მსოფლიოს მძიმე “ომიკრონზამთარზე” აფრთხილებენ - რა საფრთხე ელის საქართველოს

“დიდი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აცხადებენ, რომ მსოფლიოს ურთულესი “ომიკრონზამთარი” ელის - სპეციალისტების თქმით, სამხრეთ აფრიკული შტამის ვერაგობა ისაა, რომ ელვისებურად ვრცელდება, შესაბამისად, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთდროულად დაინფიცირდა, ქვეყნებს მისი მართვა გაუჭირდება.

დღეის მდგომარეობით კი საქართველოს მაქსიმალური რესურსი 9 ათასზე ოდნავ მეტი საწოლია, თუმცა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ასეთ ვითარებაში მთავარი მედპერსონალის რაოდენობაა. “ომიკრონი” აშშ-ის უკვე 36 შტატში დაფიქსირდა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, ამ ვარიანტის სწრაფი გავრცელება აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მოქალაქეებს კი მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიოს მძიმე “ომიკრონზამთარზე” აფრთხილებენ - რა საფრთხე ელის საქართველოს.

“აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი აშშ-ში დომინანტური, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება და ზამთარში მოსალოდნელია საავადმყოფოების გადატვირთვა. ამასთან, მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც “ბუსტერ” დოზით არიან აცრილები, “შედარებით კარგად იქნებიან დაცული”. ეს ვარიანტი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება ევროპაშიც, საფრანგეთის მთავრობამ გავრცელების შესაჩერებლად შესაბამისი ზომები მიიღო, გაამკაცრა მიმოსვლა, ვაქცინის მეორე და მესამე დოზით აცრებს შორის შუალედი შეამცირა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შორ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში, კოვიდ პასპორტების წარდგენა სავალდებულო გახადა. ყველა ოფიციალური საახალწლო ზეიმი და ფოიერვერკი გაუქმდა, თუმცა, მიუხედავად ამისა სპეციალისტები ელიან, რომ 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში დომინანტური გახდება... როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს,”ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება და უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება... დღეს არსებული მონაცემებით, სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომლის თქმით, “მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა”. დღეის მდგომარეობით ”ომიკრონთან” ბრძოლისთვის რა რესურსი აქვს საქართველოს, აღნიშნულ საკითხზე “რეზონანსს” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე ესაუბრა, მისი განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მობილებულია, თუმცა მთავარი მაინც მედპერსონალია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაზე საწოლი ფიზიკურად გათვლილი ვერ იქნება, ჰოსპიტალური სექტორისათვის გარკვეული პროცენტია გამოყოფილი, ჩვენთან ჰოსპიტალური სექტორის 85% კერძოა, აღმასრულებელმა ხელისუფალმა კი მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთა და 4500 საწოლიდან 9100 საწოლზე აიყვანა, ანუ ეს მაქსიმალური ციფრია. ჩვენმა სისტემამ საველე ჰოსპიტლების ნაწილიც გამოსცადა, თუმცა, მთავარი საწოლი კი არა ექიმია, ის ადამიანი, რომელიც დაავადებულს მოუვლის, ექიმს ასე უცბად ვერ მოამზადებ, ეს რესურსი, რომ მოამზადო, ამისათვის 7-10 წელია საჭირო. დღეს სასუნთქი აპარატები, ჟანგბადის წარმოება, რეანიმაციული განყოფილებები მაქსიმალურად მობილიზებულია. ესენი ორ რამეზეა გათვლილი, პირველი - ექიმების და სამედიცინო პოტენციალზე და მეორე - თვითონ ადამიანის მზაობაზე, რომ სამედიცინო პერსონალს გვერდში დაუდგეს. სამედიცინო პერსონალმა დაამტკიცა, რომ თავი გადადო, უამრავი ექიმი და სანიტარი შეეწირა და ჩემდა სამწუხაროდ, მოსახლეობა ამას არაფრად არ სთვლის” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ ომიკრონი ელვისებურად ვრცელდება, აგერ უკვე ას ქვეყანამდეა ასული, რომელიც უცილობოდ დომინანტური შტამი გახდება, ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ როგორმე მედეგად დავხვდეთ, მასთან საბრძოლველად ორი იარაღი გვაქვს: ერთი საკუთარი იმუნური სისტემა, ანუ უნდა აიცრა, რათა თუ ვირუსი ორგანიზმში შეიჭრა, ადამიანი არ გარდაიცვალოს, არ დამძიმდეს და რეანიმაციაში არ მოხვდეს. მეორეა რეგულაციები - ვაქცინა გარდაცვალებისგან და მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავს და არა დაავადებისგან. პრაგმატული ტვინის პატრონი ეცდება, რომ რეგულაციები დაიცვას, ამისთვის მათრახის გამოყენება და საჯარიმო სანქციები, პოლიციელი საჭირო არაა, ამისთვის ტვინია საჭირო. ჩვენთან ნიღბის ტარება 28%-ზე ჩამოვიდა. ამერიკამ და ინგლისმა საახალწლო ღონისძიებების ჩატარება შეწყვიტეს, ჩვენ კი ჩვენივე თავის ჯინაზე ამას ვაკეთებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პანდემიის პერიოდში სამასზე მეტი განცხადება მაქვს გაკეთებული, მხოლოდ მე არა ამას ყოველდღიურად დაუღალავად აკეთებენ ჟურნალისტები, სამედიცინო სექტორი, პროფესიონალები, ასევე ტელევიზიაში ვრცელდება ყოველდღიურო მძიმე მონაცემები. მოსახლეობას მივმართავ, ვართ თუ არა მზად ამ ვირუსთან თანაცხოვრებისთვის? რა რესურსი გვაქვს მე უკვე ავხსენი, ახლა მოსახლეობა როგორ იქცევა? კითხვა მაქვს ჩვენს პოპულაციასთან - ხომ თავი მოგვაქვს, რომ ჭკვიანი, განათლებული, პატიოსანი, მიმნდობი, კეთილის მსურველი ერი ვართ, ახლა ეს საქმით დავამტკიცოთ, მეტი არაფერი, ან ვირუსი გვაჯობებს, ან ჩვენ ვაჯობებთ”, - მიიჩნევს კახაძე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ თუ ომიკრონი მასიურად გავრცელდა, გამოსავალი ვაქცინაცია, სააზღვრების და შიდა მკაცრი კონტროლია”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ომიკრონის გავრცელება მართლა მასიურად მოხდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მძიმე პაციენტებს სტაციონარიზაციის საშუალება მიეცეს და საშუალო სიმძიმის პაციენტები ალბათ გარეთა ჰოსპიტლებში იქნებიან, გარედან შემოსული ადამიანების მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს. თუმცა ასეთი კონტროლის შემთხვევაში არა მგონია, რომ მისი გავრცელება ასე აქტიურად მოხდეს. სირცხვილია, ბანგლადეშში უფრო მეტი აცრილია, ვიდრე საქართველოში, აცრების კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, როგორ ვერ მიხვდა ის ხალხი, რომ ყოველდღე ათობით ადამიანი იღუპება და ეს ომიკრონი რას იზამს კაცმა არ იცის. “ბუსტერ” დოზა ცაკლე საკითხია, თუმცა პირველ-მეორეს არ იკეთებენ და რა “ბუსტერზეა” საუბარი. “მოდერნა” და “ფაიზერი” ეს ორი ვაქცინაა, რომელიც დღეს მაქსიმალურად მუშაობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“არა მგონია, რომ “ომიკრონი” რამდენიმე საათში აქ დომინანტური გახდეს, რადგან სხვა ქვეყანაში სხვა იმუნური ფენა ხვდება, აქ სხვანაირი, თუმცა ასე სწრაფად განვითარების ფონზე, ვირულენტობის სწრაფი მატება ნაკლებადაა შესაძლებელი. თუმცაღა, თუ ბევრი ადამიანი დასნებოვნდა, მაშინ უკვე შეიძლება იმაზე საუბარი, რომ გადადების მომენტში ვირუსი გაძლიერდეს და შესაბამისად მისი ვირულენტურობის, ანუ დამზიანებელი ფუნქციის მატება. ეს ფაქტორი კი აცრილ ადამიანებში პრაქტიკულად არ იმუშავებს, ისე როგორც აუცრელებში. ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ აუცრელობის შემთხვევაში, ზიანს არა მხოლოდ თავის თავს აყენებს, არამედ სხვასაც. უნდა ავიცრათ და რეკომენდაციები დავიცვათ. კაცმა არ იცის ამ ახალ წლებზე რა მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ისევ იქნება ღრეობა, შეკრებები, ფიზიკურად ვერ დაუშლი, ავტომატით ხომ არ გამოეკიდები, ადამიანი აცრას არ იკეთებს და ახალ წელს არ აღნიშნავს? არ მგონა თუ ქართველების ინტელექტი ამგვარად დაბალი იქნებოდა” - დაასკვნის ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 354 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.