"შტურმი" ტვინებზე ანუ პოლიტიკური კრიზისის ფსიქოანალიზი - როგორ გვინადგურებს ფსიქიკას აგრესია და ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი
ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარება, აგრესია, სიძულვილის ენა, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი როგორ მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ჩვენს რუბრიკაში ფსიქოლოგ ირინე ტაბუცაძესთან.
- ადამიანების ორ ჯგუფს შევეხოთ: ერთნი, რომლებიც მაგალითად, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და შემსწრე არიან ძალიან ბევრი მოვლენის, უშუალოდ უწევთ მონაწილეობა ან ოჯახის წევრია ჩართული პოლიტიკურ პერიპეტიებში გინდა ერთ მხარეს, გინდა მეორე მხარეს და მეორენი - ჯგუფი, რომელსაც ეს ესმის მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით და უშუალოდ მის გარემოცვაში არც არაფერი ხდება.
მედიიდან წამოსული ზღვა ინფორმაცია, აგრესია, პოლიტიკური ანალიზი, რომელიც შეიძლება ზოგიერთისთვის მაინცდამიანც გასაგებიც არ იყოს და არც მისი პოზიციაა მაინცდამაინც გარკვეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის აგრესიული ნაკადი, რომელიც ადამიანს აზიანებს. თუმცა ამ შემთხვევაში ადამიანს, ბოლოს და ბოლოს, შეუძლია შეხება არც ჰქონდეს ამ ინფორმაციასთან, მინიმუმამდე დაიყვანოს და მეტ-ნაკლებად თავი "გადაირჩინოს". მაგრამ იმ ადამიანების მეორე და დიდ ჯგუფს, რომელიც უშუალოდ არის პროცესებში ჩართული და გინდა თუ არა ეს პოლიტიკური გაუგებრობები მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეხებათ.
დავიწყოთ მედიიდან წამოსული ინფორმაციით, დამთავრებული ყოფითი საკითხებით, როდესაც ფასები იზრდება, როდესაც უკმაყოფილებაა. რაც მთავარია, ის ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაიყვნენ. ძალიან გაჭირდა თანამშრომლობა და სხვისი აზრის გაგება, ემპათია, ტოლერანტობა... ეს სწორედ ასეთ რთულ პერიოდებს ახლავს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს აფასებენ პოლიტიკური ნიშნით, ვიღაც ჩემს ჯგუფშია, ვიღაც სხვაში და თითქოს საერთოც არაფერი აქვთ ერთმანეთთან. უფროსი თაობისთვის ყოველივე ეს გასაგებია, გავიარეთ რამდენჯერმე ასეთი ეტაპი, ახალგაზრდები კი ამას პირველად წააწყდნენ და მათთვის ძალიან მტკივნეულია. დღეისათვის ვითარება უფრო მძიმეა და უფრო რთულად გადასატანია.
- რა შეიძლება მოიტანოს ასეთმა გახანგრძლივებულმა აგრესიულმა სიტუაციამ?
- ერთი ის, რომ ყველა ვერ უძლებს მსგავს აგრესიულ ნაკადს და ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ. შეიძლება ეს იყოს დეპრესიული ფონი, გაძლიერებული შფოთვა ან მომავლის შიში, როდესაც დაგეგმვა გიჭირს და არ იცი, ხვალ-ზეგ რა იქნება. შესაძლოა ეს გამოვლინდეს იმით, რომ ადამიანი, პირიქით, მაქსიმალურად გადგეს განზე და თავი მოიტყუოს, რომ გარეთ არც არაფერი ხდება. მე მაქვს შეხება ასეთ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, მაინც ვერაფერს შევცვლი, არაფერი გამოვა აქედან, რა აზრი აქვსო. ასეთი უსუსურობის განცდა არცაა გასაკვირი. ფსიქოლოგიაში არსებობს ცნობილი ფენომენი, რომელსაც "ნასწავლ უსუსურობას" ვუწოდებთ ხოლმე. ეს ნასწავლი უსუსურობაა, როდესაც რამდენჯერმე ცხოვრებაში ფრუსტრაციას განიცდი, წინააღმდეგობას აწყდები, რაღაც მომენტში უკვე საკუთარი ძალის აღარ გჯერა და გგონია, სულ ასე იქნება, მაინც არაფრის შეცვლა არ შეგიძლია და ეგუები ვითარებას.
ამათგან განსხვავებით, პირიქით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანების მეორე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი გასაკეთებელია ეს საქმე, რომ აბა, სხვა ვინ უნდა მიხედოს იმ რეალობას, რაც მის ირგვლივ არის და იწყებს ბრძოლას. გარდა ამისა, პრობლემად იჩენს თავს ის, რომ გარკვეულ ჯგუფს ეზრდება აგრესიის დონე, მით უმეტეს, თუ მანამდეც იყო ამის წინა პირობა და ძალიან ადვილად მიდის სიტუაციის გამწვავებისაკენ.
რაც არ უნდა იყოს, ცხოვრების ხარისხი ნებისმიერი ამ ჯგუფისთვის დაქვეითებულია, გვინდა თუ არა, ეს რეალობა გვეხება, ზოგს პირდაპირ, ზოგს ირიბად.
ყველაზე უარყოფითად სიძულვილის ენა მაინც მოზარდებზე ახდენს ზეგავლენას. ითვლება, რომ 12-18 წლის ასაკის ბავშვებში ბევრად რთულად გადასატანია ამგვარი დამოკიდებულება, ვიდრე პატარა ან უკვე ზრდასრულ ასაკში. ამ დროს ყალიბდება ღირებულებათა სისტემა, დამოკიდებულება სამყაროს, საკუთარი თავის მიმართ და იმისათვის, რომ ადამიანი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მას გარკვეული პირობები სჭირდება - ოჯახში ზრუნვა, სითბო, სიყვარული, თანადგომა, სასურველია გარეთაც იგივე ატმოსფეროში იყოს. თუ ოჯახში, ასე თუ ისე, მოგვარებულია დამოკიდებულებები, გარე გამღიზიანებლებს რაღაცნაირად უმკლავდება მოზარდი, ხოლო, თუ სახლშიც არაა სიმშვიდე, ბევრად მძიმედ გადააქვს ეს ყველაფერი, მით უმეტეს, თუ ამას ემატება მძიმე სოციალური ფონიც ოჯახში.
ნუ გვგონია, რომ მხოლოდ დიდები არიან დაჯგუფებული. იგივე ითქმის ბავშვებზეც, მოზარდებზეც. ისინიც ოჯახის ან სამეგობროს სახე არიან. მათი ღირებულების მატარებლები არიან და დაპირისპირებულ მხარეს არანაკლები აგრესიით ხვდებიან, როგორც ზრდასრული ადამიანები.
ბავშვისთვისაც შეიძლება ამ ყველაფრის არიდება, თუ სახლში სიმშვიდეა, თუ მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი ჰყავს.
- და ალბათ, თუ ტელევიზორიც გამორთულია?
- შეიძლება ტელევიზორი იყოს ჩართული, მაგრამ არ ყვიროდეს. ინფორმაციას იღებენ მოზრდილები და გააჩნია, როგორ რეაგირებენ მასზე. ვერ დავიჯერებ, რომ ბავშვს ესმის შინაარსი, მთავარია, ემოცია, რომელსაც მშობელი გამოხატავს ამ ინფორმაციის მოსმენისას. თუ მშობელი ახერხებს, რომ მეტ-ნაკლებად იზოლირება გაუკეთოს ბავშვს და ის აგრესიული, მძიმე ემოციური ფონი ბავშვამდე არ მიუშვას, კიდევ არა უშავს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თვითონ ოჯახის წევრები იყენებენ სიძულვილის ენას, თვითონ არიან მოძალადეები ან მსხვერპლები, საბოლოოდ ორივეს ერთი შედეგი აქვს და ბავშვის განვითარებას დაღს ასვამს.
როგორც მშობელი აღიქვამს საკუთარ თავს იმ გარემოში, რა თვითშეფასების მატარებელიც არის, ის მოდელია ნებისმიერი ბავშვისთვის. ბავშვსაც დაახლოებით იგივე დამოკიდებულება და განწყობა უყალიბდება გარე სამყაროს მიმართ. ეს შეიძლება გამოიხატოს აგრესიით ან სრული იზოლირებით ყველაფრისგან, შეშინებული თაგვის როლში ყოფნა, რომ ზედმეტად არ შეეხოს ვიღაც და არ დაჩაგროს.
- რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
- ცოტა გაცვეთილი რჩევაა, კარგი იქნება, თუ ვისწავლით ემოციების მართვასა და აგრესიისგან იზოლირებას, მაგრამ არ გამოდის! ასეთი რჩევები დღეისათვის წიგნიდან ამოკითხულს ჰგავს და არაა პრაქტიკული. ემოციების მართვა კარგია, თუ იცი, როგორ, მაგრამ...
ალბათ, უფრო რეალისტური იქნება, რომ კრიტიკული აზროვნება შევძლოთ, გარჩევა, თუ რა არის რეალური, რას გვახვევენ თავს ძალით, როგორ ქმნიან სპეციალურად უსუსურობის გამოუვალი სიტუაციის განწყობას, ან პირიქით, გვგონია, ყველაფერი კარგად არის და სხვები რომ არ იბრძოდნენ, ყველა ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ეს ერთი და იმავე პრობლემის ორი პოლუსია, არც ერთია ჯანსაღი და არც მეორე. არც ზედმეტი აგრესიაა სწორი და არც ღრუბლებში ფრენა.
ბავშვებთან ცოტა უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. კარგი იქნებოდა, სკოლას აეღო თავის თავზე ეს, მაგრამ არა მაქვს დიდი იმედი... რეკომენდაციის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ნებისმიერ „კარგ ქვეყანაში, ალბათ, ასეთ დროს საგანმანათლებლო სისტემა იმუშავებდა სხვანაირად. ბავშვებს ბევრს დაელაპარაკებოდა ტოლერანტობაზე, ემპათიაზე, პრობლემების მოგვარების ალტერნატიულ გზებზე, თანამშრომლობაზე და ა.შ. დღეს ეს რამდენად შეუძლია სკოლას, არ ვიცი. ახლა იმხელა ქაოსში ვართ, რომ არანაირი გეგმა და გამოსავლის გამოსანახად გამზადებული რჩევები და რეკომენდაციები არა გვაქვს, სამწუხაროდ.
სანამ კრიზისი არ დასრულდება, ამ ფონს რა შეცვლის?! ნებისმიერი კრიზისი თავისი შინაარსით დადებითია იმ თვალსაზრისით, რომ ნიშნავს გარდამავალ პერიოდს, გადასვლას ერთი მდგომარეობიდან მეორეში და თუ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ, მაშინ ცოტა ხანს ავიტანოთ ეს კრიზისული სიტუაცია. მჯერა, რომ ბევრად უკეთესად ვიქნებით, ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ.
სიახლეები
- "პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? - წავიდნენ სახლში და იტრიალონ" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ქვეყნის მიტაცებას და ავტორიტარიზმის დამყარებას" - ელეონორა არჩაია
- 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
- შენი პირველი არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში