ქუთაისში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
ქუთაისში, სასტუმრო best western-ში, კომპანია m2-მა საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ,,რამადა’’-ს პროექტი წარადგინა.
პროექტის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 125 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის თქმით, მშენებლობა, სავარაუდოდ, 1 დეკემბერს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
,,მნიშვნელოვანი დღეა მ2-თვის. ქუთაისში წარვადგენთ სასტუმროს პროექტს. სასტუმროში 250 -მდე ადგილობრივი თანამშრომელი დასაქმდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ირიბ დასაქმებასაც ანუ რესტორნების, მარნების განვითარებას, რომლებიც სასტუმროს საკვებით უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში, 400 კვ.მეტრი გარემონტებული ფართი მწერალთა კავშირს გადაეცემა. ასევე შენარჩუნდება ეზოში არსებული მწვანე ნარგავები,-’’განმარტა ირაკლი ბურდილაძემ.
კომპანია m2-ის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროს შენობა შესაბამისობაში იქნება ქუთაისის არქიტექტურასთან. მისი თქმით, დავით გოგიჩაიშვილმა, რომელმაც პროექტი შეადგინა, გაითვალისწინა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ინტერესები და სასტუმრო თანამედროვე სტანდარტებთან ერთად ქალაქის ისტორიულ იერ-სახესაც შეესაბამება.
პრეზენტაციას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. შავლეგო ტაბატაძის თქმით, ქალაქის ეკონომიკური გაძლიერებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით მსგავსი ტიპის სასტუმროების მშენებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
,,მადლობა m2-ს, ეს პროექტი ამ უძველესი ქალაქისთვის ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი: პირველი - დასაქმდებიან ადამიანები და მეორე - გაიზრდება ტურისტული პოტენციალი. მსგავსი პროექტების განხორციელებას გუბერნია ყოველთვის მხარს დაუჭერს’’-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
,,რამადა’’ უმსხვილესი საერთაშორიასო ოპერატორის ,,Wyndham Hotel Group-ის ბრენდია, რომელიც სასტუმროთა რაოდენობის მიხედვთ ყველაზე დიდი ქსელია. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში