"საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია
ქუთაისის საკრებულოს წევრი (პარტია "საქართველოსთვის") ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია შობადობის შემცირება და საგრძნობლად გაზრდილი მიგრაცია. აღნიშნულ პროცესს ართულებს უნაყოფობის მზარდი მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს როგორც მოსახლეობის რაოდენობრივ დინამიკაზე, ასევე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
მოგეხსენებათ, რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას რეპროდუქციული სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხი. როგორც ქალებისთვის, ასევე ოჯახებისათვის, საჭირო კვლევებსა და მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფო პროგრამები ვერ ფარავს იმ საჭიროებებს, რომლებიც აუცილებელია დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
ინფერტილობა არ წარმოადგენს მხოლოდ ინდივიდუალურ სამედიცინო პრობლემას - ის არის კომპლექსური საზოგადოებრივი და დემოგრაფიული გამოწვევა. სწორედ ამიტომ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა მოითხოვს სახელმწიფოსა და თვითმმართველობებისგან თანმიმდევრულ, ადამიანზე მორგებულ სისტემურ პოლიტიკას.
ამ ფონზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკრებულოებს წარუდგენს წინადადებას - განიხილონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში თანადაფინანსების პროგრამები, რომლებიც მოიცავს როგორც უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილთა კვლევებს და მკურნალობას, ასევე ზოგადად რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს რეპროდუქციული პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს როგორც დემოგრაფიული რისკების შემცირებას, ისე სამართლიან და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ჯანდაცვას.
მომდევნო წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აქტიურად დავაყენებ აღნიშნულ საკითხს, ვიმედოვნებ ჩემი კოლეგები დაინტერესდებიან წამოყენებული ინიციატივით და ერთობლივი ძალებით შევიტანთ ჩვენს წვლილს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში!"- წერს ელეონორა არჩაია.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა