ელ. კომერციის განვითარების ისტორია

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ონლაინ მაღაზიების მომსახურებით. ელექტრონული კომერციის ბაზარმა მომხმარებელს ძიების პროცესი გაუმარტივა. დღეს სასურველი პროდუქტის პოვნა უკვე სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგიძლია. მეორე მხრივ, მიმწოდებლებს მიეცათ შანსი, საკუთარი პროდუქტი უფრო მეტი ადამიანისთვის გაეხადათ ხელმისაწვდომი და ამით თავისი ბიზნესი განევითარებინათ. 

 

ბოლო წლების განმავლობაში, ელექტრონული კომერციის ბაზარზე არაერთი ქართული კომპანია გამოჩნდა, რომელმაც ამ სივრცეში წარმატებით დაიმკვიდრა თავი. 2022 წელს, საქართველოში ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიონიან ნიშნულს და ინტერნეტმომხმარებელთა 23.8%-ს მიაღწია. არსებული მონაცემებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნება 2023 წელსაც. ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ, შენთვისაც საინტერესო იქნება, თუ ელ. კომერციის ბაზრის განვითარების ისტორიას მიმოვიხილავთ.

 

პირველი ნაბიჯები ელექტრონული კომერციის ბაზარზე

 

ელექტრონული კომერციის ისტორია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად იწყება. 1995 წელს ჯეფ ბეზოსმა დაარსა Amazon-ი, რომელიც თავდაპირველად ონლაინ წიგნების მაღაზია იყო.  მალევე პიერ ომიდიარმა შექმნა საიტი - eBay

 

ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ელექტრონულ კომერციულ ბაზარზე მომსახურებაც თანდათანობით დაიხვეწა. გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, რამაც მომხმარებლის უნდობლობა გაფანტა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ნიშაში ახალი კომპანიები გამოჩნდნენ და კონკურენციაც გაიზარდა. ამან, ცხადია, ხელი შეუწყო ბაზრის განვითარებას. მობილური ტელეფონების ფუნქციების გაფართოებამ და უსაფრთხო ელექტრონული გადახდის სისტემამ კიდევ უფრო დააჩქარა ელ. კომერციის წინსვლა. დღესდღეობით ონლაინ მაღაზიები უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

 

ელ. კომერციის განვითარება საქართველოში

 

იცოდი, რომ დღეს საქართველოში ელექტრონულ კომერციას ყოველი მეოთხე ინტერნეტმომხმარებელი იყენებს? ეს შედეგი ალბათ გასაკვირი აღარ იქნება, თუ გეტყვით, რომ ელ. კომერციის მომხმარებელთა რაოდენობა 570 000-ს აღემატება, ხოლო 2022 წელს გასულ წელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობამ 15%-ით იმატა. ეს ნიშნავს, რომ ელექტრონული კომერცია არ შემოიფარგლა პანდემიის მოკლევადიანი ეფექტით და დღესაც აგრძელებს გაფართოებას. ეს სანდო ონლაინ მაღაზიების დამსახურებაა, რომლებმაც დროთა განმავლობაში ქართველი მომხმარებლების გულის მოგება შეძლეს. 

 

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ელ. კომერციის განვითარებას

 

როგორც გითხარით, ელექტრონული კომერციის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეუწყო ხელი. იმისთვის, რომ გავიაზროთ, როგორ განვითარდა ელ.კომერციის ბაზარი საქართველოში, რა გზა გავიარეთ და რა გველოდება წინ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. 

 

მოთხოვნის ფაქტორები

  • მოსახლეობაში 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის მაღალი წილი განაპირობებს მზარდ მოთხოვნას ელ. კომერციაზე
  • ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად მატულობს ელ.კომერციის მომხმარებელთა რაოდენობაც
  • იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქებში ინტერნეტზე წვდომის მაჩვანებელი უფრო მაღალია, ელ. კომერციაზე მოთხოვნა უფრო მაღალია ქალაქებში, ვიდრე მაღალ მთიან რეგიონებში
  • საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდასთან ერთად იზრდება ელ. კომერციის ბაზარზე მოთხოვნა
  • მობილურ ტელეფონებზე წვდომა გავლენას ახდენს ელ. კომერციის ბაზრის განვითარებაზე
  • საბარათე ინსტრუმენტების გამოყენების მაჩვენებლის ზრდა დადებითად აისახება ელ. კომერციის განვითარებაზე

 

მიწოდების ფაქტორები

 

  • ვებ-გვერდის მქონე კომპანიების წილის ზრდა 
  • კომპანიების ვებ-გვერდები, რომლებსაც ონლაინ შეკვეთის განთავსებისა და გადახდის ფუნქციონალი აქვთ 
  • ადგილობრივი საკურიერო გზავნილების წილის ზრდა ქვეყნის ფარგლებში ელ.კომერციის განვითარებას მიუთითებს
  • 2020 წელს, Covid-19 პანდემიის დაწყებამ მიტანის სერვისების პოპულარობა განაპირობა

 

შეჯამება

 

ბოლო წლების განმავლობაში ციფრულ სამყაროში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა. ელ. კომერციის ბაზარმა სულ ცოტა ხანში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს არის საუკეთესო საშუალება მომხმარებლებისა და მიმწოდებლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პროცესის გამარტივებამ ხელი შეუწყო ბიზნესების ზრდას. კონკურენტულ გარემოში იხვეწება მომსახურების სერვისიც. დღესდღეობით ელ. სივრცეში ნივთის შეძენისას მომხმარებლის უსაფრთხოება მკაცრად არის დაცული, რაც ამ სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

 

ელ. კომერციასთან დაკავშირებით ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო ფეხს უწყობს მსოფლიოში არსებულ ტენდენციას. სამომავლოდ უნდა ველოდოთ, რომ კონკურენციის ზრდასთან ერთად ეს სფერო სულ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო პოპულარული გახდება ქართველ მომხმარებელში.

 

 

R

წაკითხვა 559 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.