საქართველოში წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება
“საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრო მედიკამენტების გაიაფების ახალ გზებს ეძებს და რეფორმაზე მუშაობს.
საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს, თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ღირებულება კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები, ძირითადად, იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაცია მომხმარებელს დანახარჯს მკვეთრად შეუმცირებს. რაც შეეხება ვადებს, მისი ინფორმაციით, მთავრობა რეფერენტულ ფასებს 2023 წლის დასაწყისიდან შემოიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში წამლების ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იგეგმება / რეფერენტული ფასები, ძირითადად, იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
“რეფერენტული ფასების შემოღებით სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და შემცირდება ხარჯი, რასაც სახელმწიფო და მომხმარებელი გადაიხდის. ეს სისტემა ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებშია დანერგილი და მათ მნიშვნელოვანი თანხა დაზოგეს. მაგალითად, თურქეთმა, რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს, 1 მლრდ დოლარი დაზოგა. ქვეყნების ნაწილი რეფერენტულ ქვეყნად სამ-ოთხ ქვეყანას ირჩევს. არჩევანი რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული, მათ შორის: ტერიტორიულ სიახლოვეზე, სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე. იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ რეფერენტულ ქვეყნად ავირჩევთ, ფასები დაბალი უნდა იყოს. ამ დროისთვის მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს. საწყისად ვფიქრობთ, რომ რეფერენტული ფასი იმ სამკურნალო საშუალებებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის გამოიყენება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს, ეს ჩამონათვალი განვავრცოთ”, - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა. რეფერენტული ფასის დაწესების ბევრი მოდელი არსებობს და მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრო რომელ მათგნს აარჩევს. ასევე საინტერესოა, რომელ ქვეყნებს შეედრება საქართველო, რადგანაც რეფერენტული ფასის დაწესება სწორედ სხვა ქვეყნებში არსებული ფასების შესწავლას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უკვე დიდი ხანია, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მედიკამენტებზე ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინიტროს მომავალი წლის გეგმას დადებითად აფასებს სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაციის “გახსოვდეს ჰიპოკრატე” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე და იქვე ამბობს, რომ სხვა ცვლილებების შემუშავებაც აუცილებელია. “რასაკვირველია, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან ჩვენთვის მთავარია პაციენტის ინტერესი. ცალსახად კარგია, თუ მედიკამენტებზე ზედა ზღვარი დაწესდება. ბიზნესი, რა თქმა უნდა, საკითხს სხვაგვარად უყურებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით, რაც არის მთავარი ამოცანა, ეს ამ პირობებში უფრო კარგად შესრულდება”, - ამბობს ბერაძე, რომელიც დასძენს, რომ “რასაკვირველია, საჭიროა ყველა ნიუანსის გათვალისწინება, აღსრულების მექანიზმების დახვეწა, რადგან ზიანი არ მიადგეს არც ფარაცევტულ კომპანიებს და, რაც მთავარია, მოქალაქეებს და მათთვის იყოს მედიკამენტები ხელმისაწვდომი და საიმედო”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ შემთხვევაში, ეს რეფორმა რომ განხორციელდეს, ალბათ, საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ცვლილება. მექანიკურად რომ დაწესდეს ზედა ზღვარი, ვითარებას მხოლოდ ეს არ უშველის. საჭიროა, კიდევ რამე გაკეთდეს იმისთვის, რომ პრაქტიკაში რეფორმა სწორად განხორციელდეს. დაცული უნდა ვიყოთ იმით, რომ არ მოხდეს გადაჭარბებული რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა და არ იყოს შუალედური რგოლები ძალიან ბევრი, ეს აძვირებს თვითღირებულებას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, სწორედ ოჯახის ექიმი უნდა განკარგავდეს ამ მედიკამენტებსაც და ადგილზევე მიეწოდოს პაციენტს წამალი, რომელსაც ექიმი გამოუწერს და ადამიანს დაფინანსებაზე ფურცლებით ხელში არ უნდა მოუწიოს სიარული, გინდაც გამგეობაში და გინდაც მერიაში. ასეთი რეგულაციები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში სწორედ ამ სახით ხდება პაციენტების უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტით. პაციენტი თავად არ უნდა ეძებდეს წამალს და ათას ადგილას სიარული არ უნდა უწევდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ბერაძე.
“თურქეთიდან შემოდის შედარებით იაფი წამლები და იქ მედიკამენტები გაძვირდა, ამიტომ კარგი იქნება, სხვა ბაზრები მოვიძიოთ. კონკურენცია როდესაც გაიზრდება, ბაზარი გაჯანსაღდება. ეს, რა თქმა უნდა, 1-2 დღეში არ მოხდება. სისტემურად იმდენად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და გამოსასწორებელი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანდათან ყველაფერი გაუმჯობესდება. რეფერენტულ ფასს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. ასევე იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, მოლდოვა და ა.შ.” - დაასკვნის ბერაძე. სრულიად განსახვავებული მოსაზრება აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტ ვატო სურგულაძეს. ის ამბობს, რომ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით პრობლემები შეიქმნება”, - წერს სტატიის ავტორი.
“არავითარი ლიმიტი, არავითარი ზედა ზღვარი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შედეგს ვერ მოიტანს. ამ რეფორმის განხორციელებით მოხდება ის, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში - აღარ შემოვა ხარისხიანი მედიკამენტები. უცებ რომ ლარი გაუფასურდეს, მერე რას ვშვრებით?! ე.ი. კომპანიები უნდა წავიდნენ წაგებაზე. გაქრება ხარისხიანი მედიკამენტი და შესაძლოა, საერთოდ წამლის პრობლემაც გაჩნდეს. ნებისმიერი ზედა ზღვრისგან ბიზნესი მაინც იპოვის გამოსავალს და შეიძლება, გაცილებით უარესი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის კი არ არის, რომ მაღალი ფასებია, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში დაბალი შემოსავლებია. ჩვენ ამის გამო გვექნება სეროზული პრობლემა. გაჩნდა პრობლემა თურქეთში, წამლები გაძვირდა, ჩვენ ხომ შემოგვქონდა ვითომ იაფი მედიკამენტები და ახლა ჩვენთანაც ავტომატურად მოხდება ფასის მატება. შეიძლება, პირველ ეტაპზე რაღაც შედეგი მივიღოთ, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ცუდი რეზულტატი იქნება. დამიჯერეთ, ამ გზით გვექნება პრობლემები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში