მეუფე შიო - ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა

ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

 

მიტროპოლიტმა ისაუბრა დღევანდელ დღეზე და მრევლს მიულოცა მარხვის მეორე კვირა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დიდი მარხვის მეორე კვირა, რომელსაც ეწოდება წმინდა გრიგოლ პალამას სახელი და იმდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც წმინდა გრიგოლი გვასწავლის, რომ ყოველთვის დიდი მარხვის მეორე კვირას არის მისი ხსენება.

დიდ მარხვამდე ჩვენ ეკლესია გვამზადებდა და გვაფიქრებდა სინანულზე. თქვენ გახსოვთ, ყოველ კვირას სახარება ეხებოდა ჩვენს ცოდვებს, ღმერთთან დამოკიდებულებას, სინანულს.

აი, ორი კვირა გავიდა დიდი მარხვისა და რომ არ ჩავვარდეთ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩვენი ცხოდვების შემხედველი, უფალი გვამხნევებს, წმინდა ეკლესია გვამხნევებს და გვეუბნება, რომ მარტო ცოდვებისგან არ არის შემდგარი ადამიანი, არამედ ჩვენი ბუნების საფუძველი და ძირეული ნიშან-თვისება - ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ხატი ღვთისა. ყოველი ჩვენგანი არის ღვთის ხატი.

ამიტომ წინა კვირას იყო ხატების თაყვანისცემის შესახებ დღესასწაული, სადაც სწორედ ეს აღინიშნა, რომ ადამიანი ღვთის ხატია და ხატებს როცა ვცემთ თაყვანს, ჩვენ თაყვანს ვცემთ არა მატერიას, ფიცარს თუ საღებავს, არამედ პიროვნებას, რომელიც გამოსახულია ხატზე, წმინდანს, რომელმაც სულიწმიდის მადლით მიაღწია ამ სიწმინდეს და ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სიწმინდეს თაყვანს ვცემთ და მივეახლებით.

დღევანდელ დღეს საუბარია იმაზე, თუ როგორი ბუნება აქვს აი, ამ საღვთო მადლს. ამაზე იყო ბევრი კამათი წმინდა გრიგოლ პალამას სიცოცხლეში. იგი იყო მთავარი მონაწილე ამ კამათების და მის სწავლებაში ისე, როგორც არსად, ჩანს ადამიანის მშვენიერება, თუ რისთვის არის მოწოდებული ადამიანი, როგორ არის ჩაფიქრებული ღვთისაგან. წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ სულიწმიდის მადლი - ეს არ არის რაღაც შექმნილი რამ, როგორც, მაგალითად, ატმოსფერული მოვლენა ან მზის სხივები, ან თოვლი თუ წვიმა და ა.შ. ასე არ არის, არამედ სულიწმიდის მადლი - ეს არის თვითონ ღმერთი, თავად ღმერთის ენერგია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ თავის თავთან გვაზიარებს უფალი, გვაზიარებს თავის ცხოვრებასთან, გვაზიარებს თავის ბუნებასთან.

შეგახსენებთ წმინდა პეტრე მოციქულის საოცარ სიტყვებს. იგი ამბობს, რომ უფალმა იესო ქრისტემ, მისმა ძალამ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ჩვენ საღმრთო ბუნების თანაზიარნი ვიყოთ. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს მოციქული. გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ, რომ მადლი - ეს არის რაღაც შექმნილი, ქმნილება. აქედან კი გამომდინარეობდა, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის არის გადაულახავი უფსკრული. ე.ი უშუალოდ კი არ გვეხება ღმერთი, არამედ რაღაც შუალედური რგოლი არსებობს ჩვენ შორის, მაგრამ გრიგოლ პალამამ თქვა, რომ ასე არ არის. სწორედ ის არის ჩვენი სიხარული, ჩვენი ბედნიერება, ამას ვზეიმობთ, რომ უშუალოდ ღმერთი გვეხება და მისი ცხოვრებისა და მისი ბუნების თანაზიარად გვყოფს.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. აი, ასე გვანუგეშებს ჩვენ წმინდა ეკლესია. ეს არის, შეიძლება ითქვას, ჩვენი მთავარი სიხარული, ეს არის ის, რაც მოიტანა უფალმა იესო ქრისტემ დედამიწაზე თავისი განკაცებით, ეკლესიის დაარსებითა და სულიწმიდის მოქმედებით, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს.

ღმერთმა, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ამის მიღწევა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც იღვაწებს, იმოღვაწევებს სულიერად, როგორც ჩვენი სულიერი წინაპრები, ღირსი წმინდა მამები, რომლებიც ამბობდნენ: რომ მიიღო ეს სული, უნდა გაიღო სისხლი. ეს რას ნიშნავს? ,,გაიღო" ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე, ცხოვრება უნდა დადო ამისთვის, რომ იცხოვრო ქრისტესთვის და უფალმა ინებოს, რომ ჩვენ მოგვცეს ეს სურვილიც, ძალაც და ნაყოფიც სულისა წმინდისა სახიერისა და ცხოველსმყოფელისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”, - განაცხადა მეუფემ.

მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მრევლს მოუწოდა ილოცონ უკრაინისთვის, რათა მშვიდობა დამყარდეს და უკრაინა გადარჩეს.

„დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ასევე არის ხსენება კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამათა.

და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, რომ არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ეს კიეველი ღირსი მამები არიან მთავარი მფარველები უკრაინისა და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსულიც, აწმყოც, მომავალიც, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის.

ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც.

მისმა უწმინდესობამ ყველას მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები, როგორც სამხედრო თუ სამოქალაქო პირების სულის საოხად.

ასე რომ, ვილოცოთ, ძმებო და დებო, ერთად და შევავედროთ უკრაინა კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამებს, რომ მათი ლოცვით მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინა, და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც აი, ამ დიდ მამებს სურთ და როგორც მათ უწყიან, თუ რა არის სასიკეთო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

წაკითხვა 406 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.