მეხანძრე-მაშველები ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნას მეორე დღეა განაგრძობენ
ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.
ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.
გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.
ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
