რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის შესახებ COVID-19-ის კონტექსტში
რა საფრთხეს ქმნის გრიპის ვირუსი წელს? რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და რა შედეგები შესაძლოა იქონიოს გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის შესაძლო „ტვინდემიამ" ადამიანებზე, ხელისუფლებებსა და ჯანდაცვის სისტემებზე?
ამ და სხვა საკითხებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფისა და COVID-19 ინციდენტებზე რეაგირების მართვის გუნდის (IMST) ზედამხედველობისა და ლაბორატორიულ კომპონენტის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი საუბრობს.
"ჯორჯიან თაიმსი" მის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
- რა არის გრიპი და რატომ არის ის საყურადღებო?
- გრიპი 'ინფლუენცას' ვირუსებით გამოწვეული სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ცხვირის ღრუს, ხორხს და ზოგჯერ ფილტვებს. დაავადება შესაძლებელია საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, დაავადება შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ჩვეულებრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში გრიპისაგან წელიწადში დაახლოებით 70 000 ადამიანი კვდება.
- რატომ არის განსაკუთრებულად საყურადღებო გრიპის ვირუსი წელს?
- საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან და ქვეყნების გახსნასთან ერთად, გასულ წელთან შედარებით, წელს ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ვინაიდან გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 2020/2021 წლებში ძალიან დაბალი იყო, წელს ადამიანები შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გრიპის ვირუსის მიმართ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როდესაც ზამთრის თვეებში შევდივართ და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთმანეთს ანაცვლებს სახლში ყოფნასა და მოგზაურობას, რაც ზრდის ვირუსით დაინფიცირებისა და გავრცელების რისკს.
ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, როდესაც სწრაფად გადამდები დელტა ვარიანტი ცირკულირებს, რამაც შესაძლოა პოტენციურად გრიპისა და COVID-19-ის „ტვინდემია" გამოიწვიოს ამ ზამთარს. გარემოში ორივე ვირუსის ერთდროულად ცირკულირებამ შესაძლოა მძიმე შედეგები იქონიოს დაუცველ პირებზე და გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე წელიწადის იმ მონაკვეთში, როდესაც საავადმყოფოები ისედაც ყველაზე დატვირთულია.
- რა განსხვავებაა COVID-19-სა და გრიპის ვირუსს შორის? როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი ვირუსით ვარ დაინფიცირებული? რა უნდა გავაკეთო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?
- ორივე ვირუსი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს და ბევრი საერთო სიმპტომი ახასიათებს, როგორიცაა, მაგალითად, ხველა, ცხელება, სუნთქვის უკმარისობა ან/და ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა. ვინაიდან მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით რთულია დაავადებების ერთმანეთისგან განსხვავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ თვითიზოლაცია გარშემომყოფთა დაინფიცირების რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მოწყვლადი პირების, და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარეთ ტესტი COVID-19-ზე. მართალია, ორივე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება, COVID-19 უფრო ხშირად იწვევს გართულებებს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება.
- ვისთვის და როდის არის რეკომენდებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
- ჯანმო რეკომენდაციას აძლევს ხუთ რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით გრიპის სეზონის დადგომამდე ან დადგომიდან რაც შეიძლება მოკლე პერიოდში. ჩვეულებრივ, ეს ოქტომბერ-ნოემბერია, როგორც კი ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მუშაკები - ჯანდაცვის მუშაკები მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უფრო დაუცველი არიან გრიპის ვირუსის მიმართ, გარშემომყოფთა დაინფიცირების შანსი მათი მხრიდან, მათ შორის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი დაუცველი პაციენტების, იზრდება. ჩვენ ასევე დამოკიდებული ვართ ჯანდაცვის მუშაკებზე სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, ამიტომ ისინი ჯანმრთელები და არა გრიპის ვირუსით დაინფიცირებულები გვჭირდება, განსაკუთრებით წლის იმ მონაკვეთში, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის.
65 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფები - ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად ეფექტურია ინფექციებთან გამკლავებაში, მათ შორის გრიპის ვისრუსთანაც. ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმული ადამიანები სერიოზული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ ან გარდაიცვალონ კიდეც დაავადებისაგან.
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები - ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ფილტვების ან გულის დაავადებები. დასუსტებული იმუნური სისტემა ზრდის გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაძლო ლეტალობის რისკს.
ორსულები - როგორც მონაცემები ცხადყოფს, ორსულები გრიპის მძიმე ფორმის განვითარების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე. ვაქციანცია იცავს ორსულებს, ნაყოფსა და ჩვილს.
5 წლამდე ასაკის ბავშვები - გრიპის გამწვავების ალბათობა მცირეწლოვან ბავშვებში უფრო ხშირია, არსებობს გარშემომყოფთა დაინფიცირების ალბათობაც, მათ შორის უფროსი თაობის ოჯახის წევრების.
- იმის გათვალისწინებით, რომ წელს შესაძლოა გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატოს, იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ვაქცინების საკმარისი რაოდენობა?
- ყოველწლიურად ქვეყნები საკმარისი რაოდენობის ვაცქინებს უკვეთავენ მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფების მოსაცავად. თუმცა სამართლიანია იმის თქმა, რომ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი მყიფეა, მნიშნველოვანია რომ ვაქცინაციის პროგრამებში პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და დაუცველ ჯგუფებს მიენიჭოს.
- გრიპის ვირუსის რომელი ტიპისგან იცავს ვაქცინა?
- არსებობს გრიპის ვირუსის ორი ძირითადი ტიპი, A და B, რომლებიც ყოველწლიურად გრიპის სეზონურ ეპიდემიას იწვევენ (ხშირად მას გრიპის სეზონს უწოდებენ). ევროპაში ვიყენებთ როგორც ტრივალენტურ ვაქცინებს (3 ვირუსული შტამისგან დასაცავად), ასევე კვადროვალენტურ ვაქცინებს (4 ვირუსული შტამისგან დასაცავად), რომლებიც ვირუსის ორივე ტიპს მოიცავენ.
- როგორ გავიგო, თუ რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ეფექტური იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები 60 წელიწადზე მეტია არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანია უსაფრთხოდ აცრილი. ყოველწლიურად, წამლის ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოები ყურადღებით იკვლევენ გრიპის საწინააღმდეგო თითოეულ ვაქცინას მათ ლიცენზირებამდე, დანერგილია სისტემები იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგისა და მოხსენებების გამოსაძიებლად. თუმცა, ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც აღინიშნება; ეს მოვლენები იშვიათია და, ჩვეულებრივ, არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის თავიდან აცილებისა და სერიოზული გართულებების განვითარების რისკისა და ლეტალობის შემცირების საუკეთესო საშუალებაა.
დაცვის ოპტიმალური დონის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად ხდება გრიპის ვაქცინების განახლება მეცნიერების მიერ წელიწადის უფრო ადრეულ პერიოდში ცირკულირებადი ვირუსის შტამებზე დაკვირვების საფუძველზე. თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება აღნიშნული ვაქცინები, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გავრცელებულ ვირუსის შტამებზე. ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოლოდინით, აცრიდან ორი კვირის შემდეგ (ვაქცინის ამოქმედებას ჩვეულებრივ ეს დრო სჭირდება) 60%-ით დაცული იქნებით გრიპისაგან.
- რამდენად ეფექტიანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ? და პირიქით - იცავს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა COVID-19-ით ინფიცირებისგან?
- არა, ვირუსები განსხვავებულია და, შესაბამისად, სხვადასხვა ვაქცინას საჭიროებენ.
- აძლევს თუ არა ჯანმო რეკომენდაციას COVID-19-სა და გრიპზე ერთდროული ვაქცინაციის შესახებ?
- მართალია, მონაცემები COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთდროულად გამოყენების შესახებ (ცნობილია როგორც ერთდროული ადმინისტრირება) მწირია, არსებული მონაცემების თანახმად, გვერდითი მოვლენების რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ აღინიშნება. შესაბამისად, ჯანმო თვლის, რომ ერთი და იგივე ვიზიტის დროს ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება დასაშვებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპით ან COVID-19-ით გამოწვეული სერიოზული დაავადების რისკი ზრდასრულებში მნიშვნელოვანია.
- რამდენად უსაფრთხოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში?
