December 12, 2024

უმწვავესი ენერგოკრიზისი აფხაზეთში

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.

ბოლო დღეების განმავლობაში მკაცრი გრაფიკია დაწესებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებსა და ბაღებში, არდადეგებია გამოცხადებული; ასევე გრაფიკით გაიცემა ხელფასები სამთავრობო უწყებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში; შეჩერებულია ყველა სახის სოციალური დახმარების გაცემა; სირთულეებია ციტრუსის რუსეთში გატანასთან დაკავშირებითაც.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების სიმძიმეზე ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს 9 დეკემბრიდან ამოქმედებული ელექტროენერგიის გრაფიკის სტრუქტურა: დენი უწყვეტად მიეწოდება ღამის საათებში, დღისით კი - მხოლოდ 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში, თუმცა მიეწოდება წყვეტით: ლიმიტის ნახევარი დილას, ნახევარი კი - საღამოს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვითარება მართლაც უმძიმესია: საავადმყოფოები ჩივიან, რომ ვერ ამუშავებენ რენტგენის აპარატებს, ულტრაბგერით მოწყობილობებსა და სხვა აღჭურვილობებს.

„რესპუბლიკური სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის დღეში მინიმუმ 5 ტონა საწვავია საჭირო“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ, რომელმაც ე.წ. ფინანსთა სამინისტროს დაავალა, მიიღოს ზომები სამედიცინო მომსახურებისთვის წარმოქმნილი ვალების გადახდისა და საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუთბას თქმით, დიდი სამედიცინო დაწესებულებები გენერატორებზე მუშაობენ, მაგრამ რესურსები აქაც შეზღუდულია: „საჭიროა დიდი რაოდენობით საწვავის დარეზერვება რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელშიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამშობიარო, ჰემოდიალიზისა და ქირურგიული განყოფილებები. ადგილობრივი ადმინისტრაციის დახმარებით, სოხუმის მთავარმა და ინფექციურმა საავადმყოფოებმა უკვე მიიღეს დიზელის გენერატორები. გარდა ამისა, გენერატორებით უზრუნველყოფილია ფსიქიატრიული საავადმყოფო და ონკოლოგიური კლინიკა“.

ელექტროკრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აღზრდისა და განათლების კერები. დე ფაქტო განათლების მინისტრის ინალ გაბლიას თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები გამოცხადდა: „ჩვენ ვთავაზობთ არდადეგების გამოცხადებას სკოლების, კოლეჯებისა და ბაღების დირექტორებს, რათა მათ გააკონტროლონ სასწავლო პროცესი და ბავშვებმა შინ იმეცადინონ“.

სპეციალისტების ვარაუდით, სავსებით შესაძლებელია, რომ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიპოვით თუ არა სახსრებს რუსული ელ. ენერგიის მორიგი ნაკადის ექსპორტირებისთვის. ენგურჰესის მინიმალური გამომუშავებით ვერ შევძლებთ კრიზისის მართვას“, - განმარტა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ, რომელმაც არ დამალა, რომ დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს. „მიშუსტინს წერილი გავუგზავნე ხელფასების და ზოგადად სოციალური გადასახადების თანადაფინანსების განახლების თხოვნით“, - განაცხადა ვალერი ბგანბამ ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც კრიზისის დაძლევის გზები განიხილებოდა.

2024 წლის სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ჯერ შეუჩერა, შემდეგ კი (ნოემბრიდან) მთლიანად შეუწყვიტა ყველა სახის ფინანსური დოტაცია და სოციალური დახმარება (გარდა პენსიებისა).

თუ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ ვერ შეძლო რუსული დენის ექსპორტისათვის საჭირო თანხების მოძიება, აფხაზეთში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, რაც უთუოდ გამოიწვევს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის კიდევ უფრო მეტად შემცირებას.

„რუსეთიდან მისაღები ელექტროენერგიის საფასური გადახდილია 10 დეკემბრის ჩათვლით. უარეს შემთხვევაში, მოგვიწევს მხოლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის იმედად ყოფნა. ეს ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში დენი გვექნება არაუმეტეს ექვსი საათისა“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ.

ელექტროენერგიის კრიზისს ერთიორად აღრმავებს კრიპტოვალუტის მაინინგი, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა კორუფციისა და ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის გამო.

გამოსავლის სახით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილმა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა ადგილობრივ ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდა, ღამის საათებში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით გამორთონ ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ხდება უკანონო მაინინგი. „სავარაუდოდ, ინტერნეტი გაითიშება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე“, - წერენ ადგილობრივი სააგენტოები.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმითაც, კრიზისის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშევი კრიპტოვალუტის მაინინგს, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია:

„40-45 მგვატი დღე-ღამეში - ამდენს მოიხმარენ მოქმედი მაინინგ-ფერმები. წელიწადში 350 მლნ კვტ/სთ - ეს არის ჩვენი წლიური დეფიციტის ნახევარი. არ მესმის, ეს როგორც შეიძლება, ხედავ რა მდგომარეობაშია რესპუბლიკა, მაგრამ მაინც აგრძელებ ამ საქმეს და კიდევ უფრო ამძიმებ შექმნილ კრიზისს, რომლისგანაც ყველა ზარალდება“.

რუსეთის გადაწყვეტილებამ, ყველა სახის დახმარება შეუჩეროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, ენერგეტიკული კრიზისის გარდა, კოლაფსამდე მიიყვანა ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურები.

 

 

 

წაკითხვა 49 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 11 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.