საქართველოს საპატრიარქოს არქივის საცავებში მრავალი საინტერესო მასალაა თავმოყრილი, ფასდაუდებელი და უნიკალური დოკუმენტები. მისი უწმინდესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საშუალება მომეცა გავცნობოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის პირად საქმეს, რომელიც რამდენიმე ათეულ სქელტანიან საქაღალდეს მოიცავს. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა.
გასული საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში კიდევ უფრო ძნელი ჟამი დადგა საქართველოს უახლეს ისტორიაში. უწმინდესი ეფრემის სიტყვებით, "ჟამი საშინელი და სანატრელი". პატიმრობისა და გადასახლების 7 წელიწადი ყველაზე ძნელი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ეტაპია უწმინდესის ბიოგრაფიაში. მისი ცხოვრება ამ წლებმა უკვდავების შარავანდედით განაბრწყინა.
საბჭოთა უშიშროებას ეპისკოპოსი ეფრემი არასდროს მიაჩნდა არსებული რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ მღვდელმთავრად, მაგრამ ლავრენტი ბერიას ერთი შანსი მაინც მიუცია მისთვის: შეუთავაზებია, დაეტოვებინა ეკლესია და საქმიანობა სამეცნიერო ხაზით წარემართა. ამ წინადადებას მეუფე ეფრემი, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა. ბერიასთვის უკითხავს: "რამეში ხელს გიშლითო?" "პირადად მე - არაო", - უპასუხია ბერიას. "მაშინ, მომეცით უფლება, ვემსახურო საქართველოს ეკლესიასო". ამ დიალოგის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოქმედდა რეპრესიული მანქანა - ეპისკოპოს ეფრემს მიუჩინეს მეთვალყურე, რომელიც ყოველ მის ნაბიჯს აკონტროლებდა, რაც 1937 წლის 10 დეკემბერს მისი დაპატიმრებით დასრულდა.
მეუფე ეფრემთან დაახლოებული პირის, გ. კ.-ს ცნობით, მისი დაპატიმრება ერთ-ერთი სასულიერო პირის ცრუ ბრალდების საფუძველზე მოხდა. ეს მღვდელი, რომლის ვინაობაც მან შეგნებულად არ დაასახელა, რუსი ებრაელი ყოფილა. "უწმინდესმა ეფრემმა ჩემზე უკეთ იცოდა, რომ ამ მღვდელმა დაასმინა, მაგრამ არასოდეს აუგი არ დასცდენია მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასულიერო პირის შეთითხნილ ბრალდებას სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო, უწმინდესი ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენდა ამ პირისადმი (რომელიც შესაძლოა დღეს ცოცხალიც აღარ არის) და არც იმით დაინტერესებულა, კვლავ რატომ ცდილობდა ახლო ურთიერთობის დამყარებას უწმინდეს ეფრემთან მისი კათოლიკოს-პატრიარქობის წლებში. უწმინდესის ასეთი საქციელი ქრისტიანული დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის იშვიათ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთო", - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
"პატიოსანი მღვდელმსახურები დიდი განსაცდელის წინაშე იდგნენ. რეჟიმი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა, სასულიერო პირთა ურჩობას არაფრით ურიგდებოდა და არც ეგუებოდა. მოკლედ, მათ "საბჭოთა ეკლესია" სჭირდებოდათ, - გვითხრა მოწამეთის მამათა მონასტრის აწ განსვენებულმა არქიმანდრიტმა გიორგიმ (ბასილაძე), რომელმაც კომუნისტური რეჟიმის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადა, - მართლა ძნელი დრო იყო!.. ბევრმა ვერ გაუძლო, ზოგმა - დიდკაცობის ჟინით, ზოგმა - უბრალოდ შიშით, ზოგიც შეგნებულად ჰყიდდა სულს!.. იმ დროს ქუჩაში ანაფორით სიარულიც აღმსარებლობა იყო. ისეთ დღეშიც ვყოფილვარ, აღსარებას არც არავისგან ვიღებდი და არც არავის ვაბარებდი, რადგან ჩეკისტები ნიადაგ აღსარების გათქმას ითხოვდნენ და არა მარტო ჩეკისტები, არამედ სასულიერო პირებიც, რომლებსაც სული უკვე გაეყიდათ. ადამიანს შიში თან სდევს, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვით ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს, მით მეტად გაძლიერებს ღმერთი, მეტად გრძნობ მის სიდიადეს და ყოვლისშემძლეობას", - ამბობდა მრავალჭირნახული ღვთისმსახური, რომელიც უწმინდეს ეფრემს პირადად იცნობდა.
მეუფე ეფრემი 58-11 პრიმა მუხლით - ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და სახელმწიფოს მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. ამ დროს იგი ნინოწმინდელი ეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებითი მმართველი გახლდათ. მეუფე თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში აიყვანეს. "მისგან მსმენია, როცა აპატიმრებდნენ, ხელში კვერთხი ეჭირა და ძირს დაუვარდა... ამბობდა, იმ წუთში გავიფიქრე, ეს კვერთხი იმიტომ წამექცა, რომ აქ ისევ დავბრუნდეო", - გაიხსენა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სტუმრობისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
ფოტო: მეუფე ეფრემი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე და მეუფე ტარასი
დაპატიმრებისას მისი საცხოვრებელი ოთახის ყოველი კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს, ამაოდ დაამტვრიეს ყვავილის ქოთნები - იქაც ვერაფერი იპოვეს ისეთი, მისი ბრალდების საქმეს გამოძიების ინტერესების სასარგებლოდ ახალ დეტალს რომ შესძენდა. მეუფე ეფრემს, რომელსაც ყვავილების გახარება უყვარდა, უთქვამს: "მე და ყვავილები ერთ ბედქვეშა ვართ - ისინი ამოთხარეს და გაანადგურეს, მე კი ციხეში მიკრეს თავიო".
თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ტაძარი იმ პერიოდში კომუნისტებს ციხედ ჰქონდათ გადაკეთებული. რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ მეტეხის ციხეში მიმდინარეობდა მეუფე ეფრემის საქმის გამოძიება. იგი საკანში გრძელი თმით, გაუპარსავი წვერითა და ანაფორით შესულა. "ყველა მიხვდა, რომ საეკლესიო პირი ვიყავი და ჩემკენ მომართეს მზერა. მათი ყურადღება რომ არ მიმეპყრო, ადგილის ძებნა დავიწყე და დასაჯდომი რომ ვერსად ვნახე, იქვე ჩავიმუხლე იატაკზე.
მართალია, ყველა საწოლი დაკავებული იყო, მაგრამ რწმენას მაინც ვერ გადააბიჯეს - ერთ-ერთმა მუსლიმმა პატიმარმა ღირსი დამოკიდებულება გამოხატა ჩემდამი. მითხრა: "გეტყობათ, ღვთისმსახური ბრძანდებით, წესით, თქვენნაირი ადამიანები აქ არ უნდა მოჰყავდეთ. ჩემს ლოგინს თქვენ დაგითმობთ, მოისვენეთ, დაღლილი ბრძანდებით, მე სულაც იატაკზე დავწვები დასაძინებლადო". ეს ამბავი უწმინდეს ეფრემს დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძისთვის მოუყოლია. მისი უწმინდესობა ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა ამ ადამიანს. იგი ყოველ ადამიანში სიკეთეს ეძებდა და პოულობდა კიდეც, რადგან ამის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდაო, - გვითხრა მამა ელგუჯამ. მისივე ცნობით, მეტეხის ციხეში მეუფე ეფრემთან ერთად დაუკავებიათ პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე. გადასახლების შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა ბანაკში იხდიდნენ სასჯელს.
მართლმსაჯულებამ მეუფე ეფრემს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, სასჯელის მოსახდელად იგი ეტაპით უნდა გაეგზავნათ ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობისას უთქვამს: "სადაც უნდა გადამასახლოთ, ჩემი რწმენა ყველგან თან გამყვებაო".
"როცა მეტეხის ციხიდან ეზოში გამოვყავდით, გაგვაფრთხილეს, მარჯვნივ არ გაიხედოთო. მე მაინც გამექცა თვალი იქითკენ და დავინახე გორა დახვრეტილი სასულიერო პირებისა. ცხედრები ერთმანეთზე ეყარა. დიდი, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ბანაკში რომ ჩავედი, შუადღე იყო და პატიმრები სამუშაოდ ჰყავდათ გაყვანილი. შებინდებისას ყველანი ერთად დაბრუნდნენ. პოლიტიკურ პატიმართა შორის ერივნენ ისეთებიც, რომლებიც ქურდობის, ავაზაკობისა და კაცის კვლის ბრალდებით იყვნენ ნასამართლევი. ისინი გარეგნობითაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან - უხეში, მრისხანე გამომეტყველება და კუნთმაგარი, ტატუირებული სხეული ჰქონდათ - წარწერებითა და უხამსი ნახატებით აჭრელებული.
ფოტო: ქუთაისის სობოროს დარბევა. ტაძრის დანგრევის შემდეგ მისი ქვებით ქუთაისის დღევანდელი მერიის შენობა ააგეს
პოლიტიკურ პატიმრებს ეძლეოდათ უფლება თმისა და წვერის მოშვებისა. არც ჩემთვის დაუძალებია ვინმეს თმა-წვერის გაკრეჭა. მე დედა ანგელინას გამოტანებული კაბა მეცვა. პირველ საღამოს ყველა ყურადღებით მაკვირდებოდა. "ჩვენთან ბევრი დაცემულა", - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა. მე რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ, გამემხილა მათთვის, რომ მღვდელმთავარი ვიყავი, ამიტომ ყველას მღვდელი ვეგონე. მოითათბირეს და ბოლოს, როგორც მოძღვარზე, გამონაკლისი დაუშვეს ჩემზე - თუ ხეების მოჭრის სურვილი არ გამიჩნდებოდა, ბანაკში დარჩენა და ტუალეტების გაწმენდა შემეძლო", - მოუყოლია უწმინდეს ეფრემს მამა ანტონისთვის (გულიაშვილი).
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან შრომა-გასწორების მკაცრ ბანაკებში გადაგზავნილ პატიმართა უმრავლესობა თითქმის ერთი და იმავე "დანაშაულებისთვის" იხდიდა სასჯელს. მათ ბრალად ედებოდათ ანტისაბჭოთა ქმედება, ჯაშუშობა, სახელმწიფოსადმი ძირგამომთხრელი საქმიანობა, საზღვარგარეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება და სხვ.
შრომა-გასწორების კოლონიაში მეუფე ეფრემს აუტანელ პირობებში უხდებოდა ყოფნა. ბანაკის ბნელ და გაყინულ საკანშიც იმდენი პატიმარი დახვდა, ძლივს მოუძებნიათ მისთვის დასაძინებელი ადგილი. შიმშილი, სიცივე, წამება, სიკვდილიანობა ყოველდღიურობის თანამდევი იყო.
"განსაკუთრებით ზამთარში იმდენი პატიმარი იღუპებოდა, ვერც კი ვმარხავდით, რადგან გვიჭირდა გაყინული მიწის გათხრა. ცალკე ბანაკი გვქონდა მიცვალებულთათვის და ვიდრე გაზაფხული არ დადგებოდა, ერთმანეთზე ვაწყობდით გაყინულ ცხედრებს, რომელთაც ოთახები ეკავათ, გაზაფხულზე კი, როცა მიწა გალღობას დაიწყებდა, დიდ ორმოებს ვთხრიდით და მიცვალებულებს ერთად ვმარხავდით".