- უმჯობესია, დაელოდოთ სრულ გამოჯანმრთელებას COVID-19-სგან და მხოლოდ ამის შემდეგ აიცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, რათა არ მოხდეს ვაქცინისათვის რაიმე სიმპტომების შეცდომით მიკუთვნება.
- რამდენად უფრო დაუცველია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტი გრიპის ვირუსის ან უფრო სერიოზული დაავადების განვითარების რისკის მიმართ?
ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რაც მოგვცემდა გადაჭრით იმის თქმის საშუალებას, რომ COVID-19-ით ინფიცირება გრიპის ვირუსის მიმართ უფრო მეტად დაუცველს გხდით. გასული წლის დასაწყისში ვირუსის გავრცელების შემდეგ, რეგიონის ქვეყნებში მარტის თვეში „ლოქდაუნი" გამოცხადდა. ამიტომ, გრიპის ვირუსის ცირკულირება წლის განმავლობაში ძალიან უმნიშვნელო იყო, რაც ართულებს რაიმე მყარი დასკვნის გაკეთების საშუალებას ერთდროული ინფიცირების ზეგავლენასთან დაკავშირებით.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ მოხდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია COVID-19-ის გამო და მას ფილტვის დაზიანება განუვითარდა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე დაავადების განვითარების რისკი, რა თქმა უნდა, იზრდება.
- სხვა რა ზომები შემიძლია მივიღო ამ ზამთარს ინფექციისა და დაავადებისაგან საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა დასაცავად?
- როგორც COVID-19, ასევე გრიპი მწვავე რესპირატორული ვირუსებია და ერთი და იგივე გზებით ვრცელდება, ძირითადად, ჰაერ-წვეთოვანი გზით ხველის, ცემინების, ლაპარაკის ან სუნთქვის დროს, ან ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებზე შეხებით. ეს ნიშნავს, რომ გრიპისგან დასაცავად იგივე ზომები გამოიყენება, რაც COVID-19-ის დროს, კერძოდ:
· რეგულარულად დაიბანეთ ხელები
· ატარეთ პირბადე, საჭიროებისამებრ
· დაიცავით უსაფრთხო დისტანცია - ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით, სულ მცირე 1 მეტრი
· მოერიდეთ დახურულ, ჩაკეტილ ან ხალხმრავალ სივრცეებს
· უზრუნველყავით დახურული სივრცეების განიავება
· ხველების ან ცემინების დროს აიფარეთ ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად
· ჩაიტარეთ ვაქცინაცია ორივე ვირუსის წინააღმდეგ, როცა თქვენი ჯერი დადგება.
- რა ნაბიჯებს დგამს ჯანმო ქვეყნების სეზონური გრიპისათვის მომზადებაში დასახმარებლად?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი რუტინულ ზედამხედველობას ახორციელებს რეგიონში გრიპის ვირუსის კუთხით არსებული ვითარების შესასწავლად, ვირუსის გაჩენისთანავე მონიტორინგს უწევს, თუ ვის აზიანებს ვირუსი, როგორ ვრცელდება და რომელი შტამები ცირკულირებს. აღნიშნული შტამების გენეტიკური მახასიათებლების შესწავლისთანავე, ინფორმაციას რეგიონში არსებულ ლაბორატორიებს ვუზიარებთ და რეკომენდაციებს გავცემთ გრიპის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ვაქცინების შესახებ. იმავდროულად, კოორდინაციაში ვიმყოფებით მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების განახლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. ასევე, რჩევებს ვაძლევთ ქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ოპტიმალური გზები არსებობს მოსახლეობის რისკ-ჯგუფების ვაქცინით მოცვის მაღალი დონის მისაღწევად.
- რას ისახავს მიზნად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია?
- გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს გრიპის სეზონური ვაქცინით მოცვის გაზრდას ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ჯგუფებში, დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკის მინიმუმამდე დაყვანასა და გრიპის უარყოფითი გავლენის შემცირებას ჯანდაცვის სისტემებსა და ეკონომიკაზე.
აღნიშნული მიზნის რეალიზება შესაძლებელია წევრი სახელმწიფოების ხელშეწყობის გზით, რათა მათ გაზარდონ გრიპის სეზონური ვაქცინის მიმღებლობა და აღნიშნული ჯგუფების მოცვის დონე, რაც ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს, განსაკუთრებით COVID-19-ის ცირკულირების პირობებში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი