პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 118 აფთიაქში, მომავალი კვირიდან შეძლებენ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს 1 ლარად 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 118 აფთიაქში, მომდევნო კვირიდან შეეძლებათ,
- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, პროგრამაში მთავარი ცვლილებაა, რომ საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური ბარიერი პრაქტიკულად სრულად მოიხსნა და მათ უკვე შეუძლიათ, რომ 50%-იანი ფასდაკლების ნაცვლად, 35 დასახელების მედიკამენტი1 ლარად შეიძინონ. ცვლილების შედეგად კი, მინისტრის მოადგილე ბენეფიციართა ზრდას მოელის.
„ამ დროისთვის პროგრამაში 60 000 ბენეფიციარი, პროგნოზურად ამგვარი საჭიროება ქვეყანაში დაახლოებით, 150 000-200 000 ადამიანს აქვს იმ კატეგორიებში, რომლებსაც პროგრამა აფინანსებს, ამდენად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ბევრად გაიზრდება ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და შემდეგ უკვე ამ გამოცდილების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ანალიზს და ჩამოვყალიბდებით 2020 წლიდან რა მექანიზმით და რა ფორმით გაგრძელდება პროგრამა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა 1 ლარად შეძლონ მედიკამენტების შეძენა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდნენ.
„აქ მთავარია ფორმა 100, სადაც აღწერილია პაციენტის დიაგნოზი და ასევე დანიშნულების სქემა, მედიკამენტი იწერება გენერიული, საერთაშორისო დასახელებით, დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის მითითებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს რეცეპტის ფორმა. ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100-ით და რეცეპტის ფორმით ბენეფიციარი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და დარეგისტრირდეს. შემდეგ უკვე შეუძლია 118 აფთიაქში, ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტი,”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 35 დასახელების მედიკამენტი 6 ტიპის დაავადების ჯგუფისთვის, ესენია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის , ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, ეპილეფსიის, პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები. ეს მედიკამენტები გათვალისწინებულია პენსიონერებისთვის, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებისთვის, ეპილეფსიით და პარკინსონით დაავადებული ადამინებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე