November 22, 2024

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ონლაინ პლატფორმის საშუალებით მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები და წინადადებები განიხილა.

 

საბჭოს სხდომაზე ხუთმა მუნიციპალიტეტმა: საჩხერემ, ხარაგაულმა, ქუთაისმა, ბაღდათმა და ზესტაფონმა პროექტები და წინადადებები წარმოადგინეს.

 

საჩხერესა და ხარაგაულის მიერ შემუშავებული პროექტებით გათვალისწინებულია ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა.

 

ქუთაისის, ზესტაფონისა და ბაღდათის მიერ წარმოდგენილი წინადადებები რეკრეაციული სივრცეების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს.

 

საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და წინადადებებს მხარი დაუჭირეს.

 

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

 

დღეს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ იმსჯელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები განკარგულებაში „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ქუთაისის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ლაგოდეხის, თელავის და ლანჩხუთის, მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება. ევროკავშირის პროგრამით აღნიშნულ 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება.

 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 

2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.