უნდა ვისაუბროთ თუ არა მღვდელმსახურების სექსუალურ ორიენტაციაზე: 5 მოსაზრება

მეუფე პეტრეს ხმაურიანი ბრალდებების შემდეგ - რომელმაც ილია მეორეს „პიდარასტიით, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი“ უწოდა - საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილი ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე საუბრობს.

 

ზოგის აზრით, მნიშვნელოვანია, დასახელდნენ კონკრეტული ჰომოსექსუალი მღვდლები, რაც სისტემის „ფარისევლობასაც“ გამოააშაკარავებს. კონკრეტული ჰომოსექსუალი მღვდლების ვინაობის ცოდნას ითხოვს მრევლის ნაწილი, ვისთვისაც ეკლესიაში ჰომოსექსუალური ქცევა მიუღებელია.

 

 

უნდა ვისაუბროთ თუ არა მღვდელმსახურების სექსუალურ ორიენტაციაზე? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ 5 ექსპერტს მიმართა.

 

 

დავით კახაბერი

 

ლგბტ ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის დირექტორი

 

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა გამოაშკარავდეს ჰომოსექსუალი მღვდლების „ფარისევლობა“, მაგრამ ჩვენთვის, როგორც უფლებადამცველი ლგბტ ორგანიზაციისთვის, უფრო მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ადამიანის პრივატულობა და მათი უფლება, რომ დამალონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შეიძლება წლების განმავლობაში მსახურობენ იმ ინსტიტუციაში, რომელიც ძალადობას ახალისებს ლგბტ ადამიანების მიმართ.

 

 

რა თქმა უნდა, მსჯელობის უფლება ყველას აქვს და ეს გარდაუვალიცაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოაშკარავდნენ კონკრეტული მღვდლები და მათ სექსუალურ იდენტობაზე არ უნდა ვისაუბროთ მათივე ნების გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე, რაც კრიმინალია და სისხლის სამართლით ისჯება.

 

 

უნდა ვისაუბროთ სისტემაზე კონკრეტული ადამიანების დასახელების გარეშე, უნდა ვისაუბროთ ინსტიტუციაზე, როგორც ბოროტებაზე და არა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება არც არაფერს აშავებენ და არიან უბრალოდ რიგითი მღვდელმსახურები.

 

 

 

მირიან გამრეკელაშვილი

 

თეოლოგიის დოქტორი

 

საეკლესიო თვალსაზრისით - რომლის მიმართ მე კრიტიკული ვარ - ეკლესიაში ჰომოსექსუალური ქცევა ითვლება არანორმატიულად და იგი ექვემდებარება მკაცრ საეკლესიო სასჯელს. როგორც ჩემი კოლეგა, ბექა მინდიაშვილი უწოდებს, ეს არის საეკლესიო კანონიკური ჰომოფობია.

 

 

მე წინააღმდეგი ვარ კონკრეტულ ადამიანებზე ამგვარი ბრალდებების გახმაურებისა და მათი რეპროდუქციისა. მომხრე ვარ, რომ პრესამ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ანონიმურობა, რაც, ალბათ, საბოლოოდ, არ გამოუვა - სინოდის წევრები და სამღვდელოება ერთმანეთს ღიად უპირისპირდება და ერთმანეთს ასახელებს და ეს რაღაცნაირად უმართავი პროცესია.

 

 

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ნებაყოფლობაზე დაფუძნებული სექსი მასთან, ვისთანაც სურს. მორალისტური გზით ეკლესიის გაჯანსაღება არის დიდი შეცდომა.

 

 

ამასთან, ვისზეც მიდის საუბარი ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით, იქ პედოფილიაც თანმდევი პროცესია. ეს ორი ერთმანეთს არ უკავშირდება, მაგრამ ეკლესიის შინგით არსებული ჰომოსექსუალობა თვისობრივად განსხვავდება გარე სამყაროში არსებული ჰომოსექსუალობისგან. საეკლესიო ჰომოსექსუალობა პირდაპირაა დაკავშირებული ძალაუფლებრივ სტრუქტურასთან და სექსის ძალაუფლებრივ აღქმასთან. მღვდელი შეიძლება არ იყოს პირდაპირი სახით მოძალადე, მაგრამ თუ ის ბოროტად იყენებს საკუთარ სოციალურ პოზიციას, მაშინ ეს დანაშაულია.

 

 

მე მეუფე პეტრეს საქციელს არ ვუწონებ ბოლომდე. პეტრემ როცა სცადა პიდერასტიის ახსნა, მან გამოიყენა ტერმინი, რომელსაც ქართულად ჰქვია წულთმხრწნელობა. შეიძლება ადამიანი არის უკვე 18 წლის, მაგრამ 40 წლის მღვდლისაგან მისი დათანხმება სექსუალურ კავშირზე დანაშაულია. ეს არ არის სრულიად ნებაყოფლობით ურთიერთობა, როცა ორი ზრდასრული ადამიანი იღებს თავისუფალ გადაწყვეტილებას.

 

 

ეკლესიას აქვს ძალიან დიდი პრობლემა, როგორც სისტემას, მაგრამ მეუფე პეტრემ ეს ყველაფერი დაიყვანა მხოლოდ იმაზე, რომ თითქოსდა პატრიარქის სექსუალური გემოვნება არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს დიდი აბსურდია. პატრიარქს შეუძლია იყოს ის, ვინც მას სურს, რომ იყოს.

 

 

სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესია მთლიანად არის პერსონიფიცირებული რელიგიური ინსტიტუტი. ილია მეორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცოდება ისაა, რომ მან ეკლესია თავისი თვითნაბადი, პირველქრისტიანული, დემოკრატიული საწყისებისგან გამოშიგნა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირადი კულტით აღავსო.

 

 

სანამ მეუფე პეტრე ამ ჰომოფობიურ ფრაზას წამოიძახებდა, მანამდე ის ძალიან სუსტ, მაგრამ სისტემურ კრიტიკას ავითარებდა. ის ამბობდა, რომ მოშლილია შიგნით ეს მექანიზმი, რომ მმართველობა არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა იყოს. მერე პიროვნებებსაც ეხებოდა, რომ ისინი გადამეტებული ძალაუფლებით სარგებლობენ, მაგრამ ამას არავინ ყურადღება არ მიაქცია, რეზონანსი არ მოჰყვა.

 

 

სისტემა შეგვიძლია ვაკრიტიკოთ და ვთქვათ, რომ ეკლესიაში არის ძალიან დიდი პრობლემა პედოფილიის, მაგრამ კონკრეტული შემთხვევები უნდა გახდეს გამოძიების საქმე. ასევე, მაგალითად, ინტერვიუს დროს, [გიორგი] სხილაძე იქნება თუ სხვა, უნდა დაარიგონ, რომ არაა საჭირო ადგილების დასახელება და ა.შ.

 

 

 

თამთა მიქელაძე

 

EMC-ის თანადამფუძნებელი

 

სასულიერო პირების მიმართ ბრალდებები უნდა დახარისხდეს:

 

  • ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს სექსუალური კავშირის იძულების, ძალადობრივი სექსუალური კავშირის შესახებ ბრალდებები - რაც, ბუნებრივია, გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

 

  • ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, უბრალოდ მითითება მღვდელმსახურების ჰომოსექსუალობაზე.

 

მედიამ და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა არ უნდა გაამჟღავნონ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.

 

 

იმ ფონზე, როცა საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართული ლგბტ ადამიანების დევნაში და მათი რიტორიკა ძირითადად ჰომოფობიურია, ბუნებრივია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ეკლესიის შიგნით ჰომოსექსუალური პრაქტიკების შესახებ არსებობს და უნდა არსებობდეს კიდეც.

 

 

მესმის, რომ მრევლისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რა ხდება ეკლესიაში - როცა კონკრეტული რწმენის მქონე ადამიანებისთვის ჰომოსექსუალობა ცოდვაა და ამ ცოდვაში კონკრეტული სასულიერო პირები მონაწილეობენ. თუმცა სხვა ადამიანების მხრიდან, მღვდელმსახურების დასახელება, მათი პირადი ცხოვრების გამჟღავნება და მათი იძულებითი აუთინგი, ჩემთვის მიუღებელია.

 

 

ცალკე შეიძლება გამოვყოთ მაღალი სასულიერო იერარქები, რომლებზეც საჯარო ინტერესი მაღალია. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ პრობლემურია კონკრეტული ადამიანების მხოლოდ ჰომოსექსუალობაზე საუბარი, როცა დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

 

 

ასევე, დგება თვითონ ჰომოსექსუალობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრობლემა - როცა ვხედავთ, რომ კლერიკალურ გარჩევებში ჰომოსექსუალობის თემა გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. როცა ჰომოსექსუალობას იყენებენ ადამიანის დისკრედიტაციისთვის.

 

 

 

მარინა ჩიტაშვილი

 

ფსიქოლოგი

 

მედიამ უნდა გააშუქოს ის, რაც ხდება საზოგადოებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ის მღვდელი იქნება თუ პოლიტიკოსი. ის არის სუბიექტი, საზოგადოების წევრი და მასთან დაკავშირებით თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია, ცხადია, უნდა გაშუქდეს.

 

 

ვინც ადამიანს ბრალს სდებს ჰომოსექსუალობაში, იმ ადამიანს უნდა მოეთხოვოს პასუხი. ასეთ შემთხვევაში ან ის ამბობს სიმართლეს, ან ის ცილს სწამებს ვიღაცას.

 

 

ქამინგაუთი სულაც არ არის, როდესაც მე მეორეზე ვამბობ, რომ ის ეკუთვნის სექსუალურ უმცირესობას. ქამინგაუთია, როდესაც ადამიანი საჯაროდ აცხადებს თავის სექსუალურ ორიენტაციას. ის, რასაც ამბობენ, რომ არის ძალით დაქამინგაუთება, საერთოდ ცნებითი აღრევაა. მეორე თუ ამბობს ჩემზე რაღაცას, ეს არის ან ცილისწამება, ან შეგნებული ტყუილი, ან მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩემზე ამბობენ ამას, მე უნდა მივმართო სასამართლოს.

 

 

მაშინ, როდესაც არსებობს ბრალდება, მას ყოველთვის ჰყავს თავისი სუბიექტი. ეს შეიძლება იყოს როგორც საეკლესიო, ისევე საერო პირი. ვის მიმართაც არის ეს ბრალდება გაკეთებული, მეორე სუბიექტი არის პასუხისმგებელი, გასცეს ამაზე პასუხი. ამას ქამინგაუთთან არაფერი საერთო არ აქვს.

 

 

 

გიორგი მგელაძე

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი

 

ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას, უნდა აინტერესებდეთ ჟურნალისტებსაც. მეორე საკითხია, როგორ უნდა გააშუქონ.

 

მღვდელმსახურის სექსუალური ორიენტაცია პრობლემა არის თუ არა, ამაზე ეკლესიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია.

 

რაიმე ზოგადი ფორმულა, რომ როგორ შეიძლება მოიქცეს მედია, არ არსებობს. მთავარი ამოსავალი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესი. ამ შემთხვევაში, მგონი, არის საზოგადოების ინტერესი - ჩვენ გვახსოვს 17 მაისი, ჩვენ გვახსოვს „ტაბურეტკებით“ მორბენალი სასულიერო პირები და მათი მრევლი - ამიტომ, ვფიქრობ, მედია უნდა დაინტერესდეს ამ თემით და გააშუქოს. მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს პირადი ცხოვრება და პირადი არჩევანი სააშკარაოზე გამოსატანი იყოს.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 536 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.