" დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს, თითქმის ყველამ ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა " - ომბუდსმენი
საქართველოში 82 უვადო მსჯავრდებულია, აქედან 1 არის ქალი. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან 2012 წლის ამნისტია ყველას შეეხო და დღეს საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა, საპატიმროში აღარავინაა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მათგანმა ამნისტიის შედეგად დაწესებულება დატოვა, გარდა უვადო პატიმრებისა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც იოსელიანი განმარტავს, ის უვადო პატიმრების შესახებ საკითხს 2023 წლის ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს, ვინაიდან იოსელიანის თქმით, სასამართლომ უვადო პატიმრების საქმეების შესწავლა უნდა დაიწყოს.
„ჩემი აზრით, ძალიან ცინიკური ჩანაწერი გაკეთდა კანონში, როდესაც თან თქვეს, უვადო პატიმრებს ამნისტია ეხებაო, მაგრამ ვინაიდან მათ დანიშნული სასჯელი არ ჰქონდათ, კანონი კი დანიშნული სასჯელის რაღაც ნაწილის შემცირებას ითვალისწინებდა, უვადოების შემთხვევაში ვერც ვერაფერი შემცირდებოდა. კანონში ჩაიწერა, რომ ეხებოდათ, მაგრამ ამავე დროს არ ეხებოდათ. 2021 წელს სახელმწიფომ საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა უვადო პატიმრების სასჯელის შემცირებისა და მათი განთავისუფლებისთვის მომზადების შესახებ, რომელიც 2-წლიან პროგრამას გულისხმობს. თუ აღნიშნულ პროგრამას უვადო პატიმრობაში მყოფი პირი გაივლიდა, მას საშუალება ჰქონდა სასამართლოსთვის მიემართა [ეს პროგრამა დღესაც არსებობს] და მისთვის სასჯელი შეემცირებინათ, ან თუ 20 წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი, სასჯელისგან გაეთავისუფლებინა. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა უვადო სასჯელის გადახედვას ახალ გამოვლენილი გარემოებების გარდა არ ითვალისწინებს, სხვა მექანიზმი იმისა, რომ უვადო მსჯავრდებულს რამე შეეხოს, არ არსებობს. 50-მა, ან ცოტა მეტმა მსჯავრდებულმა გაიარა ეს პროგრამა. 2 თვის წინანდელი მონაცემებით, 19-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, ყველა მათგანს უარი მოუვიდა სასჯელის როგორც შემცირებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ანუ გამოვიდა, რომ პატიმრებმა, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს, 2 წელი პატარა ბავშვებივით იარეს სკოლაში. ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამაა, ამეცადინებდნენ ლიტერატურიდან დაწყებული, სხვა მნიშვნელოვანი საგნებით, ამ ადამიანებს ტოტალურად ეთქვათ უარი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ვალდებულება, რაც მათ წინაშე აიღო, პრაქტიკულად არ შეასრულა და ეს პროცესი ჩიხში შევიდა. ამას 2023 წლის ჩემს ანგარიშში მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ, რათა განსაკუთრებით, სასამართლომ გადახედოს ამ საკითხებს და რეალურად მათი საქმეების შესწავლა დაიწყოს - ვისაც სასჯელი შესამცირებელი აქვს, შეუმციროს და ვინც გასათავისუფლებელია, გაათავისუფლოს“, - აცხადებს იოსელიანი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში