რეალურად, მოუტანა თუ არა სარგებელი გარემოს კორონავირუსმა - "დღევანდელი სიტუაცია, კიდევ უფრო მძიმე შედეგს გამოიღებს"
კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა - პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, სასწავლო და სამუშაო წესრიგი, სოციალური ქცევა... ცვლილებები აისახება ეკოლოგიაზეც: იქ, სადაც ინფექცია გავრცელდა, საყოველთაო კარანტინია, ქარხნების მუშაობა შეჩერდა, საჰაერო და სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდა, რამაც შეამცირა მავნე ნივთიერებების გამოყოფა და გარემოს დაბინძურება.
თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, გარემოზე უფრო დიდი მასშტაბის მავნე ზემოქმედებაა მოსალოდნელი...
გარემოს დაცვითი ეკონომისტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების მენეჯერი ვახტანგ ქოჩორაძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გარემოსთვის მოკლევადიანი დადებითი ფაქტორები, სამომავლოდ შეიძლება, მთლად კარგიც არ იყოს.
- გააჩნია, გარემოს როგორ შევხედავთ, ზოგადად, ფილოსოფიურ ჭრილში. პირველ რიგში, მთავარია, ვიცოდეთ, რომ გარემო, ასე ვთქვათ, ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივია. კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი პროცესი, უამრავი სამუშაო დროებით შეჩერებულია, რაც თავისთავად იწვევს ყველანაირი ეკონომიკური აქტივობის კლებას - ეს კი რა თქმა უნდა, აისახება გარემოზე ზემოქმედებაშიც.
ყველაზე მარტივი მაგალითი, რაც შეიძლება ავიღოთ, CO2-ის კლებაა. ისეთი აქტიურობით აღარ მუშაობს ქარხნები, შემცირებულია ტრანსპორტი და შესაბამისად, CO2-ის დონე დაწეულია, ჰაერის დაბინძურება ნაკლებია.
ყოველ ცუდს თავისი კარგი მხარე აქვს, მაგრამ, ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევხედოთ, საბოლოო ჯამში აქ მხოლოდ გარემოზე აღარაა საუბარი. ფაქტობრივად, ეკონომიკური კოლაფსი ხდება, რაც, დარწმუნებული ვარ, არავისთვის იქნება მისაღები.
სუსტი ეკონომიკა, როგორც წესი, შემდეგ უკვე გარემოზე ძალიან დიდი ზემოქმედებით აისახება, რადგან პირველი, რასაც ადამიანი ეხება, ეს ბუნებაა და ის ბუნებრივი რესურსები, რაც გვაქვს. ამიტომ, ვთვლი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დღევანდელი სიტუაცია პირიქით, კიდევ უფრო მძიმე შედეგს გამოიღებს.
- რას გულისხმობთ გრძელვადიან პერსპექტივაში? შეგვიძლია თუ არა იმის განსაზღვრა, რა პერიოდის შემდეგ გახდება არსებული, ერთი შეხედვით, გარემოსთვის დადებითი ვითარება მისთვისაც წამგებიანი?
- ეს ძალიან კომპლექსური თემაა და გააჩნია, რა ჭრილში ვუყურებთ. შეგვიძლია, ვთქვათ, სიტყვაზე, რომ კარგია, რომ ჰაერი არ ბინძურდება, მაგრამ რის ფასად? მაგალითად ავიღოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა - აქ დაბალი ეკონომიკური აქტივობა ლარის კურსზეც აისახა და შეიძლება, ეს ყველას ჯიბეზე დაეტყოს, თუ უკვე ასე არ არის. სასტუმროები და კურორტები იკეტება, თითქმის მთელი ინვესტიცია ტურიზმში გვქონდა ჩადებული, რაც ფაქტობრივად, ჩავარდა.
ეს არის ფასი, რასაც ვიხდით და საკითხავია, ღირს თუ არა? მასშტაბურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, თუ წარსულის სხვადასხვა მაგალითს და შემთხვევას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიური წინსვლა სხვადასხვა რესურსის მოხმარების შემცირებას იწვევს. ამიტომ, განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის და მათ შორის, ბუნების გადარჩენისთვის.
- ირიბად ახსენეთ, თუმცა უფრო რომ დავაკონკრეტოთ, არსებობს საფრთხე, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ გარემოზე მავნე ზემოქმედება მსოფლიოში უფრო გაიზარდოს, ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად?
- გააჩნია, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, რა რესურსი აქვს მას და თავისი ეკონომიკის გასაძლიერებლად რა სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ შეიძლება, ამან გარემოზე ძალიან დიდი ზეწოლა გამოიწვიოს, არასწორი იქნება.
ალბათ, ამ საკითხში თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და არა - ზოგად ჭრილში. მაგრამ, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, განვითარებად ქვეყნებში უფრო წარმოვიდგენდი, რომ რაღაც პატარა ეკონომიკური ბუმის, "ამოქაჩვის" მისაღწევად, შესაძლოა, უცებ სხვადასხვა რესურსზე ძალიან ინტენსიური ზეწოლა მოხდეს. თუმცა, რასაკვირველია, ესეც რეგულირდება და არსებობს სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელზეც ყველაფერი უნდა მორგებული იყოს.
მთავარი ფოტო: პეკინი, EPA
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი