სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
სომხეთში „ნარკოდანაშაულთან“ დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, - სასულიერო იერარქი, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებულ სექს-სკანდალში.
არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატურიანი, რომელიც ეჯმიაწინის კანცელარიის ხელმძღვანელია, ხუთშაბათს, 4 დეკემბერს, დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ის დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების „უკანონო გასაღების“ ბრალდებით.
მისი ადვოკატი არსებ ბაბაიანი განმარტავს, რომ ხაჩატურიანს ედავებიან, რომ დისკრედიტაციის მიზნით, 2018 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდო“ აქტივისტს, რომელიც ყოველთა სომეხთა პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ გამოდიოდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადვოკატი ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს: „ამაზე აბსურდული რამე არასოდეს გამიგია“, - ამბობს ის.
ადვოკატ ბაბაიანის შეფასებითვე, ეს „პოლიტიკური“ ბრალდება მიმართულია ხაჩატურიანის დისკრედიტაციისკენ და არის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის უფრო ფართო „კამპანიისა ეკლესიის წინამძღოლის წინააღმდეგ“.
მღვდელმთავრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს მოსამართლე მაზის მელკონიანი, - იგივე მოსამართლე, რომელმაც წელს ორი არქიეპისკოპოსის, ბაგრატ გალსტანიანისა და მიქაელ აჯაპაჰიანისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
გასულ შაბათს, 29 ნოემბერს, მღვდელმთავრების ჯგუფმა საჯარო მიმართვა გაავრცელა, სექს-სკანდალის „დაფარვაში“ დაადანაშაულა გარეგინ II და მოუწოდა მას, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი. მიმართვას ხელს აწერს 10 სასულიერო იერარქი. მათგან რვას ორი დღით ადრე ფაშინიანმა უმასპინძლა მთავრობის ადმინისტრაციაში.
ეკლესიაში 55 ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსია. გუშინ 27-მა მათგანმა გაავრცელა საჯარო განცხადება და გარეგინ II-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
