"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის"- თამარ გაბუნია
თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.
მისი თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.
„ეს პროგრამა ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 36-ე დადგენილებით და 2013 წლიდან მუშაობს. ზოგადად, ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ახლა კი ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის.
თუ აქამდე იყო 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ახლა ნებისმიერი მოქალაქე შემოსავლის სტატუსის მიუხედავად პროგრამის მოსარგებლე იქნება.
პროგნოზული ბიუჯეტი გაკეთებულია, ეს არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ცალკე კომპონენტი არ არის გამოყოფილი.
პროცედურების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში, ძალიან კარგად არის აწყობილი ეს პროცედურები. ვინც იღებს ამ სერვისებს, იმ ბენეფიციარების შედეგები კარგია. პროგრამა დაწყებულია უკვე, დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედდა.
დაფინანსების მისაღები პროცედურა ძალიან მარტივია. კლინიკამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში როგორ უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა კონკრეტული სერვისის ანაზღაურებაზე. ამას განიხილავს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ადასტურებს მოთხოვნას და პაციენტი იღებს შეტყობინებას, რომ მისი სერვისი დაფინანსდა“, - აღნიშნა გაბუნიამ.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
