თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით.
შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.
ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.
აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ამჟამად, სრულდება საცურაო აუზის აღჭურვა და მიმდინარეობს მისი ტესტირების პროცესი.
ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 13.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო.