როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID-19 პანდემიად, ანუ გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჯერ მხოლოდ 3 თვეა ცირკულირებს, მსოფლიო წესრიგსა და დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების წესს უკვე საგრძნობლად ცვლის. უცხოური მედია ამ ინფექციას ორი ყველაზე დიდი კრიზისის - 2001 წლის 11 სექტემბრისა და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის გვერდით იხსენიებს.
როგორ და რამდენად ხანგრძლივ ცვლილებებს მოიტანს COVID-19, ეს ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და მის შემდგომ სიმწვავეზეა დამოკიდებული, თუმცა, იტალია, რომელიც ჩინეთის, ანუ კორონავირუსის "სათავის" შემდეგ, ვირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა, გარკვეულწილად იმის ნიმუშად წარმოგვიდგება, თუ რას შეიძლება ველოდოთ სხვა ქვეყნებშიც, ყველაზე უარეს შემთხვევაში.
სულ რამდენიმე დღის წინ, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის გავრცელების ტემპი და არეალი ქვეყანაში ფაქტობრივად, უკონტროლო გახდა.
"Bel paese", როგორც იტალიელები თავიანთ სამშობლოს უწოდებენ, ანუ "ლამაზი ქვეყანა", კვლავ ლამაზი, თუმცა, ცარიელი დარჩა - მანამდე მოქალაქეებითა და ტურისტებით გადავსებული ღირსშესანიშნაობები ფოტოგრაფების ობიექტივში შთამბეჭდავად, თუმცა, უკვე უკაცრიელ მდგომარეობაში აღიბეჭდა...
ქვეყანაში დაწესდა შეზღუდვები მოგზაურობასთან დაკავშირებით, 3 აპრილამდე იტალიაში არ იქნება არანაირი ხალხმრავალი ღონისძიება - ქორწილი, დაკრძალვა, კონცერტი, სპორტული ღონისძიება თუ წირვა; მთელი აპენინის ნახევარკუნძულის მასშტაბით, ხელისუფლებამ კინოთეატრების, თეატრების, საკონცერტო დარბაზების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების დახურვის ბრძანება გასცა;
იტალიაში მყოფი თითოეული პირი, ვისაც 37.5 გრადუსზე მეტი სიცხე უფიქსირდება, კარანტინში თავსდება; სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ყველაზე ცოტა, მარტის შუა რიცხვებამდე გადაიდო და სავარაუდოდ, კიდევ გადაიდება; 3 აპრილამდე რომში ყველა ეკლესია დაიხურა.
თუ კორონავირუსი სხვა ქვეყნებსაც იტალიის მსგავსი სიმძლავრით შეუტევს, შესაძლოა, ბევრ ქვეყანაში ვიხილოთ ასეთივე სიტუაცია. რას შეცვლის კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში? - კონტურები უკვე იკვეთება და ამ სტატიაში ჩვენ რამდენიმე მათგანს შევეხებით:
- დისტანციური მეთოდების დანერგვა
დღე არ გავა, მედიაში არ გავრცელდეს ინფორმაცია დისტანციური სწავლების დაწყების შესახებ, კომპანიების დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის, მასშტაბური კონფერენციები კი უკვე ვიდეოხიდებით იმართება.
COVID-19-ის აფეთქებასთან ერთად, ისეთი მძლავრი კომპანიები, როგორიც "ტვიტერი" და "ფეისბუქია", თანამშრომლებს არათუ ნებას რთავენ სახლიდან იმუშაონ, არამედ ამას მოითხოვენ კიდეც. ეს ორი მიზნით კეთდება: ერთი - ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა, მეორე კი - მომზადება უარესისთვის, ანუ იმ შემთხვევისთვის, თუ კარანტინში ოფისებიც მოექცევა.
ექსპერტების მოსაზრებით, კორონავირუსის პირობებში ბევრი ბიზნესლიდერი მივა იმ დასკვნამდე, რომ ცენტრალურ ოფისებში, პირადი შეხვედრები არც ისე აუცილებელია, როგორც აქამდე ჩანდა.
- ბიზნესი ჩინეთთან ურთიერთობებს გადააფასებს
ტურისტული ინდუსტრიის შემდეგ, კომპანიები, რომლებიც ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, დიდწილად ჩინეთზე არიან დამოკიდებულნი. ისინი ბიზნეს პარტნიორობის ქსელებსა და ე.წ. მიწოდების ჯაჭვში სწორედ ჩინურ კომპანიებთან ერთად არიან ჩართულნი.
"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა ბიძგი მისცა ჩინეთზე, როგორც წარმოების ათვლის წერტილზე, მსოფლიოს დამოკიდებულების გადაფასებას. თუ სურათი უფრო დამძიმდება, მოსალოდნელია, რომ კომპანიები ეცდებიან, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ჩინეთისგან "ბიზნეს დისტანცირება" მოახდინონ, შესაბამისად, უფრო დამოუკიდებლებიც გახდნენ.
- პოლიტიკური ამინდის ცვლილება
უცხოურ მედიაში აღინიშნება, რომ მსოფლიო გამოწვევაზე გლობალურად გაერთიანებული პასუხია საჭირო, თუმცა შესაძლოა, სხვადასხვა სახელმწიფომ მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებულ ქმედებებში ჩაბმა არ ისურვოს.
კორონავირუსის ფონზე უკიდურესად მემარჯვენე ლიდერებმა, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, უკვე დაიწყეს საუბარი საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე. მოგზაურობების შემცირების, სკოლების დაკეტვის, ბიზნეს პარტნიორობის მოშლის შედეგად, სავარაუდოა, კრიზისმა გლობალიზაცია შეაფერხოს და ე.წ. დეგლობალიზაცია გამოიწვიოს.
- პანიკა და დეფიციტი
ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში სრულიად თავისუფლად და ვირუსულად ვრცელდება. არცთუ ისე იშვიათად ვხედავთ იმასაც, თუ როგორი ძალა აქვს უბრალო "ფეიკ ნიუსს", ყალბ ამბავს. ეს თავის მხრივ, პანიკას უწყობს ხელს, პანიკა კი ადამიანებს მარაგების შევსებისკენ უბიძგებს.
პირბადეებისა და სამედიცინო ინვენტარის გადაჭარბებული დოზებით შეძენამ არა მარტო საქართველოში, არამედ, ბევრ ქვეყანაში უკვე გამოიწვია სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი. მსოფლიოს უდიდესი ქალაქების სასურსათო მაღაზიებსა სუპერმარკეტებში დახლები დაცარიელდა. ეს დეფიციტი, მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან ერთად, სავარაუდოდ, ყველაზე მოწყვლად ადგილებამდე სასიცოცხლო მარაგებისა და დამცავი საშუალებების მიწოდებას შეუშლის ხელს.
- მეცნიერების სწრაფი განვითარება
მთავრობების უმეტესობას ახალ კორონავირუსზე სწრაფი საპასუხო რეაქციის გამოვლენა გაუჭირდათ, მაშინ როდესაც მეცნიერები მაქსიმალურად ცდილობენ, ვირუსის აღმოჩენისა და შესაძლო დამარცხების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები განავითარონ.
ჩინეთში, ქალაქი უხანი უკვე ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებას ცდილობს - იქ, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, მოქალაქეები სამსახურებს უბრუნდებიან. ამასობაში ჩინეთისგან დანარჩენი მსოფლიოსადმი დახმარებას უნდა ველოდოთ, მათ შორის, უკვე ცნობილია, რომ საქართველო ჩინეთისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენ, 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს. ამასთან, ჩინეთმა იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად მედიცინის ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.
მსოფლიოს მეცნიერები უფრო და უფრო სწრაფად მოქმედ დიაგნოსტიკურ ტესტებს ნერგავენ. რაც შეეხება ვაქცინას, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფები შესაძლო ვაქცინის ტესტირებისთვის უკვე პირველ მოხალისეებს არჩევენ.
მაგალითად, აშშ-ში, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი