"თუ აცრილი არ ხარ, შენთვის ყველა კარი დახურულია" - რა გავლენა მოახდინა ვაქცინაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე
გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს.
ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი შვიდ დღეში 3%-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი - 8%-ით.
ახალი ინფიცირებულების თითქმის 60% ევროპაში ვლინდება. შვიდი დღის განმავლობაში იქ ავადობის ზრდა 6%-ით დაფიქსირდა, ამერიკის ქვეყნებში - 3%-ით, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში - 2%-ით.
გერმანია "არავაქცინირებულების პანდემიას" განიცდის, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი აფეთქების სამართავად უფრო მკაცრი მოქმედებებია საჭირო.
"ჩვენ აუცრელების პანდემიას განვიცდით. ყველა აცრილი რომ იყოს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში COVID-19-ით გაცილებით ნაკლები პაციენტი იქნებოდა", - აღნიშნა შპანმა.
მისი თქმით, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში რეანიმაციაში ადგილები ისევ აღარ არის. (ინფორმაციას Die Welt ავრცელებს)
ინგლისში ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) 1,2 მილიონი თანამშრომლისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა. ახალი მკაცრი ახალი მიდგომა ძალაში მხოლოდ მომავალ აპრილში შევა. (ინფორმაციას The Guardian ავრცელებს)
რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა ეევროპის სხვადასხვა ქვეყანაზე და როგორ მიმდინარეობს იქ ვაქცინაცია?
FirstNews.ge შეეცადა ქართველ ემიგრანტებს დაკავშირებოდა.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათია წიფურია აცხადებს,რომ იმიტომ აიცრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
„აცრის გარეშე ვერ ვიმუშავებდი, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე კი როგორ უნდა იცხოვრო უცხო ქვეყანაში. უფროსმა გამოგვიცხადა აუცრელებს ვერ დაგტოვებთ სამსახურშიო, 45000€ ჯარიმა დამეკისრებაო. ვინც არ აიცრებოდა სახლში 2 თვით გაუშვებდნენ, ხელფასისა და ყველანაირი შემოსავლის გარეშე. ამ 2 თვის განმავლობაში თუ არ აიცრები სამსახურიდან გაგათავისუფლებენ. თითქოს ნებაყოფლობითია, მაგრამ, იძულებითი გამოდის ეს ვაქცინა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ, უშედეგოდ,“- აღნიშნავს ნათია წიფურია.
მისი ოჯახის წევრის, ხატია წიფურიას თქმით, თითქმის ყველა იძულებით აცრეს ქვეყანაში. მათაც კი ვაქცინის გაკეთება იძულებით მოუწიათ.
„შვილი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელია, 18 წლის და დღემდე არცერთი აცრა არ ჰქონია გაკეთებული. ჯანმრთელია და ძალიან ძლიერი იმუნიტეტი აქვს. ფეხბურთიდან გამოუშვეს,იმის გამო, რომ ის უნდა აცრილიყო ან დაენებებინა თავი. ამის შემდეგ იძულებით აიცრა. დიაბეტიანი მეუღლე, რომელიც ინსულინზეა საავადმყოფომ არ მიიღო, სანამ არ აიცრა, ესეც იძულებით იყო, მხოლოდ შემდეგ გაუგრძელდა მკურნალობა. ვერსად ვერ შეხვალ ვაქცინის გარეშე, ყველგან დაცვა დგას, რომელიც აკონტროლებს და თუკი არ ხარ აცრილი, შენთვის ყველა კარი დახურულია.ეს ყველაფერი საფრანგეთში ხდება, სადაც სახელმწიფოებრივი დევიზია - თავისუფლება,“- აცხადებს ხატია წიფურია.
საბერძნეთში მცხოვრები ელისო აბაშიძის თქმით,ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას ვაქცინა გაკეთებული აქვს, დარჩენილია მხოლოდ კუნძულები და სოფლები. ახლა უკვე იქ აქვთ მთელი ორიენტაცია გადატანილი.
„როდესაც კორონა დაიწყო, შეშინებული იყო მთავრობა და უფრო მკაცრი ზომები გაატარა. ახლა, რაც ვაქცინაცია დაიწყო და უკვე მესამე დოზასაც იკეთებენ, უფრო მეტი თავისუფლება აქვთ ადამიანებს. შეზღუდვები არ არის ტრანსპორტსა და სუპერმარკეტში, რადგან იციან, რომ ვაქცინაცია უკვე უამრავ ადამიანს აქვს გაკეთებული. რესტორნებსა და ბარებში ძირითადად ვაქცინირებული ადამიანები სხედან. ვაქცინის გარეშე რესტორნის დახურულ სივრცეებში ვერავინ შედის.
რა თქმა უნდა, აქაც არსებობენ ისეთი ადამიანები,რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ კორონა არსებობს და არ არის აცრილი. რესტორნების დახურულ სივრცეში, რომ არ აქვთ შესვლის უფლება, გარეთ სხდებიან და მიირთმევენ. არის ტრაგიკული ამბებიც, მაგალითად, 45 წლის ბერძენი, რომელიც მუსიკის მასწავლებელი იყო, არ სჯეროდა ვირუსის არსებობის. დაინფიცირდა და როდესაც საავადმყოფოში აღმოჩნდა, მართვით სუნთქვაზეც უარი თქვა. ძალიან შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ელისო აბაშიძემ.
ქეთევან აბუთიძე, რომელიც იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს, გვიყვება, რომ იტალიის ძირითადმა ნაწილმა 75-80% - მა ვაქცინა უკვე გაიკეთა. მისივე თქმით, ბავშვების აცრა ჯერ არ დაწყებულა, 18 წლის ასაკში კი ახალგაზრდები სურვილის მიხედვით აიცრნენ.
„ჩემი ქალაქი ზღვის პირასაა და ძალიან პატარაა, ამიტომ დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა. სახელმწიფო სამსახურებში ყველა აცრილია. ჯერ "ასტაზენეკათი" დაიწყო ვაქცინაცია, ახლა "ფაიზერი" და "მოდერნაა". პენსიონერების უმრავლესობა ანუ 90% აცრილია. რესტორნებსა და კაფეებში ვერ შედიხარ თუ აცრილი არ ხარ, მაგრამ სასურსათო მაღაზიებში ჩვეულებრივ ვაჭრობ. ტრანსპორტს რაც შეეხება, შორს მგზავრობისას გთხოვენ ტესტის უარყოფით პასუხს ან მწვანე პასპორტს. თუნდაც სამსახურში, თუკი არ გინდა აიცრა, ტესტი მაინც უნდა გაიკეთო,“- აღნიშნა ქეთევან აბუთიძემ.
worldometers-ის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 247 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 223 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.
როგორი ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში?
საკუთარი დაკვირვებები ინტერვიუს სახით FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერმა, - ფრიდონ შუბითიძემ გაუზიარა.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გავრცელება მეტნაკლებად კონტროლის ქვეშაა. ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად, ამ წლის იანვრიდან ყოველდღიურად საშუალოდ (7 დღის საშუალო) 255 ათასიდან ინფიცირების სტატისტიკა ივლისის შუა რიცხვებში 11 ათასამდე დაეცა. ამის შემდეგ ვირუს დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგად შემთხვევების მატება ისევ დაიწყო. დღეს ეს რიცხვი დღეში საშუალოდ 75 ათასია, რაც დაახლოებით დავადების პიკის 29 %წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცენტული რაოდენობა უშუალოდ ემთხვევა ამერიკის აცრილ და აუცრელი მოსახლეობას შორის თანაფარდობას. კერძოდ დღეისათვის ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 58 პროცენტი არის სრულად ვაქცინირებული და დაახლოებით 67.3 პროცენტს აქვს ვაქცინის ერთი დოზა მიღებული. ანუ თუ ვაქცინაციამდე დღიურად255 ათასი ადამიანი ავადდებოდა საშუალოდ, დღეს ავადდება მხოლოდ მაქსიმალური დაავადებულების 29%, რაც შეესაბამება მოსახლეობის აუცრელი მოსახლეობის ნაწილს. ანალოგიური თანაფარდობით არის სიკვდილიანობის მხრივაც, კერძოდ თუ აცრამდე საშუალო სიკვდილიანობის პიკი დღიურდ 4000-მდე იყო, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 1100 ადამიანს, რაც უშუალოდ კორელაციაში არის აუცრელ ადამიანთა რიცხვთან. ამერიკაში ვაქცინირებულთა რიცხვის გაზრდისათვის, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო უწყებები სავალდებულოდ ხდიან ვაქცინირებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან.
რაც შეეხება საქართველოს კოვიდ სტატისტიკას, ძალიან სავალალოა. ეპიდემიის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მთლიანად გაიზიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და ამის საფუძველზე შეძლო კოვიდის გავრცელების შენელება. ეს არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს პუბლიკაციებში თუ გამოსვლებში. სამწუხაროდ, როდესაც ლოქდაუნების შეცვალა და საკუთარ ქვეყანაზე მორგებული მართვის სისტემაზე გადასვლა გახდა საჭირო, აშკარად გამოჩნდა არაპროფესიონალიზმი. მაშინ როდესაც ამერიკა კოვიდის დაავადების და გარდაცვლილთა რიცხვის მიხედვით ლიდერობდა მსოფლიოში, დღეს საქართველომ გაუსწრო ყველა პარამეტერბით. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით დღეს საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 3800 შემთხვევაა. ეს არის საქართველოს მოსახლეობის (3.7 მილიონი) 0.1 %, მაშინ როდესაც ამერიკაში ყოველდღიურად ინფიცირდება მოსახლეობის (329.5 მილიონის) მხოლოდ 0.02% ანუ 5 ჯერ ნაკლები ვიდრე საქართველოში. განსაკუთრებით სავალალოა კოვიდით დაღუპულთა საერთო რიცხვი. გასული წლის ლოკდაუნის გაუქმებისა და კრიზისის არასწორად მართვის შედეგად დღეისათვის საქართველოში კოვიდით დაიღუპა 10 089 ადამიანი (მეტი ვიდრე აფხაზეთის ომში), რაც არის საქართველოს მოსახლეობის 0.27%, მაშინ როდესაც ამერიკაში წინა ადმინისტაციის არასწორად მართვის გამო კოვიდით გამოწვეული სივდილიანობის ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა იყო, საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა მოსახლეობის 0.23%, რაც ნაკლებია საქართველოსთან შედარებით.
- რა უნდა გაკეთდეს, იმისათვის რომ საქართველოში აცრილთა რაოდენობა გაიზარდოს?
- კოვიდთან და საერთოდ პანდემიასთან ბრძოლა მოითხოვს მართვის განახლებულ, თანამედროვე და მოქნილ მიდგომებს. მასში უნდა იყვნენ ჩართულები მოსახლეობის ყველა ფენა და განსაკუთრებით სპეციალისტები. როდესაც ხალხს არ აქვს ნდობა ეს არ ნიშნავს მათ არ უნდათ ვაქცინის მიღება. ადამიანებს არ ან ვერ არწმუნებენ ვაქცინის სიკეთეზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს მიდგომა, უნდა მოხდეს ახალი სახეების, პროფესიონალების მოყვანა და ახალი მიდგომების დადგენა. დღეს არის უამრავი საშუალება კომუნიკაციის. უნდა მოხდეს კრიზის ჯგუფების მომზადება ან მოწვევა. ზოგადად როდესაც ჯგუფი კარგავს ნდობას, აუცილებელია მისი ჩაანაცვლება და განახლება, როცა ამდენი ჩავარდნაა ამის გამო პასუხისმგებელი პირები უნდა გადადგნენ/შეიცვალონ.
- როგორ უნდა გაიზარდოს ვაქცინისადმი ნდობა?
- სამწუხაროდ საქართველოში მართვის და ადამიანებთან მიდგომასა და ურთიერთობებში ჯერ კიდევ საბჭოთა გადმონაშთები შეიმჩნევა. მე, რამოდენიმეჯერ მომისმენია „მთავრობამ შემოიტანა ვაქცინა და ხალხს არ უნდა გაკეთება“. ანუ ყველაფერში ხალხია დამნაშავე. ეს მცდარი მიდგომაა. არ მჯერა, რომ ადამიანებს არ სურდეთ იყნენ ჯანმრთელნი და თავი ააცილოს ამ საშინელ დაავადებას. უბრალოდ მათ უნდა აუხსნან, დაარწმუნონ და უპასუხონ მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე დამაჯერებლად, რეალური მაგალითებით, დაიხმარონ უკვე კოვიდ გამოვლილი და/ან აცრილი ადამიანები. აუხსნან ძალიან მარტივი შედარებებით და მარტივ მათ გასაგებ ენაზე. არ შეიძლება უბრალოდ პასუხისმგებლობა ხალხზე გადაიტანონ. მაგალითისათვის, მე როგორც დართმოუთის პროფესორი, ყოველთვის ვთვლი, რომ თუ სტუდენტმა ჩემი ლექციის მასალა ვერ გაიგო, ეს მისი კი არა ჩემი ბრალია. მე ვიცი, რომ სტუდენტს უნდა სწავლა, ის (ისევე როგორც ყველა მოქალაქე) ცდილობს გაიგოს და გამოიყენოს მიწოდებული ინფორმაცია თავის საკეთილდღეოდ. ჩემი აზრით, ადამიანების მიმართ უნდა იყოს ასეთივე მიდგომა ყველა პასუხისმგებელი პირისაგან. თუ ადამიანები არ ღებულობენ ვაქცინას ესე იგი ეს პასუხისმგებელი პირებისა და მოქალაქეების პრობლემაა და თავიანთ თავში უნდა ეძებონ და გამოასწორონ.
- ბოლო დროს ვაქცინისადმი ბევრი მითი და დეზინფორმაცია დაგროვდა. როგორ ებრძვით და ამსხვრევთ არსებულ მითებს, თქვენ პროფესიონალები საზოგადოებაში? მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ...
- ისე როგორც ყველაგან, ასევე, პროფესიონალურ საზოგადოებაშიც, იყო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი და მითები. მაგრამ ეს ყველაფერი დაიმსხვარა და დაიფანტა ვაქცინის დანერგვის და ვაქცინირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მონაცემებზე დაყრდნობით. მონაცემები აჩვენებენ, რომ ვაქცინა არის ძალიან ეფექტური და ადამიანებს იცავენ კოვიდისგან გამოწვეული დაავადებებისაგან და განსაკუთრებით სიკვდილისგან. ვაქცინის მიმართ იმდენად დიდია ნდობა, რომ ამ კვირიდან ამერიკაში 5-11 წლის ბავშვების აცრაც კი იწყება.
სტატია მომზადებულია პროექტის „ვაქცინის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო