გაიცანით სურია - აფრიკული სიკეთე საქართველოში და მისი შემქმნელი თეონა თაბუკაშვილი

სურია - ასე ჰქვია ყველაზე ჯანსაღ ბრენდს აფრიკის კონტინენტიდან, რომელიც, ქართველმა გოგომ, - თეონა თაბუკაშვილმა შექმნა და ჩვენს ქვეყანაში შემოიტანა. 

სურია ჯანმრთელი პროდუქტების  ქართული ბრენდია,  "სიცოცხლის ხედ’’ წოდებული ბაობაბის ხის ნაწარმი, რომელიც მოიცავს სამკურნალო ზეთებსა და თავის მოვლის საშუალებებს. 

 

თუ როგორ შეიქმნა და გავრცელდა საქართველოში აღნიშნული ბრენდი, ამის შესახებ FirstNews.ge-ს სურიას დამფუძნებელი, - თეონა თაბუკაშვილი ესაუბრა:

 

- უკვე 7 წელია,  დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ - განაში ცხოვრობთ.  გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით აფრიკაში, როგორ  ცხოვრობთ იქ, როგორ მოახდინეთ ადაპტაცია და საკუთარი თავის რეალიზება და მაინც რატომ აფრიკა?  

 

- აფრიკა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ამ კონტინენტზე ვიცხოვრებდი. განაში მოვხვდი შემთხვევით, მოულოდნელად მივიღე სამსახურის შეთავაზება და ერთ დღეში დავთანხმდი ამ გამოწვევას. სანამ ჩემი თვალით ვნახავდი, მეგონა აფრიკაში ქუჩაში ცხოველები დარბოდნენ და საშიში კონტინენტი იყო, თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ამდენი ფერადკანიანი ადამიანი მანამდე ერთად არასდროს მენახა. ბუნებრივია, კულტურული განსხვავებებიც ძალიან დიდია ჩვენს შორის, თუმცა, მაინც სწრაფად მოვახდინე ადაპტაცია. ამაში ძალიან დამეხმარა აფრიკელი ხალხის  საოცრად პოზიტიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ. 

 

- რამდენად განსხვავდება ამ კონტინენტის ცხოვრება დანარჩენი სამყაროსგან და როდის მიხვდით, რომ ამ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება? 

 

- აფრიკელებში  ყველაზე მეტად ამ ადამიანების სილაღემ მომხიბლა. ეს არის ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ერი. საქართველოს მსგავსად, მათაც აქვთ  ტრადიციები, რომელსაც პატივს სცემენ. განაში ცხოვრება სწორედ მაშინ  გადავწყვიტე, როცა გავიცანი ადგილობრივები, - უაღრესად კეთილგანწყობილი ერი. თავის დამკვიდრება რთული ნამდვილად  იყო, მაგრამ, ერთმა შემთხვევითობამ მიბიძგა, რომ ბიზნეს საქმიანობა წამომეწყო და  ჩემი აფრიკაში ცხოვრებით ქართველი თანამემამულეებისთვისაც მომეტანა სარგებელი. სწორედ ამ იდეით შეიქმნა სურია. 

 

270409607 629811305133142 6257500139165180475 n33

 

- როგორ შეიქმნა სურია და ოდესმე თუ წარმოიდგენდით, რომ მსგავსი საქმიანობა თქვენი ცხოვრების მთავარი ხაზი და ბიზნესიც კი გახდებოდა? 

 

- მჯერა და კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება ჩვენს ცხოვრებაში.  ჩემი მომავალი საქმიანობა კი ამ ერთმა ფაქტმა განსაზღვრა: 

 

როდესაც აფრიკაში ჩავედი, ჩემი ორგანიზმისთვის უჩვეულო კლიმატისა და ტემპერატურის გამო, სახის სერიოზული დამწვრობა მივიღე. ისეთი, რომ ღამეები არ მეძინა ტკივილისგან, არ ვიცოდი რა მექნა... უკან დაბრუნებასაც კი ვფიქრობდი, არადა, კონტრაქტი მქონდა და ვერც შევწყვეტდი. ამ რთულ დროს, ჩემი მხსნელი გამოჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც სიცილით  მითხრა, - „მე ვიცი რა უშველის შენს დამწვრობასო!“, წავიდა და მომიტანა ზეთი. იმ ღამეს, რამდენიმე კვირიანი ტანჯვის შემდეგ, პირველად დავიძინე და დილას მართლაც განკურნებული შევხვდი. 

 

აი, მაშინ დავიწყე აფრიკული პროდუქტებით დაინტერესება. აღმოვაჩინე, რომ ეს არის ბუნების საჩუქარი, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტები, მსოფლიოში უკვე სახელგანთქმული შია, ბაობაბი, უნიკალური მცენარეები და მისგან წარმოებული სამკურნალო საცხები თუ მინერალები. გადავწყვიტე ჩემს ქვეყანაშიც მომეხდინა მისი პოპულარიზაცია. ამ იდეის ბიზნესად ქცევის იდეა კი დედას ეკუთვნის. ის ექიმია და საკუთარ თავზე გამოცადა ყველა პროდუქტი. სწორედ  ასე შეიქმნა ბრენდი - სურია, რაც აფრიკულად მზეს, სინათლეს ნიშნავს.

 

- სურიას პროდუქტებზე გვესაუბრეთ, - სად და როგორ მოიპოვებთ ნედლეულს? რა გზას გადის ეს ჯადოსნური პროდუქცია, სანამ საქართველოში ჩამოვა? 

 

- სურიას პროდუქცია  ბიო პროდუქტია, - 100 %-ით ნატურალური. ის მხოლოდ აფრიკაში მოიპოვება; ნედლეულს კი განას სოფლებში ამზადებენ. პირადად მე  ჩავდივარ სოფლებში და ვაგროვებ ჩემთვის საჭირო ინგრედიენტებს.  ადგილობრივებს მცირე საწარმოები აქვთ სოფლებში, ისინი თავად მოიპოვებენ, მოჰყავთ და  საკუთარი ხელით ამზადებენ ყველაფერს. დამზადების შემდეგ მოდის დამუშავებისა და ტესტირების ეტაპი FDA – (Foods and Drugs) და მხოლოდ მათი დასტურის შემდგომ გვეძლება რეალიზაციის შესაძლებლობა. 

 

271392461 633804834733789 6169429999774575549 n444

 

- რომელ პროდუქტებს გამოარჩევდით? მაგალითად, ბაობაბის შესახებ გვიამბეთ, როგორც ვიცით, პანდემიის პერიოდში მასზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, ვინაიდან ბაო-ბაბის ფხვნილი საკვებ პროდუქტადაც გამოიყენება, როგორი შედეგები გაქვთ? 

 

- სიმართლე გითხრათ, მიჭირს გამორჩევა, რადგან, ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

 

 ბაო -ბაბს დავარქმევდი მკურნალს, რადგან ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს და არის ასევე კოლაგენით სავსე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანისთვის. ასევე წმენდს ორგანიზმს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ბაობაბის ფხვნილისადმი მოთხოვნა ბოლო დროს მართლაც გაიზარდა და მომხმარებელს საუკეთესო შედეგები აქვს. უფრო დეტალურად, ჩვენი შედეგების შესახებ, შეგიძლიათ ჩვენს გვერდზეც გაეცნოთ. 

 

- როგორ ხედავთ სურიას განვითარების გზას და  რა არის თქვენი ამოცანა და სამომავლოდ? 

 

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აფრიკული ნატურალური პროდუქტების ყველა სიკეთე ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს გავაცნო. მინდა  იყოს ხელმისაწვდომი ფასიც, რომ ყველამ შეძლოს მისი მოხმარება. ეს არის ადვილი, მარტივი და ჯანსაღი გზა ჯანსაღი ცხოვრებისა და სილამაზისთვის... მეორე ეტაპზე კი, სხვა ქვეყნებში რეალიზაციაზეც დავფიქრდები. 

 

- დაბრუნდებით საქართველოში თუ ჯერ არ გაქვთ ეს გადაწყვეტილი? 

 

- საქართველოში დაბრუნებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია...

 

- როგორც ვიცით, თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ხართ დაკავებული, ვარჯიშობთ და მსოფლიოს ყველაზე მზიან ქვეყანაში მხოლოდ  ნატურალური პროდუქტებით იკვებებით... რა რჩევას მისცემდით საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს და სურიას ერთგულ მომხმარებლებს?

 

- დიახ, ჩემთვის ჯანსაღი კვება დგას პირველ ადგილზე, - როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო,  ვარჯიშისთვის ძალებს მაინც ვიკრებ. სურიას მომხმარებელს და ზოგადად ყველას ვურჩევდი იკვებონ ჯანსაღად: მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული, ივარჯიშონ და რაც მთავარია, ყოველთვის გააკეთონ ნატურალურ პროდუქტებზე არჩევანი, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მას.

 

ასევე, სურიას ყველა მომხმარებელს მინდა გადავუხადო უდიდესი მადლობა ნდობისა და პოზიტივისთვის.

წაკითხვა 561 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.