- რომელ საკანშიც მეძინა, ზამთარში ისეთი ყინვა იყო, დილით რომ გავიღვიძებდი, ძლივს ვაგლეჯდი ტანსაცმლიდან ყინულს, რადგან კაბაზე მეწებებოდაო, - უთქვამს ნათელა სიდამონიძისთვის, - მთელი დღე კატორღული შრომა იმდენად დამქანცველი იყო, რომ შიმშილისგან ძალაგამოცლილებს ფეხზე დგომა გვიჭირდა. მოჭრილი ხეები ადგილზევე უნდა დაგვემუშავებინა. ზოგჯერ მათ დიდ ტივებადაც ვკრავდით და ისე ვაგზავნიდით დანიშნულების ადგილას. საქართველოდან გამადიდებელი შუშა გამომყოლოდა, რომელიც ჯიბეში შემთხვევით აღმოვაჩინე. მწეველ პატიმრებს როგორც კი ასანთი გაუთავდებოდათ, მაშინვე მომაკითხავდნენ და მეტყოდნენ: "ოღონდ ეს შუშა გვათხოვე და შენს გასაკეთებელ დღევანდელ საქმესაც ჩვენ გავაკეთებთო". შემდეგ მზეს დაუწყებდნენ ძებნას, რომ სხივი ლინზაში გაეტარებინათ და ასე მოეკიდებინათ ცეცხლი ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთის ფურცელში გახვეული სიგარეტის ნამწვავებისთვის ან, უკეთეს შეთხვევაში, სიგარეტისთვის, რომელსაც რიგრიგობით ეწეოდნენ".
გადასახლების წლებში მეუფე ეფრემმა არაფერი იცოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოჯახის წევრებს აკრძალული ჰქონდათ წერილის მიწერა. ერთხანს დედა ანგელინა აწვდიდა გზავნილებს ნაცნობების მეშვეობით, მაგრამ მალე ესეც შეუძლებელი გახდა. მეუფე ეფრემის ძმას, ვლადიმერს ყოველ პარტიულ კრებაზე საყვედურობდნენ მის გამო, მეუფე ხომ ხალხის მტრად მიაჩნდათ, რადგან ამ ბრალდებით იხდიდა სასჯელს ციმბირის მკაცრი რეჟიმის პირობებში. ამიტომ უწმინდესი გადასახლებამდეც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა ოჯახისგან, მის გამო რამე უსიამოვნება რომ არ შემთხვეოდათ.
"სასწაული იყო მისი ცხოვრება ციმბირში, - გაიხსენა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, - იქ ციხის ზედამხედველი ებრაელი ყოფილა, რომელსაც სრულიად უმიზეზოდ (აბანო ცუდად გაათბეო) მისი კარცერში ჩასმა გადაუწყვეტია. კარცერს გისოსები ჰქონია, მაგრამ შუშა - არა. ზამთარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დილით იქიდან გაყინულ ადამიანს გამოიყვანდნენ. ეს პირდაპირ სიკვდილის მისჯას ნიშნავდა. როცა მომავალი პატრიარქი კარცერში ჩასასმელად მიჰყავდათ, ციხის უფროსი დაინტერესებულა, სად მიდიანო. როდესაც შეიტყო, უწმინდესი თავისთან წაიყვანა. ასე გადაარჩინა სიკვდილს ამ კაცმა ეფრემ II".
ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) უთქვამს: "ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიაში მეთვალყურედ სპეციალურად ებრაელი კაცი დამინიშნეს, რომელიც ქრისტიანებს განსაკუთრებულად ემტერებოდა. მისგან ბევრი ტანჯვა და დამცირება გადავიტანე. პირდაპირ მეტყოდა: "უარყავი ქრისტე, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, თუ არადა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო". როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, წამების მრავალ ხერხს მიმართავდა ჩემს წინააღმდეგ. ერთხელ, ზამთარში შიშველ სხეულზე ყინულის დიდი ლოდები დამადო და ასე ცოცხლად მკლავდა..." როგორც მამა დემეტრესთვის (დავითაშვილი) გახდა ცნობილი, "მოგვიანებით ეს კაცთმოძულე ზედამხედველი სხვა ბანაკში გადაუყვანიათ. განსაზღვრული დროის შემდეგ კი, როცა ეტაპით ახალი ნაკადი შემოჰყავდათ, პატიმართა შორის ისიც ამოუცნიათ. ყველას გახსენებია მისი სისასტიკე და აღარავის მიუკარებია სიახლოვეს, ხოლო როცა მის დამცირებას შეეცადნენ, ისევ მეუფე ეფრემს გაუწოდებია დახმარების ხელი, შეუკედლებია და თავისი საწოლი დაუთმია. სიკეთის ძალას იმხელა ზემოქმედება მოუხდენია მასზე, რომ ქრისტიანად მონათლულა".
ფოტო: ცენტრში: პატრიარქი ეფრემ II და რუსეთის პატრიარქი ალექსი I
მეუფე ეფრემმა გადასახლებასა და საპყრობილეებში 7 წელიწადი გაატარა. რაც დრო გადიოდა, იქ გატარებული ყოველი წუთი უფრო აუტანელი და გაუსაძლისი ხდებოდა. ჯანმრთელობა დღითიდღე უუარესდებოდა, ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ყველაფერი ეღონა, რათა ცოცხალს ჩამოეღწია მონატრებულ სამშობლოში.
"გადასახლებაში ისე დავსნეულდი, აღარ მეგონა, ოდესმე კიდევ თუ ვნახავდი საქართველოს. ვადამდე 3 წლით ადრე სტალინმა გამათავისუფლა. მას საიდუმლოდ მივწერე წერილი, რომ უსამართლოდ ვისჯებოდი. პატიმართა ბანაკიდან კრემლში ასეთი წერილის გაგზავნა ძნელიც იყო და საშიშიც, რადგან უკეთუ ბანაკის უფროსობას ჩაუვარდებოდა ხელში, დაღუპვა არ ამცდებოდა. მიშველა ღმერთმა და ჩემმა წერილმა სტალინამდე მიაღწია", - მოუყოლია ოჯახის წევრებისთვის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. სტალინისთვის გასაგზავნი წერილის კრემლის ფოსტაში ჩაგდება მას ბანაკიდან გათავისუფლებული რუსი პატიმრისთვის უთხოვია. "ვინაიდან ქაღალდის შოვნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, წერილის შავი პირი არყის ხის ქერქზე დავწერე ფანქრით, მერე დიდი წვალებით ქაღალდის ერთი თაბახის ფურცელიც ვიშოვე და უმაღლეს მთავარსარდალს ასეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე: "მოსკოვი, კრემლი, პირადად სტალინს. გთხოვთ, გამოითხოვოთ საქართველოდან ჩემი ბრალდების საქმე, რათა გადაისინჯოს იგი, და თუ მე დამნაშავე აღმოვჩნდები, თქვენგან მოკვეთილი მარჯვენა ხელი არ მეტკინება". სტალინისთვის ასეთი შინაარსის ბარათის გაგზავნა მეტად სარისკო იყო ბანაკიდან გათავისუფლებული პატიმრისთვისაც - თუ წერილს უპოვიდნენ, კვლავ სასჯელი ელოდა, მეუფეს კი დახვრეტა არ ასცდებოდა.
მას შემდეგ, რაც 1944 წლის 21 ივნისს ბრალდების საქმე ხელახალი შესწავლისთვის გამოითხოვეს საქართველოდან, ეპისკოპოსი ეფრემი სასწრაფოდ გაათავისუფლეს დარჩენილი სასჯელისგან.
ამირან-ლაზარე სინაურიძე
ჟურნალი "ისტორიანი",#57