კახეთში სოფლების ნაწილს აზიური ფაროსანა შეესია
საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებს ფაროსანა შეესია. მავნებელი მწერის მომრავლებაზე ჩივიან ყვარელშიც.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში მცხოვრებმა ოთარ ბუჯიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მავნებელი მწერი დაახლოებით ორი კვირის წინ შენიშნა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ბუჯიშვილმა იცის, რომ ფაროსანა მოსავალს ანადგურებს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, როგორც და რა ხერხებით ებრძოლოს მავნებელ მწერს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ მავნებელ მწერთან ბროლა დროულად არ დაიწყო, შესაძლოა მომავალ წელს მოსავლის გარეშე დარჩნენ.
ლაგოდეხის სოფლებში აზიური ფაროსანას გავრცელების შესახებ ინფორმაცია აქვს მუნიციპალიტეტის მერიას. როგორც ჟურნალისტებს მერმა ჯონდო მდივნიშვილმა უთხრა, ამ ეტაპზე მავნებლის მასობრივად გავრცელება არ შეინიშნება და არც სასოფლო სამეურნეო კუთხით მიუყენებია ზიანი, თუმცა ზოგ სოფელში ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო.
„ფაროსანა დაფიქსირებულია რამდენიმე სოფელში. ხდება ტერიტორიების თერმული ნისლით (სპეციალური ხსნარი) დამუშავება. დავაკვირდებით მავნებლის გავრცელება-მომრავლების ტემპს. ვცდილობთ ისიც დავადგინოთ, საიდან მოხვდა ფაროსანა ამ ტერიტორიაზე. თუ აზერბაიჯანის მხრიდან გავრცელდა, ალბათ საზღვარზე მოხდება ავტომობილების დამუშავება“ - განაცხადა ლაგოდეხის მერმა.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავლის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. რა იციან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ლაგოდეხში აზიური ფაროსანას გავრცელების შესახებ და რას გეგმავენ?
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯერ-ჯერობით შეზღუდულ არეალში, ძირითადად ტყის პერიმეტრებზე საზღვრის მიმდებარედ, ტარდება ღონისძიებები მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ, რომელიც ამ პერიოდში, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე მიგრირებს ტყეებსა და საცხოვრებელი სახლებისაკენ. მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არ აღინიშნება და ამჟამად მიმდინარე ღონისძიებები პრევენციულ ხასიათს ატარებს, რათა არ მოხდეს მომავალი წლისათვის მავნებლის რიცხოვნობის ზრდა“
ფაროსანა მცენარით კვებას ადრე გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ფაროსანა გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოუწოდებს, მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ადგილობრივ თვითმმართველობას ან თავად სააგენტოს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი