შეზღუდვების მოხსნა გაზაფხულამდე გადაიდო - რატომ აიღო მთავრობამ პაუზა და როგორი იქნება “მესამე ტალღა” საქართველოში

“მთავრობა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით 2-3 კვირიან პაუზას იღებს.

სპეციალისტები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ისეთი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რომელიც მობილობის გაზრდას გულისხმობს, ინტერვალია საჭირო, რათა შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრისთვის ეპიდვითარებაზე დაკვირვება მოხდეს. გარდა ამისა, ეს პაუზა შესაძლოა ეპიდემიის ე.წ. მესამე ტალღასაც უკავშირდებოდეს, რომელსაც სწორედ 2-3 კვირაში ელიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების მოხსნა გაზაფხულამდე გადაიდო - რატომ აიღო მთავრობამ პაუზა და როგორი იქნება “მესამე ტალღა” საქართველოში.

 

“მობილობის ნებისმიერი შემსუბუქების ან შეზღუდვის შედეგები, დაავადების ინკუბაციური პერიოდის გათვალიწინებით, გამოჩნდება 10-20 დღეში. ამიტომ არის საჭირო ინტერვალები”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგი 2 კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნას დარჩენილი სფეროები. ამიტომ, მისი თქმით, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ შემსუბუქების შემდეგი ეტაპი რა იქნება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის პაუზა სწორია, რადგან უკვე გახსნილი შეზღუდვების შედეგების გამოვლენას ზუსტად ეს პერიოდი სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს პაუზა ნამდვილად მართებულია იმდენად, რამდენადაც ამ გახსნების შედეგები ორ კვირაში გვექნება. თუმცა დღეს კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით მეტი იყო, მაღალი არა, მაგრამ მაინც. ამ 2-3 კვირაში არანაირი შეზღუდვის მოხსნა არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ აქამდე საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა მოიხსნა, რასაც ჰქვია სკოლები და უნდა იქნას ნანახი, თუ ეს როგორ შედეგს გამოიღებს, იქნება თუ არა დამატებითი პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორია, რადგან როდესაც დღეს შემთხვევების რაოდენობა მეტნაკლებად დასტაბილურებულია, მოსალოდნელი მატების შეჩერება უკვე შედარებით უფრო ადვილია და ამ ეტაპზე ასეთი ტაქტიკა ჩემთვის სრულიად მისაღებია”, - განაცხადა ენდელაძემ. ამის პარალელურად, მსოფლიო კორონვირუსის მესამე ტალღის მოლოდინშია. თებერვალი-მარტი კი ის პერიოდია, როცა სეზონური გრიპების აფეთქება ხდება ხოლმე. ენდელაძე ამბობს, რომ ამ პირობებში შესაძლებელია ახალი აფეტქება მოხდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ შემთხვევების ისეთი მატება არ იქნება, როგორიც მეორე ტალღის შემთხვევაში იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“შესაძლოა, რა თქმა უნდა, ეს მოხდეს, მით უმეტეს თავისთავად გრიპების სეზონია, გარჩევაც ცოტა რთულია, მით უმეტეს შეზღუდვებიც თანდათან იხსნება და გარკვეულწილად მოსალოდნელია, რომ მატებაც იყოს, რისთვისაც ძალიან სიფრთხილეა საჭირო. ვერ გეტყვით, რომ ისეთივე მატება იქნება, როგორიც ე.წ. მეორე ტალღის შემთხვევაში იყო, თუმცა გააჩნია როგორ მოვიქცევით. გამორიცხული არაფერია”, - თქვა ენდელაძემ. ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით კი, შეზღუდვების შემსუბუქებაზე 2-3 კვირიანი პაუზის გამოცხადება შესაძლოა სწორედ ეპიდემიის ე.წ. მესამე ტალღას უკავშირდებოდეს. “ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მესამე ტალღის მოლოდინმა გამოიწვია. მართალია საქართველოში არა, მაგრამ საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყნებში - აშშ, საფრანგეთი, იტალია - რაოდენობებმა მიმატა, ანუ რაღაც გარკვეული ტალღოვანი მატებაა. ალბათ მაგის გამოა ეს პაუზა, მითუმეტეს, რომ ფრენების გახსნას აპირებენ და ასევე გარკვეული შეზღუდვებიც გაიხსნა”, - ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით, “ამიტომ სასურველია, რომ მაინც მომზადებულები შეხვდნენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“მე, მაგალითად, კომენდანტი საათის შემოღების ბოლომდე არ მესმის. ვფიქრობ, რომ არა ცხრა საათიდან, არამედ 12-დან უნდა იყოს, იმიტომ, რომ, მაგალითად, მაღაზიები ნორმალურად ვერ მუშაობენ. თუ ადამიანი სამსახურიდან გვიან ბრუნდება, მაღაზიაში შესვლას ვერ ასწრებს. კომენდანტის საათს თუ არ გააუქმებენ, გადაწიონ მაინც. რესტორნები გასაგებია რომ თავშეყრის ადგილებია და მაინც სარისკოა, ხოლო რაც შეეხება კომენდანტის საათს, ეს ჩემთვის ცოტა ნაკლებად მისაღებია. სკოლების და ტრანსპორტის გახსნის შემდეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელია მატება - ცხელი წერტილებია და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ თავდაცვა და პრევენცია როგორ მოხდება. ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგულირებაში, არამედ ყველა ჩვენთაგანის შეგნებაში უნდა იყოს. ლოქდაუნის მოშვების შემდეგ რაღაც გარკვეული რაოდენობით მატებაა მსალოდნელი, თუმცა არ მგონია, რომ ეს მასიური და კატასტროფული ტალღა იყოს, როგორიც ადრე იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.