინდური შტამი ორმაგი მუტაციით არ არის უფრო მეტად დამაზიანებელი სხვა სახეობის ვირუსებთან შედარებით.


ბოლო კვლევების მიხედვით, მინდა გახაროთ, რომ ყველა არსებული ვაქცინა, განსაკუთრებით "მოდერნა" და "ფაიზერი", არის ისეთივე ეფექტური ინდური შტამის მიმართ როგორც აქამდე ცნობილი კოვიდ-19-ს სხვა შტამების მიმართ.

 

- დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ 85 286 ადამიანია აცრილი. რამდენად კარგი აქტიურობაა ეს?

 

- სამწუხაროდ ეს საქართველოს მოსახლეობის 2 %-იც არ არის. საჭიროა ამ რიცხვის 60 %-მდე გაზრდა. ამის მისაღწევად უფრო მეტი მასიური საინფორმაციო პროგრამა უნდა აწარმოოს მთავრობამ. აუცილებელია, ადამიანებს ავუხსნათ ვაქცინის მნიშვნელობა, რა ელემენტებისაგან და ნივთიერებებისაგან მზადდება ვაქცინები, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები და როგორ მოხდება გვერდითი ეფექტების დაცვა. ქართველი ხალხი ბრძენია. მათ თუ სრულ და ჭეშმარიტ ინფორმაციას მიაწვდიან, თვითონ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ არსებული ვაქცინები, განსაკუთრებით "მოდერნა" და "ფაიზერი", არის ძალიან ეფექტურები, უსაფრთხოები და ადამიანებს იცავენ კოვიდისაგან. როგორც ვიცი, ბოლო დღეებში საქართველოში 20-30 ადამიანის სიცოცხლე ეწირება კოვიდით გამოწვეულ გართულებებს. ამერიკაში ვაქცინაციით მიღებულ შედეგების მიხედვით, თუ საქართველოს მოსახლების 36% იქნება სრულად აცრილი მაშინ ლეტალობის რიცხვი დღეში 2-3 ადამინამდე დავა. თუ საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს სრული ვაქცინაცია მოხდება მაშინ დარწმუნებული ვარ საქართველოში კოვიდისგან გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ნულამდე დავა.


- The Economist-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ შეძლებს. როგორც ჩანს საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.


რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ რომ მოსახლეობა წაახალისოს და ვაქცინაციისკენ მოუწოდოს?

 

- კიდევ ერთხელ მჯერა ქართველი ხალხის სიბრძნის, მათი თანამედროვეობის და სიახლეების სწორად და სწრაფად აღქმის. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს მიზანმიმართული ვაქცინაციის საინფორმაციო კომპანია. მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ამომწურავი პასუხი გასცენ ვაქცინის შესახებ კითხვებს. მთავრობამ უნდა იაქტიუროს ყველა დონეზე. ეს იქნება განვითარებული ქვეყნების მთავრობები თუ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები, რათა საქართველოში შეიტანონ უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებული და უკვე დამტკიცებული გამოცდილი ვაქცინები. ამერიკაში უახლოეს მომავალში მთავრდება აქტიური ვაქცინაციის ეტაპი. დღეს, ამერიკის ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ვაქცინა. ამ ეტაპის დამთავრების შემდეგ ამერიკის მთავრობა დაიწყებს ვაქცინაციის გავრცელებას განვითარებად ქვეყნებში. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებნ მაღალი ეფექტური ვაქცინის მისაღებად ამერიკიდან.



- რომელ ვაქცინას ურჩევდით ახალგაზრდებს, შუახნის ადამიანებსა და მოხუცებს?


დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ყველა არსებული კოვიდვაქცინის დადებითი მხარე უარყოფითთან შედარებით გაცილებით დიდია. ალბათ, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან რომელიმე ვაქცინა ვურჩიო ადამიანთა კატეგორიას. ვფიქრობ, ეს თვითონ პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს ან გაიაროს კონსულტაცია ექიმთან. ცნობისათვის, მე და ჩემი ოჯახის წევრები "მოდერნას" და "ფაიზერის" ვაქცინებით ავიცერით.

 

186357451 1233689793714200 7572537104023497326 n

წაკითხვა 1536 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.