ხელისუფლება აცრის „მარათონის“ მოწყობას ფიქრობს
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად 857 056 აცრა ჩატარდა, ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი, 17 აგვისტოს კი 25 241 პირი აიცრა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ფონზე, ეს ტემპი ეპიდემიის შესაკავებლად საკმარისი არაა. ამირან გამყრელიძე კი რამდენიმე “მარათონული აცრის” ჩატარების იდეით გამოდის. მიუხედავად ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის მატებისა, ინფექციონისტები ამბობენ, რომ წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60%-ი ორჯერადად აცრილი რომ იყოს, დღეში 35 000-მდე ადამიანი მაინც უნდა აიცრას. ამის რესურსი კი ქვეყანას აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინების მარაგის საკმაოდ დიდი რაოდენობის მობილიზება შეძლო. ასევე შეიქმნა სპეციალური ადგილები, სადაც რეგისტრაციის გარეშე მოსახლეობას ცოცხალ რიგში აცრა შეუძლია. ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედი აქვთ, რომ თუკი ჩვენი თანამოქალაქეების მონდომება და ძალისხმევა იქნება, აგვისტოსა და სექტემბერში ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლება აცრის „მარათონის“ მოწყობას ფიქრობს.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, ეს მონაცემი გასამმაგებულია. “ჩვენთან თანდათანობით იზრდება აცრილთა რაოდნეობა. მარტში საშუალოდ გვქონდა ყოველდღიური 462 აცრა, აპრილში - 1294, ივნისში - 4030, ივლისში - 7455 და აგვისტოში საშალო დღიური გვაქვს 21 225. ანუ, ივლისთან შედარებით გასამმაგებულია ეს მონაცემი. „ბოლო ერთ კვირაში თითქმის 24 ათასი აცრაა ყოველდღიურად. ჩვენი სამიზნეა, რომ ამ წლის ბოლომდე ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა ორჯერადად, ანუ უნდა გაკეთდეს 3.4 მილიონი აცრა. დღევანდელი მონაცემებით, სულ 857 056 აცრაა გაკეთებული. აქედან, ერთჯერადი ინექციით აცრილია 605 609 ადამიანი, ხოლო სრულად - 251 447 ადამიანი, რაც მოსახლოების 6.7%. რადგან დღეს მოზრდილებში კეთდება ეს, შესაბამისად გამოდის 8.8%. ჩვენ სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კი ჯერ მხოლოდ 14.7 % -ია. აგვისტოში ტემპი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურად 25-30 ათასი აცრა დღეში. თუ უფრო მეტს გავაკეთებთ, მაშინ უფრო სწრაფად გავტეხავთ წელში ეპიდემიას და უფრო სწრაფად დავასრულებთ პანდემიას მსოფლიოში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, რამდენიმე დიდი მარათონი რომ მოეწყოს და დღეში 50 000 ადამიანი ავცრათ, შესაძლებელია სისტემას ამის გატარება შეუძლია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აცრები ძირითადად ტარდება 195 სამედიცინო დაწესებულებაში, იქ მუშაობს 389 სრული ბრიგადა. ბრიგადაში შედის: ექთანი, ექიმი და რეგისტრატორი. საშუალოდ თითოეულ ბრიგადას შეუძლია აცრას 60-დან 100-მდე ადამიანი და დღევანდელი უხეში გათვლებით ჩვენი გამტარუნარიანობა, სადღაც 28-30 ათასი ადამიანის ფარგლებშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალოდ 24 000-მდე ადამიანს ვცრით. რამდენიმე დიდი მარათონი რომ მოეწყოს და დღეში 50 000 ადამიანი ავცრათ, შესაძლებელია, სისტემას ამის გატარება შეუძლია, ვაქცინების მარაგიცაა. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და ძალიან მინდა, რომ საშუალოდ აცრის დღიური მაჩვენებელი 25 000-ზე ნაკლები არ იყოს”, - მიიჩნევს გამყრელიძე. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების ზრდის გამო, ეს ტემპი არ არის საკმარისი, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. მისი შეფასებით, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რათა ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ, საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება როგორმე მოვახერხოთ და მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში. ჩვენი სამიზნე იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია. თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ყოველდღიური აცრების ეს ციფრი საკმარისი არ არის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, ვინაიდან ამის უკან დგას პირველ რიგში ვაქცინების პრაქტიკულად შეუწყვეტელი მომარაგება. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია ჩატარდეს. საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების პროცენტი წლიური სამიზნე გეგმის თვალსაზრისით არის 11%-მდე მხოლოდ. რეალურად გვჭირდება სამჯერ მეტი. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომაც ახლა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ივანე ჩხაიძე.
“ჯერი მოსახლეობაზეა. ჩვენი მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ და სწორი საინფორმაცია აგიტაცია ჩავატაროთ, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გგემა, რაც სახელმწიფოს აქვს, რომ წლის ბოლომდე ზრდასული მოსახლეობის 60% იყოს აცრილი, არ გამოვა. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”, - მიიჩნევს ჩხაიძე. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით კი, მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების მონიტორინგი და ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა. სხვაგვარად წლის ბოლოს ძალიან ცუდი სიტუაცია გვექნება. გოგინავა ასევე ამბობს, რომ თუ გვინდა წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60% 2-ჯერ იყოს აცრილი, მაშინ დღეში 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. ეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება, რაც მოგვიტანს იმას, რომ წლის ბოლოს გვექნება იმუნური ფენა და ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყდება”, - დასძენს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, ვაქცინირებული ადამიანების დღიური რაოდენობა მომატებულია, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ უფრო თუ მოიმატოს და დღიურად 30 ათასზე ავიდეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში სწრაფად შექმნის იმუნურ ფენას. დინამიკა დადებითია, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ვაქცინირებული გვყავდეს და მოლოდინი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. წლის ბოლოს ზრდასული მოსახლეობის 60% 2-ჯერ აცრილი რომ იყოს, დღეში 30-დან 35 ათასამდე უნდა იაცრას. სხვაგვარად ვირუსის გარცელების ჯაჭვი არ გაწყდება. ახლა ქვეყანაში ყველაფერია იმისთვის, რომ ავიცრათ. ვაქცინის მარაგი და სახეობაც საკმარისია. ავირჩიოთ და უპრობლემოდ ავიცრათ. იმედი მაქვს, ყოველდღიური რიციხვი გაიზრდება და სადღაც 2-3 კვირაში როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ისევე იმუნიზაციის კუთხით წინსვლა გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების აღსრულება, რაც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი