შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, რესტორანი „რეტრო“ 30 000 ლარით დაჯარიმდა
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, რესტორანი “რეტრო” 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.
როგორც ფერაძემ აღნიშნა, უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი.
“კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს“,- აღნიშნა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რესტორან “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- ერევანში ჩეჩნეთიდან გაქცეული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
- ჰონგ-კონგის აეროპორტის დასაფრენი ბილიკიდან სატვირთო თვითმფრინავი ზღვაში გადავარდა – არის მსხვერპლი
- “ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო