"ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ"

"როდესაც ადამიანი გულში ბოღმასა და ბოროტებას არ ინახავს, ეს მის თვალებში, მის სახეზეც აისახება"



"მომხიბვლელობა ქართულად", "ქართული მშვენიერება" - ასეთი კომენტარები ახლავს კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. ამბობენ, რომ ის სინამდვილეში უფრო მშვენიერი და მიმზიდველია, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ნოდარ დუმბაძის ცირა, კონსტანტინე გამსახურდიას ძაბული, არჩილ სულაკაურის ახტაჯანა­ - ამ როლებმა მსახიობ კირა ანდრონიკაშვილს პოპულარობა მოუტანა, თუმცა თვითონ მიაჩნია, რომ მისი ყველაზე კარგი "როლი" დედობაა, მისი სიმდიდრე კი - ხალხის სიყვარული. დღეს კირა ანდრონიკაშვილი­ ჩვენი­ სტუმარია და თავის ცხოვრებაზე ჩვეული გულწრფელობით გვიამბობს:

 

 

- ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერა­დაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები - ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი ულამაზესი ქალები იყვნენ; სილ­ამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ­. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი - ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდ­ით,­ რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით.
 
 
 
მამიდა კირას სეხნია ვარ - მშობლებმა­ დამარქვეს მისი სახელი. კირა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში "ელისო" მთავარ როლს ასრულებს. როგორც ბევრი ცნობი­ლი გვარის შვილი, ისიც რეპრესიების მსხვ­ერპლი გახდა. ყაზახეთში, ასტანაში გადაასახლეს - ბანაკში, სადაც "მოღალატე ქმრების" ცოლები ცხოვრობდნენ. მახსოვს, კირა მამიდა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, განადგურებული იყო. უნიკალურ, ჩემთვის ძალიან ძვირფას ფოტოს ვინახავ, სადაც მხოლოდ 3 წლის ვარ, ჩემს მამიდებთან ერთად შადრევანთან ვდგავარ და წყალს ვსვამ. ამ ფოტოზე კირა ახალი ჩამოსულია გადასახლებიდან. ძალიან მიყვ­არდა ჩემი მეორე მამიდა ნატო ვაჩნაძე, რომელსაც ქართული კინოს ქალღმერთს უწოდებდნენ.
 
 
 

ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს.

 


ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც "კერასინკას" ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი - ნიკოლოზ შენგელაია ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფ­ერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.

 

 

- თქვენზეც ამბობენ, რომ სინამდვილეში უფრო ლამაზი ხართ, ვიდრე ეკრანზე...
 
- იმ ფილმებში, რომლებშიც გადამიღეს, გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქც­ევდნენ. მე გამორჩეულად მიყვარს ლანა ღოღობერიძის ფილმი "ერთი ცის ქვეშ". იქ არის ნოველა "მტრედები", სადაც­ მთავარ როლს ვასრულებ. ახლა რომ ვიხსენებ,­ მე ამ როლით ვცხოვრობდი. მაშინ მე-9 კლასში ვიყავი და ჩემი სკოლის ფოტოებზე­ მართლაც უფრო ლამაზი ვჩანვარ, ვიდრე ეკრანზე.
 
 
 

დღეს სულ სხვა ტენდენციაა: უცხ­ოურ ფილმებში მთავარ გმირებს იმაზე ლამაზს აჩენენ, ვიდრე სინამ­დვილეში არიან, ან თავიანთ სილამაზეს არ უკარგავენ, ჩემს შემთხვევაში კი ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ჩემთვის მთავარი იყო, კარგად მეთამაშა და ფილმი კარგი გამოს­ულიყო. ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უბრალო­ კაბა მაცვია,­ რომელიც დედას მოქსოვილი მანჟეტებით არის მორთული. არც "მთვარის მოტაცებაში" გამიმახვილებია ყურადღება გარეგნობაზე...

 

 

- როგორ ახერხებთ, რომ ახლაც ასე მშვენივრად გამოიყურებით?
 
- მე მაინც მგონია, რომ სილამაზე­ გენეტიკისა და შინაგანი ბუნების დამსახურებაა. როდესაც ადამიანი­ კეთილია,­ გულში ბოღმასა და ბოროტებას არ ინახავს, ეს მის თვალებში, მის სახეზე აისახება.
 
 

ვცდილობ, აგრესიული არავის მიმართ ვიყო. მეცოდება ყველა, ვინც გულით ბოროტებას ატარებს.

 

 

ცხოვრებაში ბევრი დარდიც მქონია, ცრემლიც, მაგრამ ყველაფერს გულში ვინახავდი და ხშირად არც ვიმჩნევდი. შეიძლება­ რაღაც მქონდა ისეთი, რის გამოც ხალხს მოვწონდი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი კარგ ტონად არასოდეს მიმაჩნდა. ხშირად მეკი­თ­ხებიან, ცხვირის ან სხვა პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებიაო? არა, ბატონო, ყველაფერი ჩემი წინაპრების დანატოვარი მაქვს. არასდროს იმის საშუალება­ არ მქონია, რომ პლასტიკური ოპერაციები მეკეთებინა.
 
 
 

 
 
 
მართალია, ვფიქრობ, რომ ქალმა თავს უნდა მიხედოს, მაგრამ ეს თვითმიზნად არ უნდა იქცეს. მთავარია, კარგი დედა იყო, კარგი მეგობარი, კარგი მეზობელი. როდესაც შვილები გყავს, მარტო თავის მოვლაზე ვერ იფიქრებ. სახლსაც ვალაგებდი, სადილსაც ვაკეთებდი და ჩვეულებრივად ვშრომობდი, რადგან დედა ადრე გარდამეცვალა და მოსამსახურეც არასოდეს მყოლია. ბავშვის დამტოვებელი რომ არ მყავდა, ბაზარშიც მიმყავდა ხოლმე.
 
 
 

- ესე იგი პლასტიკური ოპერაციების მიმართ უარყოფითად ხართ განწყობილი?


- სულაც არა. თუ ადამიანს სჭირდება, უნდა გაიკეთოს, თუმცა ძალიან ბევრი ლამაზი გოგო ვიცი, რომელსაც ასეთი ოპერაცია არ სჭირდებოდა და მაინც გაიკეთა.

 

 

- და ბოლოს, როგორ აფასებთ დღევანდელობას.
 

- მე იმედიანი ადამიანი ვარ და მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდები. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი არ უფრთხილდება თავის ქვეყანას და ვერ ხვდება, რომ საქართველო ის ბალახია, ის ფოთოლია, რომელსაც ვხედავთ, ის სადარბაზოა, სადაც ვცხოვრობთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ხალხს, ვინც ჩვენს ქალაქს უვლის და ალაგებს. ამას წინათ ერთ ბიჭს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, კიდეც ვუთხარი, ბევრ მინისტრსა და პროფესორს მირჩევნიხარ, შვილო, ჩვენს ქალაქს რომ უვლი-მეთქი. ქართველები წარსულშიც ბევრჯერ გადავრჩით და მომავალშიც გადავრჩებით, ოღონდ ყველამ ჩვენს წილ საქართველოს უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ.

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 2029 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.