კორონავირუსის გამო საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდება

“ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი წილი, უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უჭირავს, რომელსაც ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან რიცხავენ. კორონავირუსის გამო კი, მას შემცირება ემუქრება. გადმორიცხვებით იტალია მეორე ადგილზეა, ამ ქვეყნაში კი ახალი ვირუსი ევროპაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. 2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 125,6 მილიონი (362,2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8,6 პროცენტით მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა - 26,17 მლნ დოლარი. 21,06 მილიონი გადმოირიცხა იტალიიდან, საბერძნეთიდან კი - 14,87 მილიონი დოლარი. ჯამში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 52,45 მილიონი გადმოირიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილები შემცირდება / იტალიაში მყოფი ემიგრანტები ამბობენ, რომ მალე საკუთარი თავის რჩენაც კი გაუჭირდებათ.

 

 

“ჯერჯერობით, რუსეთში კორონავირუსის მასშტაბები დიდი არ არის და დადასტურებულად მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, შესაბამისად, იქ ნაკლებია პანიკაც და საფრთხეც. თუმცა მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში, აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ირანის მსგავსად მონაცემებს აყალბებს რუსეთიც. რაც შეეხება გადმორიცხვის ოდენობით მეორე ქვეყნას იტალიას, იქ ეპიდემიამ ნამდვილად იფეთქა და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2263-ს მიაღწია. მარტო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა და ამჟამად 79 კაცს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 11 კაცით გაიზარდა და 160 გახდა. გარდაცვლილები 55-დან 101 წლამდე ასაკის, ძირითადად, 70-80 წლის ხანდაზმულები არიან. შემთხვევები, ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაშია და შესაბამისად, როგორც ქვეყნის ამ ნაწილში, ასევე მთლიანად სახელმწიფოში, შესუსტებულია ეკონომიკური აქტივობაც... ნინა გელაშვილი, რომელიც წლებია იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს, ამბობს, რომ ჯერჯერობით მის ქალაქში არ შეინიშნება კორონავირუსის მასობრივი გავრცელება, თუმცა უკვე იგრძნობა პანიკა და ვარაუდობს, რომ შემდეგ თვეებში იქ დასაქმებულთა შემოსავალიც შემცირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“რეალურად აქ მომუშავეთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მუშაობს და არა მგონია მათ სამსახურზე და შემოსავალზე დიდად აისახოს. რაც შემეხება მე, აქ ლეგალურად ვარ და რესტორანში ვმუშაობ, ამიტომ ჩემზე უკვე მოახდინა გავლენა ეპიდემიამ. რესტორანი თითქმის ცარიელია. იმის გარდა, რომ ტურისტები აქ ჩამოსვლას ერიდებიან, ადგილობრივებიც აღარ გადიან დიდად გარეთ. ყველა სახლში დარჩენას ამჯობინებს, შესაბამისად, შემოსავალი შეუმცირდა რესტორანს და მეც. იმედია, მალე გაივლის ეს რთული პერიოდი და როცა დაცხება, მართლა შეწყდება ვირუსის გავრცელება, თორემ თანხის გამოგზავნა კი არა, თავი როგორ ვირჩინოთ უკვე ეს საკითხი დგას დღის წესრიგში“, - უთხრა ემიგრანტმა “რეზონანსს”. იქ, სადაც ვითარება ყველაზე რთულია კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი თამრიკო ცხვედიანი ცხოვრობს. მილანი დღეს, ფაქტობრივად, პარალიზებული ქალაქია და იქედან ფულადი გადმორიცხვები ძალიან გართულდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

“მილანი, სადაც უამრავი ტურისტი ირევა და ცხოვრება ძალიან აქტიურია, დღეს პარალიზებული ქალაქია. მართალია, ოჯახში მომუშავეებს სამსახურის დაკარგვა ალბათ არ გვემუქრება, მაგრამ ღმერთმა არ ქნას ასეთი ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ხელფასი აუცილებლად შეგვიმცირდება. ის ხალხს, ვინც დამლაგებლად მუშაობს პერიოდულად, ან კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ამ ეტაპზე საქმე აღარ აქვთ. აქ ურთულესი ვითარებაა და შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აქედან ოჯახებს არჩენენ საქართველოში, ახლა საკუთარი თავის გატანაზე არიან ორიენტირებულნი”, - თქვა თამრიკო ცხვედიანმა. ევროპის უდიდეს ნაწილში, კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია. თვითონ ვირუსზე მეტად კი ეკონომიკას პანიკა აზიანებს, რომელიც იმდენად დიდია, რომ იმ ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, სადაც დაავადების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შედეგზე მეტად ეკონომიკა, პანიკამ დააზარალა. ერთი მხარეა, რომ ემიგრანტებს სამუშაო შეუმცირდებათ და გარდა ამისა, იმ თანხის გადმორიცხვაც გაძნელდება, რომელსაც ადგილზე გამოიმუშავებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

 

“ფულად გზავნილებზე, რა თქმა უნდა, აისახება იმიტომ, რომ ქართველი ემიგრანტთა უმეტესი ნაწილი წასულია იტალიაში. თითოეული ემიგრანტი თითო ოჯახს არჩენს. ეპიდემია მთელ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით გავრცელებული, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა დიდი საზოგადოებრივი ღონისძიება გადაიდო და ეს ადასტურებს, რომ პანიკაა. შემოღებულია კარანტინის ზომები, გადაადგილება გართულებულია, ემიგრანტებს ანგარიშსწორებაც გაურთულდებათ. არა მგონია, რომ უმეტესობას იქ ინტერნეტ ბანკი ჰქონდეს. სამწუხაროა, მაგრამ ემიგრანტთა უმეტესობა არალეგალია და შესაბამისად, ასეთ რესურსებზე წვდომა არ აქვს. მათი შემოსავლის შემცირების გარდა, პრობლემა იქნება იმის გადმორიცხვაც, რასაც გამოიმუშავებენ. გადმორიცხვებთან ერთად შემცირდება ტურიზმი იტალიის მიმართულებით და პირიქით... ვფიქრობ,გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უკან დაიხევს ეს ვირუსი. თუმცა პანიკა კიდევ ორ კვირას მაინც გასტანს. ეს ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

წაკითხვა 585 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.