"მაჩვენებლები მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავლილია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პიკი ქვეყანაში გადალახულია, თუმცა მიმდინარე კვირა ამ შეფასებაში გადამწყვეტი იქნება.
როგორც გაბუნია აცხადებს, თვის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.
„დღევანდელი და ამ კვირის მაჩვენებლები უკვე მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავლილია. ჩვენ გადავედით გარკვეულწილად სტაბილიზაციის ფაზაში, თუმცა ეს კვირა მაინც კვირის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეძლოს ამ დასკვნის გაკეთება. დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზაცია მაინც მაქსიმალური რჩება. თუმცა, თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შედარებით შემსუბუქდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც და შემთხვევების რაოდენობამაც წესით უნდა მოიკლოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება იზოლაციის ვადებს, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს იყენებს იმ პროტოკოლს, რომელიც იზოლაციის დღეების შემცირებას გულისხმობს.
„მთელი მსოფლიო და ჩვენც ასევე ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას. აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი. სიმპტომური პირი გადამდები რჩება. შვიდი დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო, არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის იმ რეკომენდაციაში, რომ შვიდი დღის შემდეგ თუ იზოლაცია დასრულდა, პირმა კიდევ დამატებით ხუთი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი მკაცრად. სხვაგვარად შესაძლოა, იყოს ისევ რისკებთან დაკავშირებული“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის.
„როდესაც პისიარტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ გარკვეულწილად ჩანს, რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა, შვიდი დღე, პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია, მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და ატაროს ნიღაბი ხუთი დღის განმავლობაში. არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება ნამდვილად საჭირო არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- "გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
